sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XXI-XXII ნაწილი)
27 სექტემბერი, ოთხშაბათი
12:54
ზურა: ჩემო პატარავ, დილით ისე წამოვედი, რომ არ გაგაღვიძე, რატომ ხარ სულელი? წუხელ დივანზე რატომ დაიძინე, მარტომ? ჯერ ვერ შემეჩვიე? არა უშავს, მალე შეეგუები, რომ შენ გეკრძალება მარტო ძილი! ახლა კი, გკოცნი და გეფერები. დროებით, საღამომდე.
21:23
ნატალი: სონა, როგორ ხარ?
სონა: კარგად. შენ გამოიძინე?
ნატალი: ცუდად მეძინა, მაგრამ ზურა ისე გაპარულა, რომ ვერც კი გავიგე...
სონა: რა იყო, მკვდარი ხომ არ იყავი, რომ ვერ გაიგე?
ნატალი: წუხელ, შენ რომ დაგემშვიდობე, ზურას ხომ უკვე ეძინა? ჰოდა, მე სუფრა ავალაგე, ჭურჭელიც დავრეცხე და მერე "ზალაში", დივანზე დავწექი დასაძინებლად.
სონა: რატომ?
ნატალი: რა ვიცი, შემეცოდა, მასთან რომ დავწოლილიყავი, გაიღვიძებდა, მე კი მინდოდა, რომ დილით კარგად გამოძინებული წასულიყო სამსახურში.
სონა: ბაკურიანში მოგეწონა?
ნატალი: კი, ძალიან. მხოლოდ, ცუდი ამინდი იყო და სასტუმროდან ცხვირი ვერ გამოვყავით. ჭამა და ძილი იყო ჩვენი საქმე, მეტი არაფერი.
სონა: თქვენთვის გაუსროლია "ავრორას". :)))
ნატალი: ჰო, ასე გამოდის. :)))
სონა: დღეს ბევრს არ დაგელაპარააკები, ადრე დაიძინე, თორემ კისერი მოგწყდება.
ნატალი: ზურა უნდა მოვიდეს.
სონა: დაგირეკა?
ნატალი: არა, დღეს ტელეფონის საყიდლად ვიყავით წასული ერთად და მაშინ მითხრა, რომ ამაღამ მოვა.
სონა: კი, მაგრამ სახლში აღარ უნდა მივიდეს?
ნატალი: რა ვიცი, მე ხომ არ ვეტყვი, წადი-მეთქი? - ეწყინება. მიხარია, ჩემთან რომ რჩება, მაგრამ არ მინდა, ოჯახში სიტუაცია გაამწვავოს.
სონა: მართალი ხარ. იმ ქალმა კიდევ რომ დაგირეკოს, რას იზამ?
ნატალი: ქუჩის ქალივით ჩხუბს და ლანძღვა-გინებას ხომ არ დავიწყებ? ალბათ, ან ტელეფონს გავუთიშავ, ან მოვუსმენ და მერე დავკიდებ ყურმილს.
ნატალი:
- ამის შემდეგ, თითქმის ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა. დილით მე და ზურა სამსახურში მივდიოდით, დღის განმავლობაში ერთმანეთს ტელეფონით ვეკონტაქტებოდით. როგორც იქნა, მიაღწია იმას, რომ მე ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში ჩართული მაქვს. ერთმანეთს თითქმის ყოველ საღამოს ვხვდებოდით. შინ კვირაში 1 ან 2 ღამე რჩებოდა. ვთხოვე, რომ უფრო ხშირად წასულიყო სახლში და ცოლის რისხვისგან ვეხსენი, მაგრამ მიპასუხა: ის ვეღარასოდეს გაბედავს შენთან დარეკვას, მაგის შიში ნუ გექნებაო. მისმა სიტყვებმა თითქოს დამამშვიდა, მაგრამ მაინც, სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს დუმილი ერთხელაც დიდ ჭექა-ქუხილით შეიცვლებოდა. თუმცა, ვცდილობდი, ამაზე არ მეფიქრა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი და ამ ბედნიერების მეშინოდა, რადგან პირველი დიდი სიყვარული კრახით დამთავრდა და ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა. ახლაც მეშინოდა, რომ მეორე სიყვარულსაც იგივე ბედი არ სწვეოდა. გადიოდა დღეები. არა, კი არ გადიოდა, ორმა კვირამ თვალის დახამხამებაში გაირბინა. შაბათი დღე იყო, 7 ოქტომბერი. დილიდანვე არსად წასვლას არ ვაპირებდი. გადავწყვიტე, სახლში გენერალური "უბორკა" ჩამეტარებინა. თანაც, ზურა რაღაც საგანგებო საქმეზე უნდა წასულიყო, საღამომდე არ გამოჩნდებოდა და დრო ხომ უნდა მომეკლა? ადრიანად გავიღვიძე, მუხლზე გადახეული ჯინსის შარვალი და წითელი მაისური გადავიცვი, მერე საქმეს მოვკიდე ხელი. თან, ათას რამეზე ვფიქრობდი. ერთმანეთში ირეოდა წარსულისა და აწმყოს სურათები. თითოეულ ნივთს, რასაც ვეხებდი და მტვერს ვწმენდდი, თავისი ბიოგრაფია აქვს და რაღაცას მახსენებს... სკამზე შევდექი და ცოცხით აბლაბუდების ჩამოწმენდა დავიწყე. ასე მოვიარე ოთახები. როდესაც დერეფანში გავედი, სკამი კარის გვერდით დავდგი და ზედ ავძვერი თუ არა, ვიღაცამ ზარი დარეკა. ვიფიქრე: ჩემი ქვედა მეზობელი, მარინა იქნება-მეთქი. ვიცოდი, რომ მეზობლებს ზურას გამოჩენა არ გამოეპარებოდათ და ვლეოდი, რომ ადრე თუ გვიან, საქმის ვითარებაში გასარკვევად, რომელიმე მესტუმრებოდა, სიცილ-სიცილში შეეცდებოდნენ, ინფორმაცია მოეგროვებინათ და მერე, კარგა ხანს საჭორაო მასალა არ მოაკლდებოდათ. ამიტომ მაინცდამაინც სიხარულით არ შევხვდი დაუპატიჟებელ სტუმარს.
სკამიდანვე მივწვდი კარის საკეტს, გადავატრიალე და გამოვაღე, კართან მდგარმა სტუმარმა ისეთ სიმაღლეზე გააჩერა მზერა, სადაც იატაკზე რომ ვმდგარიყავი, წესით ჩემი თვალები უნდა ყოფილიყო. შემდეგ მზერა ჩემს ფეხებს ამოაყოლა. მე კი გაოცებისგან ლამის სკამიდან გადმოვვარდი. ზევიდან დავყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდი. ჩემ წინ სოფო (ბაჩოს და) იდგა. სასწრაფოდ ჩამოვედი სკამიდან და ხელში შერჩენილ ცოცხს ვერაფერი მოვუხერხე. დაბნეულობისგან ვერც მისი სახლში შემოპატიჟება შევძელი. თავად გადმოაბიჯა ზღურბლს და კარი ზურგს უკან მიხურა. ნიკაპი ამიკანკალდა და თვალები ცრემლით ამევსო. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ სოფოს სტუმრობას ვერაფრით წარმოვიდგენდი. თანახმა ვიყავი, თუნდაც თვით მიქელგაბრიელი მოსულიყო ჩემთან, ოღონდ ბაჩოს და - არა. სოფო გადამეხვია. მე კი ყელში გაჩხერილი ბურთი გადავყლაპე და თვალში დაგუბებულ ცრემლსაც გზა მივეცი. კარგა ხანს ვიდექით ჩახუტებული. მე ვტიროდი, სოფო კი თმაზე ხელს მისვამდა და როცა თვალებში ჩავხედე, დავინახე, რომ ცრემლი მასაც ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. როგორც იქნა, მოვახერხე და ოთახში შევუძეხი. დივანზე დავსვი, მეც ახლოს მივუჯექი. ისე ახლოს, რომ ჩვენი მუხლები ერთმანეთს ეხებოდა.
- სოფო, რამ გაგახსენა ჩემი თავი? - ვკითხე და მისი ხელები სახეზე მივიხუტე.
- მომენატრე, ბაჩი...
ბაჩი... ბაჩი... ბაჩი... ექოსავით გაიმეორა ეს სახელი გონებამ. ასე ხომ ბაჩო მეძახდა... თვალწინ ისევ გაირბინა იმ დღემ, როდესაც ბაჩომ ეს სახელი პირველად დამიძახა. მე საკანში, ნარზე ვიჯექი და ბაჩოს თავგადასავალს ვისმენდი მთელი გულისყურით, მაგრამ რაღაც პატარა დროის მონაკვეთში ჩემი ფიქრი სხვაგან გაიქცა. როგორც ჩანს, ეს ბაჩოს არ გამოჰპარვია. ცოტა ხანს დადუმდა, მაგრამ მე ვერც იმას მივხვდი, რომ ის ჩუმად იყო და არ ლაპარაკობდა. შემდეგ კი, მისმა ხმამ გამომაფხიზლა: - რაზე ფიქრობ, ბაჩი? - რომ გამოვერკვიე, ბაჩო თავზე მედგა, ჩემკენ დახრილიყო და თვალებში მიყურებდა. არ დავუმალე და ვუთხარი: - შენზე-მეთქი. ეს მოფერებით დაძახებული ბაჩი კი, სულსა და გულს თბილად მოედო და სადღაც, მუცელში ჩაიღვარა. ჩემთვის ასე თბილად არავის მოუმართავს. ბაჩო უფრო დაიხარა და ტუჩებით ოდნავ შემეხო ტუჩებზე. ეს იყო პირველი კოცნა, თუ შეიძლება, ამას კოცნა ვუწოდოთ. ამ ყველაფერმა სულ ერთ წამში გაირბინა ჩემ თვალწინ და ახლა, სოფოსგან ნათქვამი ბაჩიც, სწორედ ისე თბილად ჩამეღვარა მკერდში, როგორც მაშინ, მისი ძმის ნათქვამი.
- ხომ მშვიდობაა? - ვკითხე სოფოს და ვიგრძენი, როგორ დამეძაბა ყველა კუნთი ახალი ამბის მოლოდინში. სოფო იქვე დადებულ ჩანთას მისწვდა და იქიდან ჟურნალი "გზა" ამოაცურა. თვალთ დამიბნელდა. მისი ვიზიტის მიზეზს დაახლოებით მივხვდი.
- შენმა თვალებმა ჩემს შეკითხვას პასუხი უკვე გასცეს, - მითხრა დაბალი და მშვიდი ხმით, - აქ დაბეჭდილი რეალური რომანის გმირი, როგორც მივხვდი, შენ ხარ...
- კი, მე ვარ, - დავუქნიე თავი და ჟურნალის გამოსართმევად ხელი გავუწოდე და ისე დავიწყე მისი ფურცვლა, თითქოს პირველად ვხედავდი.
- ნატალი, რატომ არ მითხარი, თუ ჩემს ძმას ხვდებოდი?
- მე... მე... მე... ვერ გავბედე, - ამოვილუღლუღე საცოდავად.
- როდესაც ამ რომანის კითხვა დავიწყე, მაშინვე მივხვდი, რომ შენ იყავი. მერე სურათი ვნახე და დავრწმუნდი. მიუხედავად იმისა, რომ იქ თითქოს შენს თავს არ ჰგავხარ. მართალია, ბაჩოს ამბავში ბევრი რამ შეგიცვლია, მაგრამ მასში ჩემი ძმა ამოვიცანი. ნატა, შენ მას გაქცევის ბოლო დღემდე ხვდებოდი. ალბათ, ყველაფრის მოყოლა მოასწრო. მისი ცხოვრების ყველა დეტალი მაინტერესებს. ყოველ ხუთშაბათს გულის ძგერით ვხვდები ახალ ნომერს, რომ ბაჩოზე რაიმე სიხალე გავიგო, მაგრამ აღარ შემიძლია, დავიღალე ლოდინით და გადავწყვიტე, მოვსულიყავი.
- სოფო, არ დაგიმალავ, რომ ჩემთვის ძალზე მძიმე იყო შენი დანახვა. კართან რომ აღმოგაჩინე, ვიფიქრე, ბაჩო გამოჩნდა და ჩემთან გამოაგზავნა-მეთქი. რა იცით მის შესახებ?
- დანამდვილებით არაფერი. თუმცა, მისი მეგობრები რამდენჯერმე შემოგვეხმიანენ და გვითხრეს: - ცოცხალია, მალე გამოჩნდებაო, მაგრამ დედაც და მეც ვფიქრობთ, ამას იმიტომ გვეუბნებიან, რომ არ ვინერვიულოთ. არ მინდა, დავიჯერო, მაგრამ რატომღაც მგონია, გაქცევის დროს მოკლეს და ან საერთოდ ვერ იპოვეს, ან იპოვეს და ჩვენ დაგვიმალეს.
- ალბათ, ჩვენ მაინც უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს.
- ნატა, შენ რომ ბაჩო ცოცხალი გეგულებოდეს, მისი ერთგული დარჩბეოდი. დარწმუნებული ხარ, რომ ის ცოცხალი აღარაა. უბრალოდ, მე მანუგეშებ. შენ ბევრი რამ გეცოდინება, რასაც მე ალბათ ვერასდროს გავიგებ.
- გეფიცები, სოფო, რაც ვიცი, ყველაფერს მოგიყვები. შენთან დასამალი არაფერი მაქვს. ჟურნალში არსად მითქვამს, რომ ბაჩო მოფერებით ბაჩის მეძახდა და შენ ეს საიდან იცოდი?
- ბაჩო ხშირად გვწერდა წერილებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ის ვიღაც ნატაზე გვწერდა და გვიყვებოდა, როგორ უყვარდა ეს გოგო. ის არ აკონკრეტებდა, ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ მას წერილებში ბაჩის ეძახდა. გვწერდა, მე დამნაშავე არა ვარ, მკვლელობა არ ჩამიდენია, მალე გაირკვევა ყველაფერი, აქედან გამოვალ და ჩემს ბაჩისაც მალე გაგაცნობთო. მისი ბედნიერებით დედაჩემიც ხარობდა და ელოდა, როდის დადგებოდა ეს ბედნიერი დღე. როდესაც აღმოვაჩინე, რომ ნატა შენ იყავი, ლამის შოკი მივიღე და ვინატრე - ნეტავ, ჩემი ძმა არ გაქცეულიყო, ისევ ციხეში ყოფილიყო და ნატალიზე დაქორწინებულიყო-მეთქი, მაშინ უფრო ბედნიერები ვიქნებოდით. თუმცა, ამაზე ალბათ არ უნდა ვილაპარაკო, რადგან შენ ახლა ბედნიერი ხარ და წარსულზე ფიქრი უფრო დაგამძიმებს. ნატალი, პირობა მომეცი, რომ ყველაფერს მომიყვები. შენი მონათხრობიდან ბევრი სიახლე გავიგე ჩემს ძმაზე. მინდა, ყველაფერი დაწვრილებით ვიცოდე.
- რა თქმა უნდა, სოფო, აუცილებლად მოგიყვები, რაც ვიცი, ახლა სამზარეულოში გავიდეთ, ყავას მოვადუღებ და თან, ვილაპარაკოთ.
ის-ის იყო სამზარეულოში გავედით, რომ ზურამ დარეკა, მომიკითხა და მითხრა 9 საათისთვის მოვიდოდა. სოფო მიხვდა, რომ ზურა იყო და მაშინვე აჩქარდა. ბევრი ვეხვეწე დარჩენილიყო, ვარწმუნებდი, რომ ზურა ჯერ არ აპირებდა მოსვლას, მაგრამ აღარ გაჩერდა. შემპირდა, ხვალ მოვალო, დამემშვიდობა და წავიდა. კარგა ხანს ვიჯექი გაუნძრევლად. მერე ყავა მოვიდუღე და ჩემს საყვარელ დიდ, რბილ სავარძელში ფეხი მოვიკეცე. ის იყო, პირველი ყლუპი მოვსვი და ფიქრებში ჩასაძირავად მოვემზადე, რომ ისევ ვიღაცამ დარეკა კარზე. ამჯერად, მეორე სიურპრიზი მელოდა, რომელიც ახალგაზრდა ქალბატონის სახით გამომეცხადა. კართან შავთმიანი, ლამაზი, დაახლოებით ჩემი ასაკის ქალბატონი იდგა.
- ვინ გნებავთ? - ვკითხე და ვცადე, მისთვის გზა გადამეღობა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. იძულებული გავხდი, გზიდან ჩამოვცლოდი. დაუპატიჟებელი სტუმარი "ზალაში" შევიდა და თითოეულ ნივთს დაკვირვებით ათვალიერედა.
- "ა ტი ბოგატო ჟივიოშ" - მითხრა და საძინებლისკენ წავიდა. უკან მორჩილი ბავშვივით გავყევი. - მე "ბომჟი" მეგონე, შენ კი ამდენი ანტიკვარი გქონია სახლში - გააგრძელა ისევ. გაოცებული ვუყურებდი. არასდროს მენახა ადამიანი, რომელიც წელს ზემოთ სანდომიანი, ნაზი ქალბატონი იყო, ხოლო წელს ქვემოთ ისეთი ჩაცმული გახლდათ, როგორც ნამდვილ მეძავს შეეფერება. მის დანახვაზე კენტავრი წარმომიდგა თვალწინ და გამეღიმა. ჰოდა, ეს "კენტავრი" ახლა ჩემს სახლში დადიოდა და უცნაურ კომენტარებს აკეთებდა.
... უკან დავყვებოდი ამ მოულოდნელ სტუმარს და თითქოს ვერთობოდი. იმის გამოცნობის მცდელობით, თუ ვინ იყო და რა უნდოდა ჩემთან. უამრავი ვერსია განვიხილე გონებაში, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, მათგან რომელი გახლდათ სწორი.
- რემონტი როდის გააკეთე? - მკითხა უეცრად, თან, სააბაზანო ოთახის კარი გამოაღო და შეიხედა.
- ქალბატონო, ეს ბინა არ იყიდება... - ვუპასუხე მტკიცედ, რადგან ვიფიქრე, რომ ამ ქალბატონს ბინის ყივდა უნდოდა და მისამართი შეეშალა.
- მე ქალბატონი ლიკა ვარ, - თქვა რაღაცნაირად, გაწელილად და ტუჩის კუთხე დაემანჭა.
- დიახ, ქალბატონო ლიკა, ეს ბინა არ იყიდება, - ვთქვი და გასასვლელისკენ დავიძარი, იმ იმედით, რომ რადგან ამ "დედალმა კენტავრმა" უკვე გაიგო, რომ მისამართი შეეშალა, თვითონაც უკან გამომყვებოდა და ბოლოს და ბოლოს, მეღირსებოდა მარტო დარჩენა. 2 ნაბიჯი გადავდგი თუ არა, მისი ხმა მომწვდა:
- გოგო, მოიხედე, ერთი...
მივბრუნდი და თვალი თვალში გავუყარე, გულმა კი გამალებით დამიწყო ცემა, რადგან მივხვდი, რომ ამ ქალს არც მისამართი შეშლია და არც ბინის ყიდვა უნდოდა. ამ სიურპრიზისგან კი, სასიკეთოს უკვე აღარაფერს ველოდი.
- ჩემო კარგო ნატალია, - ჩემი სახელი ისეთი დამცინავი კილოთი წარმოთქვა, რომ სურვილი გამიჩნდა, თმაში ჩავფრენოდი ამ თავხედს და გარეთ მომესროლა, - მაგარი ქალი ხარ, არა?... კაცებს "ჰაერში იჭერ" და აბამ, არა?!..
"ხათუნა!" - გამიელვა წამიერად თავში, მაგრამ გამახსენდა, რომ ლიკა ერქვა...
- ნუ მიყურებ, ვერ მიხვდები, ვინ ვარ. მაგრამ აქ იმიტომ მოვედი, რომ გაგაგებინო - მე ზურას საყვარელი ვარ... სა-ყვა-რე-ლი! - დამარცვლით წარმოთქვა ბოლო სიტყვა და გაჩუმდა, რადგან ალბათ, ჩემი რეაქცია აინტერესებდა. მე ჯერ თვალები გამიფართოვდა, შემდეგ კი, ისეთი ხარხარი ამიტყდა, რომ სტუმრის თვალებში შიშიც კი დავინახე. სიცილისგან ცრემლი მდიოდა, მაგრამ ისევ ვხარხარებდი და ვხარხარებდი. ეს უკვე ისტერიკა და ჩემი გონების არასწორი რეაქცია იყო ახალგაგონილ ამბავზე... როგორც იქნა, დავწყნარდი, სული მოვიბრუნე და სრულიად მშვიდი ხმით შევთავაზე:
- მობრძანდით, ქალბატონო ლიკა, დაბრძანდით. ყავას მოვადუღებ და ვისაუბროთ.
როგორც ჩანს, ისე გააოგნა, წუთის წინ ნანახმა ჩემმა რეაქციამ მის განცხადებაზე, რომ ხმის ამოუღებლად შევიდა ოთახში და ჩემს საყვარელ სავარძელში ჩაჯდა.
- უკაცრავად, მაგრამ აქედან აბრძანდით, თუ შეიძლება. ეს მახვშის სავარძელია, ამ ოჯახში კი, მახვში მე ვარ, - ვუთხარი და თვითონვე გამიკვირდა, საიდან მოვიგონე ეს სისულელე. კვლავ მორჩილად შეასრულა ჩემი თხოვნა და დივანზე გადაჯდა. - ახლავე დავბრუნდები, - ვუთხარი და სამზარეულოში გავედი. ჩაიდანი ჩავრთე და ფიქრებმა "წამიღო". მიკვირდა, რომ ასე მშვიდად ვიყავი. ალბათ იმიტომ, რომ ამ ქალთან აშკარა უპირატესობას ვგრძნობდი, ან ბოლომდე არ მჯეროდა მისი ნათქვამი და სადღაც, გულის კუნჭულში ვფიქრობდი, რომ ის ხათუნას მოგზავნილი იყო.
ყავა ჭიქებში ჩამოვასხი და ოთახში შევედი. ჩემს სავარძელში მოვთავსდი, ორივე ფეხი "შევიკეცე" და უსიტყვოდ მივაჩერდი სტუმარს. ხმას კარგა ხანს არც ის იღებდა.
- გისმენ! - უფრო ბრძანებას ჰგავდა ეს სიტყვა, რითიც ალბათ, ხაზს ვუსვამდი იმას, რომ ჩემთვის სულერთი იყო, რას იტყოდა ის ახლა. თუმცა, სინამდვილეში ასე არ იყო და გული მეკუმშებოდა, საშინელი ინფორმაციის მოლოდინში.
- მე ზურა 2 წლის წინ გავიცანი, - საკმაოდ დიდი პაუზა გააკეთა ამ სიტყვების შემდეგ, რითიც საშუალება მომცა, კარგად დამეთვალა, რა ბევრი დრო იყო ეს 2 წელი. მხოლოდ წარბები ავწიე, იმის ნიშნად, რომ მისი ნათქვამი გავიგე. - ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს... გვიყვარდა... შენ რომ არ გამოჩენილიყავი, ახლაც ვეყვარებოდი...
- ჰოო? საინტერესოა. მერე? - ვკითხე და ყავა ხმაურით მოვხვრიპე.
- ზურა მეც შენსავით მპირდებოდა, რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებოდით და ვერაფერი დაგვაშორებდა.
- კიდევ ერთი საინტერესო ამბავი! შენ რა იცი, მე რას მპირდება ზურა?
- ვხვდები, კარგად ვიცნობ მაგ კაცს... - მითხრა და ჩანთაში რაღაცას დაუწყო ძებნა. როგორც იქნა, იქიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძრო, ერთი ღერი კბილებით ამოიღო და მოუკიდა. შევნიშნე, როგორ უკანკალებდა ხელი. ღრმა ნაფაზი დაარტყა, კვამლი გამოუშვა და გააგრძელა: - შენ ვერ მასწავლი, როგორ აბამს ზურა ქალებს. ამ 2 წლის განმალვობაში ბევრი მეტოქის ჩამოცილება დამჭირდა. ბევრჯერ მიღალატა, მაგრამ ყოველთვის ჩემთან ბრუნდებოდა. ახლაც ასე იქნება!
- შენ ალბათ, იმის სათქმელად მოხვედი, რომ თავი არ დავიღუპო და ზურასგან მოტყუებული და მიტოვებული არ დავრჩე... ასეა?
- თითქმის გამოიცანი, - პირველად გაიღიმა მთელი ამ ხნის განმავლობაში.
- იცი, ჩემო კარგო, რასაც დასაწყისი აქვს, ყველაფერს აქვს დასასრული და ვფიქრობ, თქვენს ურთიერთობაში სწორედ ეს ეტაპი დაიწყო. თქვენ შორის ყველაფერი დამთავრდა და ზურა შენთან არასოდეს დაბრუნდება. მოგიწევს ამასთან შეგუება. - მივხვდი, რომ ამ ქალს, ამ წუთში, როგრც პაციენტს, ისე ველაპარაკებოდი. - მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დასრულდა. ყველაფერი კარგად იქნება, - გავუტიე ისევ და როდესაც მის გაოცებულ თვალებს შევხედე, დავამატე: - ამას, როგორც ფსიქოლოგი, ისე გეუბნები. მე შემიძლია, უფასო კონსულტაციები გაგიწიო და დაგანახვო, რა მშვენიერია ცხოვრება ზურას გარეშეც - ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ აშკარად დავცინოდი ამ ქალს. ეს არ იყო ჩემი სტილი ადამიანებთან ურთიერთობისა. სხვა დროს ალბათ, ტირილით თავს მოვიკლავდი. ახლა კი ფილოსოფოსობის გუნებაზე დავდექი და მას დავცინოდი თუ საკუთარ თავს, ვერ გავრკვეულიყავი.
- მე სახლში რემონტი არ მაქვს...
- გილოცავ!
- მთელი სახლი დანგრეულია, კაპიტალურ რემონტს ვაპირებდი... - აშკარად მოტეხილი ხმით ლაპარაკობდა ლიკა. - ტუალეტში უნიტაზიც კი არ დგას.
- ეგ ძალიან ცუდია. ალბათ, მეზობელთან დადიხარ ტუალეტში, არა?.. - მზრუნველი ხმით ვკითხე და ძლივს შევიკავე თავი, რომ ხმამაღლა არ გამცინებოდა.
- ჰო, კარის მეზობელთან.
- ეს ძალიან ცუდი ამავია, ჩემო ლიკა. ბევრი პაციენტი მყოლია, ვისაც სახლში უნიტაზი არ ჰქონდა და ამის გამო დეპრესიაში ჩავარდნილა... თავს უნდა მოერიო და იმაზე იფიქრო, რომ შენც აუცილებლად გექნება უნიტაზი, თანაც, ყველაზე კარგი, - ვარდისფერი, გამჭვირვალე...
- დამცინი? - მიხვდა, როგორც იქნა...
- დიახ, დაგცინი. მაგრამ არც ამის გამო უნდა მიეცე სევდას... - ვერ გადმოგცემთ მისი სახის გამომეტყველებას: გაოგნება, განცვიფრება, ზიზღი, აღშფოთება და კიდევ სხვა ბევრი რამ აღბეჭდვოდა. სახის ყველა ნაკვთით ჩემ მიმართ ზიზღს გამოხატავდა. მარტო ტუჩები ჰქონდა მოკუმული - თითქოს მიხატული - და გაუნძრევლად იჯდა. ხელში შერჩენილი, ბოლომდე დამწვარი სიგარეტი გამოვართვი და საფერფლეში ჩავსრისე. - თან, სიგარეტიც მავნებელია ჯანმრთელობისთვის, - დავამატე და კვლავ სავარძელს დავუბრუნდი.
საიდან მოვიდა ამდენი ირონია, არ ვიცი. მზად ვიყავი, ეს ქალი გამესრისა და ვინაიდან ფიზიკურად ვერ გავუსწორდებოდი, გონებამ თავად გადაწყვიტა, რომ სიტყვით გამეკეთებინა ეს. წარმოვიდგინე, როგორ კოცნიდა და ეფერებოდა მას ზურა... ამ სურათს თითქოს ნათლად ვხედავდი და კინოფირივით დატრიალდა გონებაში... მის მიმართაც ზიზღი ვიგრძენი. თითქოს სულერთი იყო, ამის მერე, მოვიდოდა ზურა ჩემთან თუ არა. მისი ამოშლა მინდოდა ჩემი მეხსიერებიდან და მზად ვიყავი, ამ ქალისთვის დამეთმო. ფიქრებში ისე გავერთე, რომ სტუმრის არსებობა დამავიწყდა კიდეც.
- ნატო, სათხოვარი მაქვს შენთან, - გამომარკვია მისმა ხმამ.
- გისმენ, მზად ვარ, დახმარება გაგიწიო...
- ნატო, ჩემს სახლში რემონტს ზურა აკეთებდა. ყველა ხარჯს ის იღებდა. ახლა, 3 თვეა, საერთოდ შეწყვიტა ჩემთან ურთიერთობა და, რა თქმა უნდა, რემონტიც შევაჩერე. მე არ ვმუშაობ, ამიტომ ფული არ მაქვს. ზურას დაკარგვით ბევრი რამ დავკარგე. 2 წელი ვებღაუჭებოდი, მისი გულისთვის რას არ ვაკეთებდი, საკუთარი შვილი სოფელში, დედაჩემთან წავიყვანე საცხოვრებლად, რომ ზურა ჩემთან თავისუფლად მოსულიყო, როცა უნდოდა... ყველანაირ პირობას ვუქმნიდი, რადგან მეშინოდა, არ დამეკარგა. მაგრამ მოსახდენი მოხდა და ის მაინც დავკარგე. ძალიან მაინტერესებდა, ვინ იყო ის ქალი, ვისი გულისთვისაც უარი თქვა ჩემზე...
- საიდან გაიგე, ვინ ვარ და სად ვცხოვრობ?
- 2 კვირის წინ ზურას ვთხოვე, რომ შემხვედროდა. როდესაც ჩემთნა მოვიდა, მოვახერხე და მისი ტელეფონი "გავჩხრიკე". შენი სახლის ტელეფონის ნომერს წავაწყდი. მისამართიც ასე დავადგინე...
- მერე, რას მიაღწიე ამით? მოხვედი, მნახე, მერე?...
- მერე, მინდა გთხოვო, რომ ზურას სთხოვო, თუ არ დამიბრუნდება, რემონტი მაინც დამიმთავროს. ასეთ დანგრეულ სახლში როგორ ვიცხოვრო?
- გასაგებია. გამოდის, რემონტის ფასად მითმობ კაცს, არა?..
- არა, უბრალოდ, გთხოვ. მასზე რაღაც გავლენა ალბათ, გაქვს და შენ თუ სთხოვ, აუცილებლად დაგიჯერებს. ნატალი, გეხვეწები, ეს ერთი თხოვნა შემისრულე და გპირდები, აღარასოდეს დაგენახვები.
- კარგი, აუცილებლად ვთხოვ. თუმცა, მის მაგივრად იმას ვერ შეგპირდები, რომ დამთანხმდება... როგორც ვხვდები, შენი ვიზიტი ამით ამოიწურა. ნახვამდის, - ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. ლიკაც ადგა და არც კი დამემშვიდობა, ისე გავიდა.
ეს დღე ალბათ, არასოდეს დამავიწყდება, რა დროც არ უნდა გავიდეს. ვიჯექი და ყველაფერზე ერთად ვფიქრობდი. სადღაც, ზურა შემეცოდა კიდეც. ყველა მის გამოყენებას ცდილობდა, მისი ფული და თანამდებობა, როგორც თაფლი ბუზს, ისე იზიდავდა ქალებს. ის კი, მათ შორის, თავგზააბნეული დაბორიალებდა და თავადაც ვერ გაეგო, როგორ იხლართებოდა მათ მიერ გაბმულ ქსელში... თითქოს დაუჯერებელი იყო, რომ შეიძლებოდა, ზურას, ლიკასნაირ ქალთან ჰქონოდა ურთიერთობა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
მობილურს დავწვდი და მისი ნომერი ავკრიბე, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე და გადავწყვიტე, დავლოდებოდი. კვლავ საქმეს მოვკიდე ხელი. დილანდელი ხალისი აღარ შემრჩა, მაგრამ დაწყებულ საქმეს ვერ მივატოვბედი. თანაც, სახლის დალაგების დროს ფიქრი გაცილებით იოლია, ვიდრე უსაქმოდ ყოფნისას.
ზურას მოსვლისთვის თითქმის ყველაფერს მოვრჩი. მტვრიანი ტანისამოსი გავიხადე და სარეცხის მანქანაში შევყარე. სააბაზანოს სარკეში ჩემს თავს მოვკარი თვალი. სარკეს მივუახლოვე სახე და კარგად დავაკვირდი. თვალის უპეები ჩაშავებული მქონდა, სახე - დაღლილი და გაცრეცილი. სასწრაფოდ მივიღე გადაწყვეტილება, სააბაზანოდან გამოვედი და გარდერობის კარი გამოვაღე. შავი, ატლასის შარვალი ჩავიცვი, ზემოდან - ვარდისფერი, ფურფუშელებიანი ბლუზა და კვლავ სარკეში ჩავიხედე. ჩემი გარეგნობით კმაყოფილმა, მაკიაჟიც სწრაფად გავიკეთე, რომ ზურას არ მოესწრო, სახლის გასაღებს ხელი დავავლე და კარი გავიჯახუნე.
კიბეზე ჩასვლისას ჩემს მეგობარს, ელენიკოს დავურეკე და ვუთხარი - სასწრაფოდ გაემზადე, ტაქსით გამოგივლი-მეთქი, - და ტელეფონი გამოვრთე. უკვე საღამოს 10 საათი ხდებოდა. ქუჩაში გამოსულს, სიგრილე მესიამოვნა. პირველსავე ცარიელ ტაქსის ხელი ავუწიე და უკანა სავარძელზე რომ მოვთავსდი, შვებით ამოვისუნთქე. ახლა ყველაზე მეტად სონას არყოფნა მიჭირდა. ისე მომენატრა, როგორც არასდროს. ხვალვე ამერიკის საელჩოს მივაკითხავ-მეთქი, - გავიფიქრე და კიდევ ერთხელ ამოვისუნთქე შვებით. ამასობაში ელენიკოს სახლთან მივედი და რამდენიმე წუთის შემდეგ, მუდამ მხიარული და სიცოცხლით სავსე ელენე უკვე გვერდით მეჯდა და ტაქსი მცხეთისკენ მიგვაქროლებდა.
- სად მივდივართ? - მკითხა ელენიკომ.
- სვეტიცხოველში, - მოკლედ მოვუჭერი და გავჩუმდი. ელენე მიხვდა, რომ ახლა მისი ნათქვამი ნებისმიერი ფრაზა გამაღიზიანებდა და გაჩუმდა. წარმოვიდგინე, თუ რა ძნელი იყო მისთვის თუნდაც 5 წუთით გაჩუმება და გამეცინა. - იქ მივალთ, სანთელს დავანთებთ და მერე სადმე, ყველაზე მხიარულ ადგილას წავიდეთ-მეთქი, - ვუთხარი. უსიტყვოდ დამიქნია თავი.
სვეტიცხოველი ღამით არასოდეს მინახავს. განათებული ტაძარი შორიდან ისეთი ლამაზი ჩანდა, რომ თვალი ვერ მოვწყვიტე... სანთელი ავანთე და ღმერთს შევთხოვე, მოეცა იმის ძალა, რომ ყველანაირი გასაჭირისთვის გამეძლო და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დამხმარებოდა. ვიდრე სანთელი ბოლომდე არ ჩაიწვა, წმინდა მარიამის ხატთან მუხლმოდრეკილი ვიდექი. ეკლესიიდან კი, ისეთი მშვიდი გამოვედი, თითქოს ყველა დარდი და საწუხარი ერთბაშად მომეხსნა.
იქიდან მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში წავედით - იქ, საიდანაც ყველაზე მეტი ხმაური და მუსიკის ხმა ისმოდა. მე და ელენიკო ერთ მყუდრო კუპეში დავსხედით და იმდენი სასმელ-საჭმელი შევუკვეთე, რომ 10 კაცს თავისუფლად ეყოფოდა. კარგა ხანს დავყავით იქ, საკმაოდ ბევრი დავლიეთ, სიყვარულის სადღეგრძელოზე ცრემლებიც გადმოვყარეთ და რომ ვიფიქრე, შინ წასვლის დროა-მეთქი და საათს დავხედე, უკვე 2 საათი იყო. ტაქსი გამოვიძახე და ჯერ ელენე მივიყვანე შინ, მერე მე მივედი.
ეზოში ზურას მანქანა იდგა და დავინახე, რომ თვითონაც შიგ იჯდა. ტაქსის ფული გადავუხადე და ისე შევედი სადარბაზოში, რომ ზურასკენ არ გამიხედავს. ვიდრე მესამე სართულზე ავიდოდი, მისი ფეხის ხმაც გავიგონე. ჯერ ვიფიქრე, რომ კარს ჩავრაზავდი და არავითარ შემთხვევაში შინ არ შემოვუშვებდი, მაგრამ მერე გამახსენდა მისი ხასიათი და მივხვდი - არ მომეშვებოდა, სანამ კარს არ გავუღებდი. ამიტომ შინ შესულმა, კარი ღია დავტოვე, პირდაპირ საძინებელში შევედი და საწოლზე გულაღმა დავწექი. ჩემ გარშემო ყველაფერი ტრიალებდა. კონიაკს თავისი გაეტანა და სასმელით დამძიმებულ ტვინს, ფიქრიც კი ეზარებოდა. გავიგონე, როგორ ჩაკეტა ზურამ კარი და თვალები დავხუჭე. ცოტა ხანში, თავზე დამადგა და მკაცრი ტონით შემეკითხა:
- სად იყავი?
თვალები გავახილე, მაგრამ ზურა თითქოს ნისლში იდგა, ისე ვხედავდი.
- არსად, სახლში! - ვუპასუხე და ეჭვი არ შემპარვია, რომ ჩემს ნათქვამს არ დაიჯერებდა. თუმცა, იმ წუთში ყველაფერი სულერთი იყო და ქვეყნად ყველაზე მეტად, ისევ სონა და ძილი მენატრებოდა.
... მახსოვს, როგორ პატარა ბავშვივით მხდიდა ტანისამოსს და მაცმევდა ღამის პერანგს. ისიც მახსოვს, რომ თან, სადაც მოხვდებოდა, მკოცნიდა და ლოთს მეძახდა. მერე ისე ღრმად დამეძინა, რომ დილამდე არაფერი გამიგია. კვირა დღე გათენდა და ზურა, როგორც ჩანს, სამსახურში წასვლას არ აპირებდა. მას უკვე გაეღვიძა და ტელევიზორში საინფორმცაიო გადაცემას უყურებდა. ავდექი, ხალათი მოვიცვი და პირდაპირ სამზარეულოში, ყავის მოსადუღებლად გავედი. ზურაც მაშინვე უკან გამომყვა და ჩემი დაკითხვა დაიწყო. ჩუმად ვიყავი და ერთი სიტყვაც არ მითქვამს. როცა მივხვდი, ჩემი დუმილი აღიზიანებდა და სადაცაა, აფეთქდებოდა, მაშინღა ამოვიღე ხმა:
- ზურა, ერთი სათხოვარი მაქვს, უფრო სწორად - ორი.
- ერთი ალბათ ის, რომ "ბორჯომი" გინდა, არა? - მიკთხა და თვალები მოჭუტა. უსიტყვოდ დავუქნიე თავი. - მეორე?
- პირველს რომ შემისრულებ, მეორეს მაშინ გეტყვი, - ვუთხარი და გავუღიმე.
მაცივარის კარი გმოაღო და იქიდან "ბორჯომის" ბოთლი გამოიღო. კარგად მახსოვდა, რომ მე სახლში "ბორჯომი" არ მქონდა. მივხვდი, ჩემს გაღვიძებამდე უზრუნია და მაღაზიაში ჩასულა... ბოთლი მომაწოდა, კარადიდან ჭიქა გამოიღო და ისიც წინ დამიდგა. მერე უკნიდან მომიარა, წელზე ხელები შემომხვია და კისერზე მაკოცა. სახე ჩემს გაწეწილ თმაში ჩამალა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა.
- მეორე სურვილსაც სწორად მივხვდი?... - მკითხა ისე, რომ სახე არ აუწევია.
- არა, ამჯერად "გამაზე". სულ სხვა რამ მინდოდა, მეთხოვა.
- კერძოდ?
- კერძოდ, ის, რომ ლიკას სახლში რემონტი დაამთავრო...
ვიგრძენი, როგორ დაიძაბა. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იდგა, შემდეგ თავისკენ შემომაბრუნა.
- შენ საიდან იცი ლიკას ამბავი?
- გუშინ იყო ჩემთან მოსული.
- აქ? აქ მოვიდა?
- ჰო, აქ, ჩემთან...
- უხ, მაგის!.. - გამოცრა კბილებში. - რაო, რა მინდაო?
- რაო და, ზურას სთხოვე, რემონტი როგორც დაიწყო, ისე დაამთავროსოოოო...
- კიდევ რა გითხრა?
- მეტი არაფერი. შევპირდი, რომ აუცილებლად გთხოვდი და წავიდა.
- და შენც ამიტომ გამორთე ტელეფონი, უგზო-უკვლოდ დაიკარგე, მერე კი, ღამის 3 საათზე დაბრუნდი მთვრალი, არა?
- ალბათ. ზუსტად არ მახსოვს, მაგის გამო იყო თუ არა, მაგრამ რაღაც, სახლში ყოფნა არ მინდოდა და ამიტომ წავედი.
- ჩემი პატარა ბატის ჭუკი ხარ... რატომ არ დამირეკე? რატომ არ მითხარი, რომ აქ იყო? მოვიდოდი და მე თვითონ მივხედავდი მაგ საქმეს. წარმომიდგენია, როგორ ინერვიულე. ბევრი იტირე, ჩემო პატარავ? - მკითხა და მიმიხუტა. მე კი მისი მკლავებისგან თავი დავიხსენი და სკამზე ჩამოვჯექი.
- ერთი ცრემლიც კი არ ჩამომიგდია. ძალიან მშვიდად შევხვდი მის ვიზიტს. ასე რომ, ნუ შეგებრალები იმის გამო, რომ ბევრი ვიტირე.
- კარგი. ახლა მე წავალ და ერთ საათში დავბრუნდები. შენ მანამდე გაემზადე და სადმე გავისეირნოთ...
მარი ჯაფარიძე
რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე