sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XXV-XXVI ნაწილი) - გზაპრესი

sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XXV-XXVI ნაწილი)

ყურმილი რომ დავკიდე, დავფიქრდი, ვინ უნდა მოეყვანა ჩემთან ზურას, თანაც, ისეთი, რომლის ნახვაც ჭკუიდან გადამიყვანდა, მაგრამ ვერაფრით მივხვდი და სავარაუდო ვერსიაც არ მქონდა. სიმართლე გითხრათ, არავის ნახვა არ მინდოდა. დაღლილი ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის ჩავეფლობოდი ჩემს საყვარელ სავარძელში, ყავის ჭიქითა და ტელევიზორის პულტით ხელში. ასეთ დროს, ყოველთვის საკუთარ ფიქრებში ვიძირები და თითქმის ვერასდროს ვიგებ, რა ხდება ტელევიზორში. სანამ სონა წავიდოდა, ყველაფერი სხვაგვარად იყო - ასეთ დროს ლაპარაკით ვერთობოდით, ვჭორაობდით და ხანდახან, მომავალ დღეს ან კვირას ვგეგმავდით ხოლმე. მას შემდეგ, რაც მარტო დავრჩი, საკუთარ ფიქრებთან განმარტოება დამჩემდა. - სონა... სონა... მართლაც არავინ მყავს მისი ფასი - გავიფიქრე და ტელეფონს დავწვდი. ისე მომენატრა მისი ხმის გაგონება...

- სონა, გეძინა, ხომ? - ვკითხე, როცა ყურმილში მისი ნამძინარევი "ალო" გავიგონე.

- ჰო, მეძინა... არ იცი, ახლა ჩემთან რომელი საათია?

- არ გამიბრაზდე, რაა... მომენატრე და დაგირეკე. ვიცოდი, რომ გაგაღვიძებდი, მაგრამ მაინც...

- ტყუილად არ მოგენატრებოდი, დარწმუნებული ვარ, რაღაც ხდება.

- არა, არაფერიც არ ხდება. უბრალოდ, შენთან მინდა...

- კარგი, გოგო, ასე არ შეიძლება. კაი დიდი ხნის საყვარელივით რომ დაიწყებ ხოლმე, შენთან მინდაო... ზურა გყავს ახლა მანდ და ეგ მაგას უთხარი. მე თავი დამანებე. - რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ამას გულით არ მეუბნებოდა და არც მწყენია, მაგრამ "გაბუსხულმა" ვუთხარი:

- კარგი, აღარ დაგირეკავ... მაპატიე, რომ შეგაწუხე...

- ოოო, როგორ გიყვარს, როცა რაღაცას გეხვეწებიან და შენ თავს იფასებ! ხომ იცი, რომ ვხუმრობ?

- ვიცი, სონა, ვიცი... ჩამოდი, რააა... აუ, რა მაგარი იქნება, ისევ ძველებურად რომ ვიცხოვროთ, არა? თუმცა, ძველებურად ალბათ, აღარ გამოვა, შენი ბავშვი შემოგვემატება და ერთად გავზრდით. 2 დედა ეყოლება...

- გინდა, ოჯახი დამანგრევინო? - მითხრა და ხმამაღლა გადაიკისკისა... - ზურა როგორ არის? რაც მას ინტერნეტით აღარ ეკონტაქტები, მეც დამივიწყე და ბოლო 3 დღის ამბები აღარ ვიცი. ახლა რა არის, იმის გარდა, ლიკა რომ გესტუმრა?

- მას შემდეგ, არაფერი. ლიკას აღარ დაურეკავს. ალბათ, ზურა ელაპარაკა. მასთან რემონტის დამთავრებას აპირებს თუ არა, არ ვიცი, რადგან არც მე მიკითხავს და არც თვითონ უთქვამს რაიმე...

- ისე, სად "მოჩხრიკა" ასეთი საინტერესო ქალი? რემონტი მაინც დაემთავრებინა და ისე მიეტოვებინა. ახლა, რა ქნას ლიკამ? ცოდვა არ არის?

- შენ რა, მაგას სერიოზულად ამბობ? - ვკითხე და ყურები ვცქვიტე, რადგან მე სხვა აზრის ვიყავი და მაინტერესებდა, იქნებ, ვცდებოდი?

- ნატა, შენ რომ აღმოჩენილიყავი ლიკას სიტუაციაში, რას იზამდი? მსგავსი თხოვნით მიხვიდოდი ყოფილი საყვარლის ახალ საყვარელთან?

- რა თქმა უნდა, არა. შენ?

- არც მე. ჰოდა, აბა, რატომ მეკითხები, ვხუმრობ თუ არა? თავცარიელი ქალი ყოფილა ეგ შენი ლიკა. ჰკითხე ზურას, რას აპირებს, ძალიან საინტერესო იქნება მისი პასუხი. შენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს?

- ჩემი აზრით, უნდა მისცეს საკმარისი თანხა საიმისოდ, რომ ლიკამ რემონტი დაამთავროს...

- ოოო... შენ რაღაც შეცვლილი ჩანხარ... მე კი მგონია, რომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს... ჰკითხე, "მთავარ გმირს" და ვნახოთ, რას გეტყვის.

- კარგი, ვკითხავ. ახლა კი დაიძინე, ჩემო სონა, დილაუთენია გაგაღვიძე და ლიკაზე ლაპარაკით ტვინი გამოგილაყე...

- გკოცნი, ნატ, კარგად!

ყურმილი დავკიდე და დავფიქრდი. თავს ვარიდებდი ამ თემაზე ზურასთან ლაპარაკს. არ მინდოდა ეფიქრა, რომ მის საქმეში ვცდილობ ცხვირის ჩაყოფას. ახლა კი მტკიცედ გადავწყვიტე, რომ როგორც კი შესაფერის დროს გამოვნახავდი, აუცილებლად ვკითხავდი, რას აპირებდა ლიკასთან დაკავშირებით. ცოტა ხანში ზურას მანქანის ხმა გავიგონე. გულმა არ მომითმინა და ფანჯარასთან მივედი. ძალიან მაინტერესებდა, ვინ იქნებოდა ჩემი სტუმარი. მანქანის წინა კარიდან ახალგაზრდა ქალბატონი გადმოვიდა და სადარბაზოში ზურასთან ერთად შემოვიდა. გული გამალებით მიცემდა, თუმცა, ცუდს არაფერს მეუბნებოდა. კარი გავაღე და სტუმარს ისე დავხვდი. ქალი, რომელიც ზურას ახლდა, ძალიან ლამაზი იყო - დახვეწილი სახის ნაკვთები, მოხდენილი ტანი ჰქონდა და თითქმის ზურას სიმაღლის გახლდათ. ოთახში შევუძეხი.

- ეს ჩემი დაა, ნინო - თქვა ზურამ.

ხელი გავუწოდე. ნინო რაღაც უცნაურად მიყურებდა. უხერხულად შევიშმუშნე და მის დაჟინებულ მზერას თვალი ავარიდე. გულში ზურაზე ვბრაზობდი, რადგან თავი ძალზე უხერხულად ვიგრძენი და აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ცხოვრებაში პირველად დავიბენი ასე. სიჩუმე ნინომ დაარღვია:

- ნატა, ვერ მიცანი? - შევხედე და კარგად დავაკვირდი. თითქოს, სადღაც მყავდა ნანახი. გონებამ უამრავი სიტუაცია და სახე გაიხსენა, მაგრამ ნინო, ვერც ერთ მათგანს ვერ მოერგო.

- მაპატიე, მაგრამ ვერ გიცანი. ნამდვილად მინახავხარ სადღაც, მაგრამ სად?

- გაიხსენე, ტალინი... სასტუმრო "ვირუ"...

უცებ, გონება გამინათდა და გამახსენდა... მე და სონა 5 წელი ვცხოვრობდით და ვსწავლობდით ტალინში. ის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, მე - უნივერსიტეტში. ჩვენი სასწავლებლები ქალაქის სხვადასხვა მხარეს მდებარეობდა. ლექციების შემდეგ, მე და სონა ერთმანეთს ვხვდებოდით, შინ ერთად მივდიოდით. ერთხელ, ერთ წვიმიან დღეს, როდესაც გაჩერებაზე ვიდექი და სონას ველოდი, დავინახე ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ავტობუსში ადიოდა. მას ფეხი აუცდა და ძირს მოადინა ბრაგვანი. იქვე მყოფი ხალხი მისცვივდა, წამოდგომაში დაეხმარა. ამ ამბავს შორიდან ვუყურებდი, მაგრამ როდესაც მისი ქართული გინება გავიგონე - უხ შენი დედა! - მაშინვე შევძვერი ხალხში და თავზე დავადექი. ქართულად ვკითხე: - ქართველი ხარ? - ჩემი ხმისა და ქართული სიტყვების გაგონებაზე, გამოცოცხლდა. ამასობაში, სონაც მოვიდა. ტაქსი გავაჩერე, ნინოს ჩაჯდომაში მივეხმარე და სამივე საავადმყოფოში წავედით. იქ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და უკან გამოგვიშვეს. ნინო სასტუმრო "ვირუში" ცხოვრობდა, 3 მეგობართან ერთად. ისინი დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული.

იმ დღეს, ნინოს მარტო გასეირნება გადაუწყვეტია, რადგან წვიმდა და გოგონებს გარეთ გამოსვლა დაზარებიათ. ნინო სასტუმროში მივიყვანეთ. რა თქმა უნდა, ჩვენც კარგა ხანს დავრჩით მათთან და ბევრი ვიჭორავეთ. შემდეგი 2 კვირის მანძილზე, ყოველდღე ვაკითხავდით ნინოს და მის მეგობრებს. ექიმის მიერ დანიშნულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და სონამ გადაწყვიტა, მისთვის შინაურული მეთოდით ემკურნალა. ამიტომ, ყოველდღე მივდიოდით და ფეხზე ახალ-ახალ სახვევებს ადებდა. მათი წასვლის დღეც დადგა. ამ დროისთვის, სონას მკურნალობის მეთოდმაც გაჭრა და ნინო უკვე გამართულად დადიოდა. მე და სონამ გოგონები აეროპორტში გავაცილეთ, მერე კოორდინატები გავცვალეთ. თავიდან, ხშირად ვკონტაქტობდით, ერთმანეთს ვურეკავდით და ამბებს ვკითხულობდით. შემდეგ, დავიკარგეთ... მე და სონა ამ ამბიდან 3 წლის მერე დავბრუნდით საქართველოში. ხშირად ვამბობდით: მოდი, ნინოს დავურეკოთ, გაუხარდებაო, მერე კი, სხვა დროისთვის გადავდებდით ხოლმე... დროთა განმავლობაში მიგვავიწყდა კიდეც. ახლა კი, ნინო ჩემ წინ იდგა და, - ზურას და ვარო, - მეუბნებოდა. ამ ამბავმა წამიერად გაიელვა გონებაში. უხერხულობაც მაშინვე მომეხსნა და ნინოს შინაურივით გადავეხვიე. თვითონაც ჩამეხუტა და ვიგრძენი, რომ ეს გულწრფელი მონატრების გამოხატულება იყო.

- როგორ ვერ გიცანი, გოგო? მაგრამ მაშინ გაცილებით მსუქანი იყავი. ახლა კი, გამხდარხარ... რაც იყავი, იმის ნახევარიც აღარ ხარ... დაქალებულხარ და გაცილებით ლამაზად გამოიყურები.

- ჰო, ზურას მოწადინება იყო, რომ წონაში დამეკლო. შენ როგორ ხარ? - მკითხა და თვალით დასაჯდომი ადგილი მოათვალიერა. ახლაღა გამახსენდა, რომ ორივენი ფეხზე ვიდექით, ზურა კი, არსად, ჩანდა. მისი ფეხის ხმა სამზარეულოდან მოისმოდა.

- დაჯექი, ნინო, - მივუთითე ჩემს "მახვშ" სავარძელზე და ის-ის იყო, სამზარეულოსკენ ვაპირებდი წასვლას, როცა დავინახე, ზურას "პოდნოსზე" დადებული 3 ჭიქა ყავა მოჰქონდა. მაგიდაზე გაშლილი ჟურნალები უცებ მოვაგროვე და ყავის ჭიქებისთვის ადგილი გავათავისუფლე.

- ძმა დამიჩაგრე? - მკითხა ნინომ, როცა ზურამ დიდი სიფრთხილით გადმოალაგა ჭიქები მაგიდაზე.

- ნუ გეშინია, ეს თავს არ დაიჩაგრავს. შენი ხათრით დატრიალდა და მოადუღა ყავა, თორემ სხვა დროს, რომ მოვა და დივანზე წამოწვება, ძალიანაც რომ ვეხვეწო, ფეხს არ მოიცვლის... - ნინოს ყავა მივაწოდე და დივანზე ჩამოვჯექი. ზურაც გვერდით მომიჯდა, ხელი გადამხვია და ნინოს ჰკითხა:

- როგორ მოგწონს ჩემი არჩევანი? - ნინომ ყურადღება არ მიაქცია მის ნათქვამს და მომიბრუნდა:

- ხედავ, ბედი რა არის? რას წარმოვიდგენდით, რომ მე და შენ ასეთ სიტუაციაში შევხვდებოდით ერთმანეთს?

- კი, მაგრამ, როგორ გაიგე ჩემი ვინაობა? - ვკითხე, ზურას ხელი მხრიდან მოვიცილე და მთელი ყურადღება ნინოსკენ მივმართე, რადგან ძალიან მაინტერესებდა, რას მიპასუხებდა.

- შენი არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ დღეს ზურა მოვიდა ჩემთან და შენ შესახებ მიამბო. როდესაც დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი, მაშინ გამახსენდა ჩვენ შეხვედრა. მერე ისიც ვკითხე, ტალინში ხომ არ სწავლობდა-მეთქი? - და როდესაც დასტური მივიღე, დავრწმუნდი, რომ ნამდვილად შენ იყავი. ზურას ჩვენი შეხვედრისა და ნაცნობობის შესახებ ვუამბე, ამან კი მაშინვე აქეთ გამომაქანა...

- ვიცოდი, რომ ნატას გაუხარდებოდა შენი ნახვა და იმიტომ წამოგიყვანე... ხომ გაგიხარდა, ნატ? - ახლა მე მომიბრუნდა.

- რა თქმა უნდა, გამიხარდა... ის უფრო გამიხარდა, რომ ნინო შენი და აღმოჩნდა. ნამდვილად გამოგივიდა სიურპრიზი.

- ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ. გოგონებო, რესტორანში გეპატიჟებით... შამპანური არ გვაწყენს.

ორივე დავეთანხმეთ მის წინადადებას. მოვიბოდიშე და ტანისამოსის გამოსაცვლელად საძინებელში გავედი. ნინოს და ზურას ჩურჩული მესმოდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევდი. ძალიან მაინტერესებდა, რაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ჩუმად ხომ ვერ მოვუსმენდი? - მერე ვკითხავ, ზურას-მეთქი - გავიფიქრე და გარდერობში ქექვა განვაგრძე. კარგა ხანს ვარჩევდი, რა ჩამეცვა. მინდოდა, ნინოზე კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა და მგონი, შევძელი კიდეც, რადგან როდესაც ოთახში შევედი, მისი აღფრთოვანებული შეძახილები და ზურას კომპლიმენტები დავიმსახურე.

მე და ნინო სადარბაზოში ვიდექით და ზურას ველოდით. ის ტელეფონზე მშვიდად და აუჩქარებლად ლაპარაკობდა. როდესაც ყურმილი დადო, ტელეფონმა მაშინვე დარეკა. ზურამ უპასუხა. მე სადარბაზოს ღია კარიდან ვუყურებდი და ველოდი, რომ დამიძახებდა, მაგრამ ზურა ჩემს დაძახებას არ ჩქარობდა.

- ალო, გისმენ... რომელი ხარ?... კარგია, კარგი, რომ მე შეგხვდი ტელეფონთან... დიახ, მე ვარ... მაგ საკითხზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ შენ აქ აღარ დარეკავდი. ნატალი მაგ საკითხს ვერ გადაწყვეტს... მე? მე კი სურვილი არა მაქვს, თანაც, ახლა არ მცალია... კარგად! - თქვა ბოლოს და ყურმილი სასწრაფოდ დაკიდა. მივხვდი, ლიკას ელაპარაკებოდა. როდესაც სახლიდან გამოვიდა და კარს ვკეტავდი, თვითონვე მითხრა:

- ლიკა იყო... შენთან უნდოდა ლაპარაკი.

- მივხვდი, მაგრამ ხომ გთხოვე, შენმა ნაშებმა არ შემაწუხონ-მეთქი!

- რომელი ლიკა? ის ბანძი ქალი, მე რომ ვიცნობ? - იკითხა ნინომ, როდესაც კიბეზე ვეშვებოდით. გულმა რეჩხი მიყო. "ყოჩაღ, ზურა, თუ ყველა ქალს საკუთარ დას აცნობ" - გავიფიქრე და მინდოდა, რაღაც ძალიან ცუდი მეთქვა მისთვის, მაგრამ ნინოს მოვერიდე და ეს საქმეც მომავლისთვის გადავდე... რესტორნიდან წამოსულებმა ჯერ ნინო მივიყვანეთ შინ. ზურა კი, კვლავ ჩემთან წამოვიდა.

- ზურა, მთელი კვირაა, ღამე შინ არ გაგითევია, - ვთქვი, როდესაც მარტო დავრჩით.

- შენ ამის წინააღმდეგი ხარ? არ გინდა, შენთან რომ ვარ? ისე, ხელს ხომ არ გიშლი რამეში? იქნებ, ვინმე უნდა მოვიდეს, არა?

- ენა გააჩერე და ნუ იკბინები. სულ ჩემთან რომ იყო, არ მომწყინდება, მაგრამ ვიცი, ერთ მშვენიერ დღეს, ხათუნა მომადგება შინ და მერე იმას უნდა გავცე პასუხი.

ხმა არ გამცა. როგორც ჩანს, ან პასუხი ვერ იპოვა, ან ფიქრში იყო გართული და ჩემი შეკითხვა არც გაუგონია. შინ რომ მივედით და საკუთარ "ციხესიმაგრეში" დავიგულე თავი, გული მომეცა და გადავწყვიტე, ჩემთვის საინტერესო ყველა თემაზე დავლაპარაკებოდი.

- ზურა, ხათუნა რომ მომადგეს სახლში, როგორ მოვიქცე? შემოვუშვა?

- ახლა მაგაზე ნუ ვილაპარაკებთ, მოდი, ჩემთან დაჯექი, - ისე მითხრა, ტელევიზორის ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია. გვერდით მივუჯექი, მივეხუტე და ნინოზე დავიწყე ფიქრი. აზრი ზურამ გამაწყვეტინა:

- ნატ, ხომ კარგად მოვიქეცი, ჩემი და რომ გაგაცანი? ახლა მოკავშირე გეყოლება მისი სახით და ვეღარავინ მოგერევა.

- კი, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ მას უნდა ჩემი მოკავშირეობა?

- შენ ნინოს არ იცნობ. ხათუნადან მოყოლებული, ყველა ქალს, რომელთანაც კი ურთიერთობა მქონია, მისი ეშინოდა. სულ პატარა შეცდომასაც კი არავის აპატიებს. ასეთი მეგობრის ყოლა შენთვის ნამდვილად სასარგებლოა, - მითხრა და თვალები დამიკოცნა.

- გამოდის, მართლაც მელის საფრთხე ვიღაც-ვიღაცებისგან... ასეა?

- შენ ხომ მშიშარა გოგო ხარ? ჰოდა, მარტოს რომ არ მოგიწიოს ბრძოლამ, ნინოს დაიხმარ და ვეღარავინ მოგერევა... - როცა ამას მეუბნებოდა, ისე იღიმოდა, რომ ვერ მივხვდი, ხუმრობდა თუ არა. მისმა სიტყვებმა ბაჩო და ის დღე გამახსენა, როდესაც ყურებამდე შეყვარებული, ციხის საკანში დავნებდი.

... უკვე მთელი 5 თვე იყო, რაც მასთან ყოველდღე მივდიოდი. ამასობაში ისე შემიყვარდა, რომ მის გარეშე გაძლება შაბათ-კვირასაც კი მიჭირდა. როდესაც სიყვარულში პირველად გამომიტყდა, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა. მეგონა, ფრთები გამომესხმებოდა და გავფრინდებოდი.

- როცა პირველად გნახე და სოფოზე გელაპარაკე, იმის მერე მინდოდა შენთან შეხვედრა, მაგრამ რაღაც მიშლიდა ხელს, სულ "პაბეგში" ვიყავი და ვიმალებოდი. ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან, ჩემს ცხოვრებას "დავალაგებდი" და მერე გნახავდი. როცა ციხეში მოვხვდი, მაშინ ვიფიქრე, შენი ნახვის ერთადერთი გზა ის იყო, რომ ფსიქოლოგი უნდა მომეთხოვა. შენი ტელეფონის ნომერიც მე მივეცი ადმინისტრაციას და ასე მოხვდი ჩემთან. როგორც იქნა, შეგხვდი და ახლა ვფიქრობ, იქნებ, არ მოვიქეცი სწორად? ვიცი, გიყვარვარ, მეც მიყვარხარ და ახლა, რა გვეშველება, არ ვიცი...

- რა იცი, რომ მიყვარხარ? - ვკითხე ათრთოლებულმა და ბედნიერმა.

- სარკეში ჩაგიხედავს? შენს თვალებს რომ დაჰკვირვებოდი, ამ კითხვას აღარ დამისვამდი.

მეგონა, გულდაგულ ვმალავდი ჩემს გრძნობას ბაჩოსთან, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ ვახერხებდი.

- კი, მიყვარხარ... - ისე ჩავიბურტყუნე, რომ ჩემი ხმა თვითონაც ძლივს გავიგონე.

ამის შემდეგ 2 თვე ისე გავიდა, რომ ამ თემაზე სიტყვა აღარ დაგვიძრავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყოველდღიური შეხვედრები ისევ გრძელდებოდა. ერთ დღეს კი, როდესაც დილით ციხის თანამშრომელმა ბაჩოს საკნის კარი გამიღო, იქიდან საოცარი სურნელი გამოვარდა. მაგიდაზე მინდვრის ყვავილების უზარმაზარი თაიგული იდო.

- ეს მე? - ვკითხე შესვლისთანავე.

- რა თქმა უნდა, ბაჩი, შენსავით მშვენიერი თაიგული მოვატანინე, - მითხრა და კარში "გაბოტილ" ციხის თანამშრომელს ხელით ანიშნა, რომ გასულიყო და კარი დაეკეტა. კარი ჩაირაზა თუ არა, მომეხვია, მაკოცა. წინააღმდეგობა არ გამიწევია. მივნებდი მის მკლავებსა და საკუთარ სურვილს. მე ხომ ამაზე დიდხანს ვოცნებობდი. არ ჩავთვალე საჭიროდ ყალბი უარის თქმა. გამალებით მკოცნიდა, თითქოს მთელი არსებით უნდოდა ჩემი შეგრძნება, თუმცა, რაღა თითქოს, ასეც იყო. ტუჩები მომაშორა, ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა:

- ბაჩი, დარჩი ჩემთან...

ამ ჩურჩულით ნათქვამმა სიტყვებმა თითქოს, საკნის ჭერი ჩამოანგრია. ირგვლივ ყველაფერი გუგუნებდა და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მე არ ვიყავი წინააღმდეგი, დავმორჩილებოდი მის თხოვნას თუ ბრძანებას, მაგრამ პასუხი მაშინვე არ გამიცია. იმისთვის, რომ ჩემთვის ბაჩოსთან დარჩენის უფლება მოეცათ, მას საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუხდა. სირცხვილით ვიწვოდი, როცა თანხმობა ვუთხარი, მაგრამ სურვილი სირცხვილზე ძლიერი აღმოჩნდა. მეორე დღეს, შუადღისას წამოვედი მისგან.

არასოდეს დამავიწყდება ციხის თანამშრომლის დამცინავი ღიმილი და ნათქვამი - კარგად ბრძანდებოდეთ, ქალიშვილო... - ეს ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა. გული ყელში მომებჯინა, მაგრამ მაინც, ამაყად თავაწეულმა დავტოვე საპყრობილე. მეორე დღეს, ჩვეულებრივად მივედი ბაჩოსთან. მოუთმენლად მელოდა. ჩემი წინა დღის განცდების შესახებ მოვუყევი და გულდაწყვეტილმა, ციხის თანამშრომლის სიტყვებიც ვუთხარი.

- ბაჩი, რატომ არ მითხარი, რომ ადრე მამაკაცი არ გყოლია?

- ეს აუცილებელი იყო? ამის ცოდნა რაიმეს შეცვლიდა?

- ალბათ, არაფერს, მაგრამ მაინც უნდა გეთქვა. რაც შეეხება ციხის თანამშრომელს, მაგაზე ნუ ინერვიულებ. ახლა ჩვენ ერთად ვართ და ვერავინ მოგერევა... ეს იყო ის სიტყვები, რომელიც ახლა, ზურასგან მოვისმინე და რამაც ბაჩო გამახსენა.

ჩემი და ბაჩოს "საქორწილო" ღამიდან 3 დღის შემდეგ, ციხის უფროსმა დამიბარა.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე