სიცოცხლემისჯილი (I ნაწილი) - გზაპრესი

სიცოცხლემისჯილი (I ნაწილი)

რეალურ ამბავზე აგებული რომანი, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის, ზაზა ჩუთლაშვილის (სახელი და გვარი შეცვლილი არ გახლავთ) თავგადასავალს მოგითხრობთ იმის შესახებ, როგორ დააპატიმრეს საგურამოს ტყეში 2 ადამიანის მკვლელობისთვის, ცრუ ჩვენება წამებით მიიღეს და 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, მაშინ, როცა კანონი მის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. დახვრეტა არ მუსაჯეს მიხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლომ იცოდა, რომ დანაშაული მისი ჩადენილი არ იყო და სასიკვდილოდ არ გაწირეს. ნაწარმოებს სახელიც - "სიცოცხლემისჯილი" სწორედ ამის გამო შევურჩიე. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ზაზას დედა შემთხვევით გავიცანი, შვილის შესახებ მისგან მოვისმინე და მისივე თხოვნით, ზაზას ერთხელ ინტერვიუსთვის ციხეშიც შევხვდი. ამის შემდეგ ის თავის თავგადასავალს წერდა და პაემანზე მისულ დედას ჩემთან ნაწილ-ნაწილ ატანდა. ასე შეიქმნა ეს რომანი. ზაზამ ბოლომდე მოიხადა 15 წელი და 3 წლის წინ გათავისუფლდა. ის რედაქციაშიც მეწვია, რამდენჯერმე ქუჩაშიც გადავეყარე... მუშაობს და ცხოვრებას აგრძელებს, თუმცა, ამაზე მეტი მის შესახებ არაფერი ვიცი. თუ გამომეხმაურება, სიამოვნებით შემოგთავაზებთ მასთან ახალ ინტერვიუს. ყველაფერი კი ასე მოხდა:

პირველი ნაწილი

- ზაზა! ზაზა! - ბუნდოვნად ჩამესმა ნინოს ხმა. თვალები გავახილე. მთლად ოფლში ვცურავდი, გული გამალებით მიცემდა, ნერვიულობისგან კი, კისრის ძარღვები დამძაბვოდა და მტკიოდა. ლოგინში წამოვჯექი, იდაყვებით მუხლებს დავეყრდენი და ხელის თითები თმაში შევიცურე. კარგა ხანს ვიყავი ასე. ნინო ალბათ აზრზე მოსვლას მაცდიდა და ხმას არ იღებდა. მის თბილ ხელისგულს ვგრძნობდი ჩემს ზურგზე და ცოტათი ვმშვიდდებოდი. მერე ბალიშზე მოწყვეტით დავეცი და ჭერს მივაპყარი მზერა.

- ზაზა, კოშმარი გესიზმრა? - ჩურჩულით მკითხა ნინომ.

- ჰო, საშინელი სიზმარი ვნახე. დიდ, ღრმა ორმოში ვიყავი. ისე ბნელოდა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ამოსვლას ვცდილობდი, ფრჩხილები დასისხლიანებული მქონდა მიწის ფხოჭნით. როგორც კი გავიფიქრებდი, რომ საშველი სადაცაა დამადგებოდა და ორმოდან თავს დავაღწევდი, პატარა ტანის 3 ბალნიანი არსება გამოჩნდებოდა ხოლმე. ერთი ფეხებზე მეკიდებოდა, მეორე თავზე მაჯდებოდა, მესამე კი ხელებს მაშვებინებდა ორმოს ნაპირზე და ისევ უკან ვვარდებოდი. საშინლად ვიტანჯებოდი.

- კარგი, დაწყნარდი, ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ხანდახან მართლაც უცნაური რამ დაესიზმრება ადამიანს.

როგორც ჩანს, ჩვენს ჩურჩულზე პატარა გიომ გაიღვიძა და ატირდა. ის 5 თვის იყო. იქვე, ჩვენ გვერდით, პატარა ხის საწოლში ეძინა. გიო ჩემი მეორე შვილია. უფროსი გოგონა მყავდა – ნათია. ნინო გიორგის დასაწყნარებლად ადგა. მე კი ფიქრებს მივეცი თავი.

როგორც ჩანს, წინადღეს მომხდარმა ავარიამ იმოქმედა ჩემზე ცუდად. ჩემს ისედაც დანგრეულ და დაფახფახებულ მანქანას ესღა უნდოდა?! 27 დეკემბერს, ღამით მორიგე ვიყავი. 28-ში დილით კი, მე და ჯუბა შინ ვბრუნდებოდით. ჯუბა ჩემი თანამშრომელია. თემურ მღებრიშვილთან, სპეცდანიშნულების რაზმში ერთად ვმუშაობდით და 2 თვის წინ, მცხეთის პოლიციაში ერთად გადმოვედით. იმ დილით, ჩვეულებრივად, მორიგეობიდან შინ ერთად ვბრუნდებოდით. მუხიანში ვცხოვრობდი. როგორც კი დიღმიდან გლდანში გადასასვლელ ხიდზე შევდექით, უკნიდან დარტყმა ვიგრძენი. მე და ჯუბა მანქანიდან გადმოვედით. თეთრი ფერის "გაზ-24" დამჯახებოდა. მძღოლი ვიცანი - ჩემი მეზობლის მეგობარი იყო. სიმთრვალისგან თვალებს ძლივს ახელდა, მაგრამ მაინც მიცნო. ძალზე შეწუხდა და თვითონვე შემომთავაზა, რომ ჩვენს საერთო მეგობართან ავსულიყავით მოსალაპარაკებლად. მეორე დღეს, 29 დეკემბერს ჩემი ნათიას დაბადების დღე იყო. რაიონში ვაპირებდი ასვლას. ახალი წელიც ახლოვდებოდა. ბევრ რამეში შემეშლებოდა ხელი და ამას ვწუხდი. რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ავარია ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდებოდა?!

... ნინომ გიორგი დააძინა და თვითონაც დაწვა. თავი მოვიმძინარე, რადგან არ მინდოდა, მისთვისაც გამეტეხა ძილი. მე კი საფიქრალი ბლომად მქონდა. კარგა ხანს ვიფხიზლე და გამთენიისას, როგორც იქნა, ჩამეძინა.

უხასიათოდ, მოთენთილმა გავიღვიძე. გუშინდელი დღის ამბებმა და ღამით ნანახმა კოშმარმა, როგორც ჩანს, ძალზე იმოქმედა ჩემზე. ის იყო, ხელ-პირი დავიბანე და საუზმობას ვაპირებდი, რომ კარზე დააკაკუნეს.

- ჯუბაა! – გამომძახა დერეფნიდან ნინომ.

- შემოდი, - დავუძახე სამზარეულოდან.

- როგორ ხარ? - ჯუბამ მხარზე ხელი დამარტყა და ჩემ წინ დაჯდა.

- ვერ ვარ კარგად. სუსტად ვგრძნობ თავს. ჩაის დალევ?

- არა, ვისაუზმე უკვე. ხომ არ გაარკვიე რამე, გუშინ საღამოს?

თავი უსიტყვოდ გავაქნიე, უარის ნიშნად.

- სამსახურში არ წავიდეთ?

- დღეს ნათიას დაბადების დღეა, სტუმრებს ველოდებით. ათასი რამ დაგვჭირდება ოჯახში, ნინოს უნდა მივეხმარო. საღამოს შენც დაპატიჟებული ხარ. მოდი, დღეს ნუ წავალთ სამსახურში.

- კარგი, როგორც შენ იტყვი, ისე მოვიქცეთ. წავალ, მეც ჩემს საქმეებს მოვაგვარებ, მაშინ.

ჯუბა აღარ შემიჩერებია. კარამდე მივაცილე.

- საღამოს გელოდები, იცოდე! - მივაძახე კიბეზე ჩამავალს.

- მოვალ! - პირველი სართულიდან მომესმა მისი ხმა.

***

მცხეთის რაიონის პროკურორის მოადგილის, ვაჟა ხუცურაულის კაბინეტში 2 ადამიანი იჯდა - ვაჟა და მე-6 განყოფილების უფროსი, ლევან მიგრიაული.

- სად არის ეს კაცი ამდენ ხანს - ნერვიულობისგან ყვრიმალი უთამაშებდა ვაჟას. ოთახში ერთი გრძელი მაგიდა, რამდენიმე სკამი და მომცრო ღუმელი იდგა, რომელშიც ნედლი შეშა შეეკეთებინათ და თავის თავსაც ძლივს ათბობდა. როგორც კი ქარი დაუბერავდა, კვამლი ოთახში შემოდიოდა და სუნთქვა შეუძლებელი ხდებოდა. კედელზე პრეზიდენტ შევარდნაძის ფოტო ეკიდა, რომელიც ალბათ კვამლს თუ გაეყვითლებინა და სინესტეს ოდნავ მოეჭმუჭნა.

- რომელ საათზე გყავს დაბარებული? - იკითხა ლევანმა და ღუმლის კარი გამოაღო. ცეცხლს სული შეუბერა, მაგრამ იქიდან გამოვარდნილმა კვამლმა ლამის დაახრჩო. გინებით მიხურა ღუმლის კარი და მაგიდასთან დაბრუნდა.

- გამარჯობა. - ღია კართან გამომძიებელი ლაშა გულდედავა იდგა. საკმაოდ ჩასუქებული, კარის ჭრილს თითქმის მთლიანად ავსებდა. სიცივისგან ლოყები დასწითლებოდა და ძლივს სუნთქავდა. ალბათ კიბეზე ამოსვლა ძალზე უჭირდა.

- მოდი, კაცო, სად ხარ ამდენ ხანს? - გულმოსულმა უთხრა ვაჟამ და სკამზე მიუთითა. ლაშა როგორც იქნა, სკამზე მოთავსდა და სქელი საქაღალდე წინ დაიდო. - ახალი რა არის?

- ამ საღამოს ავიყვანთ, - გამარჯვებული კაცის გამომეტყველებით თქვა ლაშამ.

- მთავარი აყვანა კი არა, საქმის ბოლომდე მიყვანაა. ისეთი არგუმენტები უნდა დავუდოთ წინ, რომ დედა უტიროს ყველაფერს, - საუბარში ლევანი ჩაერთო.

- კონსტანტინოვიჩ, აღიარების მიღება გაგვიჭირდება, - თვალები მოწკურა ლაშამ.

- კაცო, შენ აქამდე მომაყვანინე და მერე მე ვიცი. ხომ იცი, ჩემი გაუხსნელი საქმე არ არსებობს. გენერალურიდან ბევრი მადლობა მაქვს მიღებული. ეგ ტიპი პოლიციის თანამშრომელია. ძალიან დიდი პლუსი იქნება ჩვენთვის, თუ მას დანაშაულს დავუმტკიცებთ და დავსჯით.

- ვიცი, ვიცი... - ჩაიქირქილა ლაშამ და ლევანს მიუბრუნდა: - 10-12 კაი ნავარჯიშევი ბიჭი მჭირდება. ხომ იცი, ორმეტრიანი კაცია, მუტრუკივით ძალა ექნება. წინააღმდეგობა რომ გაგვიწიოს, წინასწარ უნდა ვიყოთ მაგისთვის მზად.

- გჭირდება და გეყოლება. რომელი საათისთვის მიდიხართ?

- დღეს ბავშვის დაბადების დღე აქვს, სტუმრებს 6 საათისთვის ელოდება. ჰოდა, ჩვეც მაგ დროს მივალთ. გაუხარდება, ამდენ საპატიო სტუმარს რომ დაინახავს... - ისევ ჩაიქირქილა ლაშამ.

- მანქანა რომ დაამტვრია, იმ საქმის მოახერხა რამე? - იკითხა ვაჟამ. ლაშამ ხელი ჩაიქნია - აქაოდა, სალაპარაკოდაც არ ღირსო.

- რაღად უნდა მანქანა?! "ჩორნი ვორონი" მოემსახურება უფასოდ... - ლევანის ამ სიტყვებზე ყველამ გაიცინა.

- აბა, თქვენ იცით, - თქვა ვაჟამ და ფეხზე წამოდგა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ვიზიტი დამთავრდა.

***

საღამო ხანს რამდენიმე ახლობელმა მოიყარა თავი ჩემს ოჯახში. თითქოს მეც გამომიკეთდა გუნება, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. სუფრასთან დავსხედით და სულ 3-4 სადღეგრძელო გვქონდა შესმული, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.

- ნინო, გაუღე, ეტყობა, კიდევ ვიღაცას გავახსენდით, - გავძახე მე. ნინოს არ ეცალა. კარი სიდედრმა გააღო. ოთახში რამდენიმე უცხო, ფორმიანი მამაკაცი შემოვიდა. 1... 2... 3... მათ სათვალავს ბოლო არ უჩანდა. მივხვდი, რომ ისინი სასიკეთოდ არ მოვიდოდნენ, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, წარმოდგენა არ მქონდა, რა საქმე უნდა ჰქონოდათ ჩემთან. ოთახში შემოლადგნენ და კედლის გასწვრივ ჩამწკრივდნენ. ოთხნი კი აქეთ-იქიდან ამომიდგნენ. ამ ახმახ ბიჭებს შორის, ცოტა ხნის შემდეგ, კარგად ჩასუქებული, დაბალი მამაკაცი შემოძვრა და თავი გამომძიებელ ლაშა გულდედავად წარმომიდგინა.

- ესენი ვინ არიან? - ვკითხე მას და ბიჭებზე მივუთითე.

- ესენი მცხეთის რაიონის პროკურატურისა და მე-6 განყოფილების თანამშრომლები არიან, - უცნაურად ჩაიცინა გამომძიებელმა.

- კი, მაგრამ რა ხდება?

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, გუშინ თქვენ ავარია მოგივიდათ.

- დიახ, მართალია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე საგანგაშო მოხდა და მთელი სპეცდანიშნულების რაზმი შინ უნდა მომეჭრას... მსუბუქი შეჯახება მოხდა, თანაც, ავარია თბილისში მომივიდა და არა – მცხეთაში. მე დავზარალდი... ესეც ცნობილია თქვენთვის?

- ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, ჩემო ზაზა, უბრალოდ, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. წამოგვყევი, ყველაფერი გაირკვევა და თუ უდანაშაულო ხარ, უკან გამოგიშვებენ.

- კი, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ სტუმრები მყავს? ამ საღამოს არ არის აცუილებელი ჩემი წამოსვლა, დილით მე თვითონ გამოვცხადდები თქვენთან.

- არ გამოვა. ახლავე უნდა წამოხვიდე, ჩვენ უნდა გამოგვყვე, - მითხრა და ბრძანება გასცა: - ხელბორკილი დაადეთ!

გაოგნებული ვიყავი. მე თვითონ ამ სისტემის თანამშრომელი ვიყავი და კარგად ვუწყოდი, რომ ასეთი მსუბუქი ავარიის გამო არც ამდენი სპეცრაზმელი მოვიდოდა და არც ხელბორკილს დამადებდნენ. ვერაფრით ვხვდებოდი, რას მერჩოდნენ. თუმცა, იმედი მქონდა, რომ რაღაც გაუგებრობაში მოვყევი, სულ მალე ყველაფერი გაირკვეოდა და ისევ ოჯახში დავბრუნდებოდი.

მანქანა მცხეთის პოლიციის შენობის ეზოში გაჩერდა. წელმოწყვეტილივით გადმოვედი. 2 თითქმის ჩემსიმაღლე ბიჭი აქეთ-იქიდან ამომიდგა, მკლავში ხელები ჩამჭიდეს და კიბეზე ისე ამიყვანეს. მესამე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში შემიყვანეს და სკამზე თითქმის ძალით დამსვეს.

ოთახში 3 კაცი დამხვდა. ორი ვიცანი - ვაჟა ხუცურაული და ლევან მიგრიაული; მესამე – გამომძიებელი ლაშა გულდედავა გახლდათ. სკამზე დავჯექი, მაგრამ ადგილს ვერ ვპოულობდი. ემოციებს ვერ ვფარავდი:

- რატომ დამიჭირეთ? ხელბორკილი რატომ დამადეთ? რაში მდებთ ბრალს? - კითხვებს სამივეს მისამართით ვსვამდი და მზერაც ერთიდან მეორეზე, შემდეგ - მესამეზე გადამქონდა. არც ერთი არ იღებდა ხმას. ეს უარესად მაცოფებდა.

- გამცემს პასუხს ვინმე თუ არა?! - ლამის მთელი ხმით ვიღრიალე.

- სად იყავი ამა წლის 25 ოქტომბერს? - უეცრად კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა ვაჟა ხუცურაულმა.

- კი, მაგრამ ავარია გუშინ მოხდა, 25 ოქტომბერი რა შუაშია?! რა ხდება? - ისევ ვერ ვისვენებდი მე.

- გაიხსენე, სად იყავი 25 ოქტომბერს! - დაჟინებით მეკითხებოდა პროკურორის მოადგილე. დავფიქრდი, მაგრამ ზუსტად ვერ გავიხსენე, სად ვიყავი იმ დღეს, 2 თვის წინ.

- მაგ დროს სპეცდანიშნულების განყოფილებაში, თემურ მღებრიშვილთან ვმუშაობდი. იმ დღეს ვერ ვიხსენებ. თემურთან გადაამოწმეთ, იქ ყოველი დღე დაფიქსირებულია და ზუსტ ინფორმაციას იქიდან მიიღებთ, - ვთქვი კარგა ხნის ფიქრის შემდეგ. მივხვდი, რომ ჩემმა პასუხმა მათში უკმაყოფილება გამოიწვია.

- თემურთან, არა?! - დამცინავად მკითხა ვაჟამ. - აბა, აბრძანდი მაგ სკამიდან! - დავემორჩილე და ფეხზე წამოვდექი. - იქით მიდი... - ხელი მკრა და კუთხეში მიმამწყვდია. კედელს ზურგით მივეყრდენი. - ასანიძე! – გასძახა ვიღაცას. ოთახში ერთ-ერთი მათგანი შემოვიდა, ვინც ჩემთან სახლში იყო მოსული. - ხელბორკილით მიაბი "ტრუბაზე"! - გასცა შემდეგი ბრძანება ვაჟამ. მივხვდი, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო. ასე რა შემთხვევაში იქცევიან ხოლმე, კარგად ვიცოდი, მაგრამ არც წინააღმდეგობის გაწევას ჰქონდა აზრი.

- რა გინდათ, რას მერჩით?! - მთელი ხმით ვყვიროდი. - ის მაინც მითხარით, რაში მდებთ ბრალს?

- ყველაფერს ძალიან მალე გაიგებ... - მითხრა ვაჟამ და ოთახში მყოფებს თავის მოძრაობით რაღაც ანიშნა. დანარჩენებიც წამოდგნენ და ოთახიდან გავიდნენ.

იატაკზე დავჯექი და თავი კედელს მივადე. "ნეტავ, რა შუაშია 25 ოქტომბერი?! ღმერთო, გამახსენე, სად ვიყავი მაგ დღეს!" - ვფიქრობდი ჩემთვის და გონებას ძალას ვატანდი, რომ თუნდაც მცირე დეტალი გამეხსენებინა, მაგრამ ეს დღე ჩემი მეხსიერებიდან ამოვარდნილი იყო.

დიდხანს არ მომიწია მარტო ყოფნამ. ორიოდე წუთში 2 სპეცრაზმელი შემოვიდა. ხელში "დუბინკები" ეჭირათ. გაოცებისგან თვალები დავჭყიტე. მივხდი, რაც ახლა, აქ მოხდებოდა, სასიამოვნო მოგონებების არქივში არ ჩაიწერებოდა. სულ რამდენიმე დღის წინ, 20 დეკემბერს, 23 წელი შემისრულდა. ასეთ სიტუაციაში კი, პირველად ვიმყოფებოდი.

- რა ქენი, გაიხსენე? - მკითხა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა. პასუხი არ გავეცი.

- კარგი, მაშინ ჩვენ დაგეხმარეით და გაგახსენებთ... - კრეჭვთ თქვა მეორემ. - გახსოვს, 25 ოქტომბერს, საგურამოს ტყეში 2 ადამიანი როგორ მოკალი?

- თქვენ რა, მეხუმრებით?! - ვიკითხე გაოცებულმა.

- გვეტყობა რამე, რომ ვხუმრობთ? - მკითხა პირველმა.

- სახუმაროდ გაქვს საქმე, შე უბედურო?! - დაამატა მეორემ.

- რას ამბობთ? საგურამოში ნამყოფიც კი არ ვარ, სულ სამჯერ ვარ გავლილი მაგ ტერიტორიაზე. ერთხელ მაშინ, როცა სოფელ ზაქაროში მივდიოდი, მეორედ - ახატანში, მესამედ კი, ბიწმენდში სტუმრობისას, ხომ არ გაგიჟდით?!

- ჩვენ გავგიჟდით, არა?! ადამიანებს რომ ხოცავ გულგრილად, ის კარგია?! ახლა გაიხსენე მკვლელობის დეტალები, თორემ ცუდად გექნება საქმე!

- ცხოვრებაში ქათამიც არ დამიკლავს, ადამიანის მკვლელობას მტენით? - ვიღრიალე. მივხვდი, რომ საქმე იმაზე გაცილებით სერიოზულად იყო, ვიდრე წარმოვიდგენდი. სიტყვა "მკვლელობა" მეხივით გავარდა ჩემ თავს ზემოთ. ყურები დამიგუბდა. სისხლი სახეზე მომაწვა. ხელები ჩემდა უნებურად მომემუშტა.

- ადამიანის კი არა, ადამიანების... ახალგაზრდა ქალის და კაცის მკვლელობაზეა ლაპარაკი, - დამიზუსტა ისევ პირველმა.

- მე მკვლელი არა ვარ! ჩემი დაღუპვა გინდათ?! ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დახურული!.. ვერ შემომტენით მკვლელობას!.. - მთელი ხმით ვყვიროდი ისევ. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ ერთ-ერთმა "დუბინკა" მთელი ძალით მოიქნია და გვერდში მომარტყა. ხმამაღლა დავიკვნესე. მეორემ ფეხსაცმელი გამხადა და შემდეგი დარტყმა ფეხის გულებში მივიღე.

... ხმამაღლა ვღრიალებდი. ისინი კი ჩემს ცემას განაგრძობდნენ. რიგრიგობით მირტყამდნენ. ერთი რომ დაიღლებოდა, მეორე აგრძელებდა ჩემს წამებას. ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ. ეს გაუსაძლისი ტკივილი იყო. ხმა ჩამიწყდა ღრიალისგან. მხოლოდ ხავილი ამომდიოდა ყელიდან და მაინც ვცდილობდი, ხმა მიმეწვდინა ჯალათებისთვის.

- ვიღაცაში გეშლებით... მკვლელი არა ვარ... არ მომკლათ... - ვხაოდი და ვგრძნობდი, რომ ჩემი სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო.

- შენ ხარ მკვლელი, ყვითელი "ჟიგული" შენ გყავს!.. - ხმამაღლა ყვიროდა ერთ-ერთი ჯალათი. სუნთქვა მიჭირდა. მთელი სხეული დაბეგვილი მქონდა. ვნატრობდი, მხოლოდ 1 წუთით მოეცათ ამოსუნთქვის საშუალება. ამ დროს ოთახის კარი გაიღო და ვაჟა და ლაშა შემოვიდნენ.

- აბა, ბიჭებო, რას ამბობს? აღიარა დანაშაული? - იკითხა პროკურორის მოადგილემ. ჯალათებმა ერთდროულად გააქნიეს თავები უარის ნიშნად. მე უკვე საერთოდ ვეღარ ვიღებდი ხმას. ვაჟას და გამომძიებელს მხოლოდ თვალებით ვთხოვდი შველას. მაგრამ მათ ჩემი სიტყვებისაც არ სჯეროდათ და თვალებით ნათქვამს გაიგონებდნენ?!. სულ 2 წუთით შეყოვნდნენ ოთახში და გავიდნენ.

ისევ გაგრძელდა ჩემი წამება. დეკემბრის სუსხიან ამინდში, გაყინულ ოთახში ოფლად იღვრებოდნენ, ისეთი მონდომებით მირტყამდნენ. მერე უეცრად ჩემი ცემა შეწყვიტეს. თვალები გავახილე. ერთი მეორეს გადატეხილ "დუბინკას" უჩვენებდა.

- ნახე, გადატყდა...

- ყველაფერს უხარისხოს უშვებენ, მე ამათი დედა!.. - შეიგინა მეორემ და ერთი "დუბინკით", მონაცვლეობით ჩემი "დამუშავება" განაგრძეს. ცოტა ხანში კარი ისევ გაიღო და ისევ ის 2 ადამიანი გამოჩნდა. მათი დანახვა ისე გამიხარდა, თითქოს ახლობლები ყოფილიყვნენ. მათი ოთახში გამოჩენა იმას ნიშნავდა, რომ ცოტა ხნით მაინც ჩემს ცემას შეწყვეტდნენ და თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება მექნებოდა.

- ჰა, ალაპარაკდა ბიჭი? - იკითხა გამომძიებელმა. ჯალათებმა ისევ გააქნიეს თავი უარის ნიშნად.

- რატომ არ ამბობ, რომ საგურამოში მოკლული 2 ადამიანი შენი მსხვერპლია? - წამომადგა თავზე ვაჟა. ხმას ვერ ვიღებდი. მხოლოდ ამოვიკვნესე. - რა იყო, ბიჭო, ცუდად ხომ არავინ გექცევა? ხომ არ გცემენ ეს არამზადები? - მკითხა დამცინავად და კარისკენ გაემართა. - განაგრძეთ! - გასცა ბრძანება გასვლისას.

- "დუბინკა" გაგვიტყდა, უფროსო, - მიაძახა ერთ-ერთმა.

- სხვა მეთოდი არ არსებობს?.. - იკითხა გამომძიებელმა და კარი გაიხურა. ერთი ჯალათი იქვე ჩამოჯდა, მეორე კი გასულებს უკან მიჰყვა. ცოტა ხანში მობრუნდა. ხელში ცელოფანის პარკი ეჭირა.

- მომეხმარე, - უთხრა მეორეს. ცელოფანის პარკი თავზე ჩამომაცვეს და ყელზე რაღაც მომიჭირეს. თან მეორე ხელი გამიკავეს, რომ ცელოფანი არ მომეგლიჯა. სული შემეხუთა. სიკვდილის სუნს იქვე, ახლოს ვგრძნობდი. 2 წუთის მერე ვიგრძენი, რომ გონს ვკარგავდი. ხელები ჩამომიცვივდა და მთელი ტანით მოვეშვი. ცელოფანი ამაგლიჯეს და ვედრით წყალი შემომასხეს... აზრზე მოვედი. განსჯის უნარი დამიბრუნდა. იმის მიუხედავად, რომ გარეთ ყინვა იყო და ოთახშიც თითქმის იგივე ტემპერატურა, ცივი წყალი თითქოს მალამოდ მოედო ცემით გახურებულ და დასივებულ სხეულს. რომ მიხვდნენ, გონს მოვედი, ისევ ჩამომაცვეს ცელოფანი თავზე და ისევ გადამიკეტეს ჟანგბადი... მერე ისევ ცივი წყლით მომიყვანეს გონზე... ასე მაწამეს მთელი ღამის განმავლობაში. რომ ინათა, ისევ შემოვიდა გამომძიებელი და თქვა:

- სასწრაფოდ "კამერაში" ჩავიყვანოთ, ახლა თანამშრომლები მოვლენ. იმდენი ბოზია მათ შორის, ვინ იცის, სადმე წამოაყრანტალოს ეს ამბავი. დღისით დაისვენოს, საღამოს ისევ გავაგრძელოთ დაკითხვა.

- ადექი! - მიბრძანა ერთ-ერთმა ჯალათმა. მაგრამ სად მქონდა ადგომის თავი?! ფეხის გულებში იმდენი მირტყეს, ვერაფრის დიდებით ვერ გავივლიდი. ისევ დამიწყეს ცემა.

- ადექი, შენი!.. გამოადგი ფეხი!.. - მიყვიროდნენ მთელი ხმით. ვერ შევძელი წამოდგომა. სვიტერის საყელოში ჩამავლეს ხელი და ასე, იატაკზე თრევა-თრევით გამიყვანეს. მეზიზღებოდნენ ჯალათები, მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო იყო. მინდოდა, სახეში შემეფურთხებინა მათთვის, მაგრამ მაგის თავიც აღარ მქონდა. გვერდითა ოთახიდან კიდევ ვიღაცის წამების ხმა მესმოდა და ძალიან მეცოდებოდა, თუმცა, არ ვცოდი, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო. ჩამათრიეს სარდაფში, სადაც წინასწარი დაკავების საკანი - ე.წ. "კაპეზე" იყო. სარდაფში ბნელოდა, ციოდა... თავიდან ფეხებამდე სველი ვიყავი. სიცივე ძვალსა და რბილში გამიჯდა. ერთიანად ვკანკალებდი. კარი მხოლოდ ნახევრად გამოაღეს, რადგან ბოლომდე არ იღებოდა და საკანში შემაგდეს.

კარგა ხანს ვეგდე იქვე, კართან. საკანში სრული სიჩუმე იდგა. ცოტა სული რომ მოვითქვი, ვცადე, ოთახის შუაგულისკენ გავხოხებულიყავი. იმედი მქონდა, რომ რაიმე საწოლის მაგვარი იქნებოდა და დაბეგვილ სხეულს დავასვენებდი.

- მოიცა, ძმაო, მოიცა... მომესმა ვიღაცის ხმა. - დაგეხმარებით...

სიბნელეში ვერ გავარჩიე ჩემკენ დახრილი სახე, მაგრამ იმის შეგრძნებამ, რომ მარტო არ ვიყავი, თითქოს იმედი ჩამისახა.

ორმა კაცმა იღლიაში ხელები ამომდო და ნარზე დამაწვინა. განძრევის თავი არ მქონდა. ტვინიც კი გამეყინა. მციოდა და მთელი ტანი მტკიოდა. თვალი ნელ-ნელა შევაჩვიე სიბნელეს. 2 ადამიანის ფიგურას ბუნდოვნად ვხედავდი. ისინი მიდი-მოდიოდნენ ოთახში და ხმას არ იღებდნენ. ქუთუთოები დამიმძიმდა. ძილი მომერია, მაგრამ ვერ ვახერხებდი დაძინებას. სიცივისგან კბილს კბილზე მაცემინებდა, ტანი კი ისე მიხურდა, რომ ვგრძნობდი, სველი ტანსაცმლიდან ოთრქლი როგორ ადიოდა. კარგა ხანს ვეგდე ასე. მერე, როგორც ჩანს, ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე, ალბათ, უკვე შუადღე იქნებოდა. როგორც კი ჩემმა თანამესაკნეებმა დაინახეს, რომ თვალი გავახილე, ერთ-ერთი გვერდით მომიჯდა.

- რა გქვია, ძმაო?

- ზაზა... - ისე ჩუმად ვთქვი, საკუთარი ხმა ძლივს გავიგონე.

- სიგარეტი გინდა? - თანხმობის ნიშნად, თავი დავუქნიე. მან თავისი ხელით მომიტანა ტუჩებთან სიგარეტის ღერი. მარჯვენა ხელი გაჭირვებით ავწიე და სიგარეტი გამოვართვი. დანესტიანებული ასანთის ღერი ძლივს, ალბათ მეათე მცდელობაზე აინთო, ფშშშ... - ხმა გამოსცა და ჩაქრა. შემდეგი ღერი აინთო. ცეცხლის შუქზე შევათვალიერე ჩემი თანამოსაკნე. წვერგაუპარსავი იყო, ჯაგარივით თმა ყალყზე ედგა. ხელებზე კი, მწეველი კაცისთვის დამახასიათებელი, ნიკოტინის სუნი ასდიოდა. კვამლი ღრმად შევისუნთქე. მესიამოვნა. ვიგრძენი, სისხლმა როგორ მიიტანა ნიკოტინი თითოეულ უჯრედამდე. რამდენიმე ნაფაზი დავარტყი და საშინელი ხველა ამიტყდა.

- ფილტვებში გირტყეს? - თავი დავუქნიე. - მე ლევანა ვარ, მუხრანელი. "კრივოი" ლევანა გაგიგონია? - უარის ნიშნად თავი გავაქნიე. - ის კიდევ, დავითაა, - მიმითითა მეორეზე. მხოლოდ ლევანა ლაპარაკობდა. თვალებით მეორე მოვძებნე. ის თავისთვის იჯდა, ფეხი ფეხზე გადაედო და ღიღინებდა. ჩვენ ყურადღებასაც არ გვაქცევდა. მელოდიას მივაყურადე. საბჭოთა კავშირის ჰიმნი იყო...

- აღიარე? - არ მეშვებოდა ლევანა.

- მე დამნაშავე არა ვარ, - კბილებში გამოვცერი ეს რამდენიმე სიტყვა.

- ვიცი, ვიცი, - გაიკრიჭა და სიგარეტს თვითონაც მოუკიდა. - რა ჩაიდინე? - კბილები გავაღრჭიალე. - ვაა, კარგი, ჰო... მე მეოთხე "სროკზე" მივდივარ და არც ერთხელ არ ვიყავი დამნაშავე. ისე, წინა "სროკზე" კი მაგრა უნამუსოდ მომექცნენ. ყაჩაღობა-გაუპატიურება შემტენეს. არა, ყაჩაღობა გამიგია, როცა სახლში შეუვარდები ვინმეს, "ჰოპსტოპზე" შეაყენე, დააუთოებ და წაართმევ. მე კიდევ, დავაკაკუნე, კარი თვითონ გამიღო. შევედი და "დობრად" ვთხოვე, ფული მჭირდება და მომეცი-მეთქი. იმ ქალმაც გამოიტანა და მომცა. თითი არ დამიკარებია. იარაღიც არ ამომიღია. სახლში მარტო იყო და ალბათ ვინმეს ელოდა, ისე უცებ და უხმაუროდ გამიღო კარი. ტანზე თეთრი ღამის პერანგი ეცვა. მივედი, გულისპირი გამოვუწიე და მკერდში ჩავხედე. წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამათ კიდევ, გაუპატიურებაო, ამათი დედაც!.. - შეიგინა და გვერდზე გადააფურთხა. გული მერეოდა. ასე ნაცემი და დაუძლურებული რომ არ ვყოფილიყავი, ამ კაცს მაგრად ვცემდი.

- შენ რა ჩაიდინე? - ლევანას ამ სიტყვებზე, დათომ გამომხედა და ისე, რომ ღიღინი არ შეუწყვეტია, რაღაც მანიშნა. მივხვდი, ლევანაზე მანიშნებდა. - ზაზა! - ჩამძახა ისევ ლევანამ. მე ხელი ავუქნიე. დათოს მინიშნებას მივხვდი: "ნასედკააო", - მაფრთხილებდა ლევანაზე. ის კი არ ისვენებდა: - თუ მკვლელობას გტენიან, ძმაოოო...

- წყალი დამალევინეთ, - ვთქვი ხმადაბლა. დათო ადგა და ჭიქით წყალი მომაწოდა. წამოწევა ვცადე, მაგრამ ტკივილისგან თვალთ დამიბნელდა. დათო და ლევანა მომეშველნენ, ზურგს უკან ხელები შემიცურეს და წამომაყენეს. წყალს ჭაობის გემო ჰქონდა. საშინლად ყარდა. ვერ გადავყლაპე და უკან გადმოვაფურთხე. ისევ დავწექი და ფიქრი დავიწყე. ლევანა არ ისვენებდა. გვერდიდან არ მშორდებოდა და უამრავ კითხვას მისვამდა, მაგრამ მე ჯუიტად ვდუმდი. მასთან ლაპარაკის თავი არ მქონდა. ბოლოს მიხვდა, რომ ხმის ამომღები არ ვიყავი და თავი დამანება. თავში აზრიც კი მეფანტებოდა. რასაც გონებაში ვიმეორებდი, იყო მხოლოდ - რატომ მაინცდამაინც მე? რატომ გამწირეს? როგორ უნდა დავიხსნა თავი ამ ჯალათებისგან? იმედი მქონდა, რომ აუცილებლად გაირკვეოდა სიმართლე და ადრე თუ გვიან გამიშვებდნენ, მაგრამ როდის დადგებოდა ეს დღე? როდის დაიჭერდნენ ნამდვილ დამნაშავეს?.. ამასობაში დღე გავიდა. მოსაღამოვდა თუ არა, საკნის კარი გაიღო და 2 მამაკაცი შემოვიდა.

- ჩუთლაშვილი, გამოგვყევი... - თქვა ერთმა და ღია კართან გაიბოტა. მეორე კი ახლოს მოვიდა და ჩემი აყენება სცადა. ვერ ვინძრეოდი. რომ მიხვდნენ, ჩემი ფეხით წამსვლელი ვერ ვიყავი, აქეთ-იქიდან ჩამჭიდეს ხელი და ასე, ჰაერში აწეული ამიყვანეს იმ ოთახში, სადაც წინა დღეს ვიყავი. ოთახში ისევ ვაჟა ხუცურაული და გამომძიებელი დამხვდნენ. ბიჭებმა ოთახში შემიყვანეს და იატაკზე დამაგდეს. როგორ არ მინდოდა, ამ ხალხის წინ ასე დაცემული ვყოფილიყავი, მაგრამ მოტეხილი ტოტივით ვქანაობდი და ფეხზე დგომის თავი არ მქონდა. ზიზღით სავსე თვალებით შევხედე ლაშას. თითქოს მის გამოხედვაში ვეძებხი პასუხებს ჩემს კითხვებზე. თითქოს იმედი მქონდა, რომ ახლა მეტყოდნენ: - ყველაფერი გაირკვა და თურმე, დამნაშავე არ ყოფილხარო... ველოდი... ველოდი, რომ ამას გავიგონებდი, მაგრამ...

- ზაზა, აღიარე დანაშაული... ახალგაზრდა კაცი ხარ, 2 შვილის პატრონი და არ მინდა, შემოაკვდე ჩემს ბიჭებს, - ჩემკენ დაიხარა ვაჟა. - ჩემი მამაშვილური რჩევა იქნება, ყველაფერი დაწვრილებით მოჰყვე. - თვალებში ჯიქურ შევხედე და თვალი თვალში გავუყარე. ვერ გაუძლო ჩემს მზერას, წელში გასწორდა და თავი ამარიდა.

- არ დამღუპოთ, თქვენც კარგად იცით რომ დამნაშავე არა ვარ... - რაც შეიძლებოდა, მშვიდი ტონით ვთქვი.

- ესე იგი, არ აღიარებ, არა? - ეს უკვე ლაშას ხმა იყო.

- შენ გაჩუმდი, შე ნაბოზარო!.. - მისმა არაბუნებრივად წვრილმა ხმამ მდგომარეობიდან გამომიყვანა და თავი ვერ შევიკავე. ლაშა ახლოს მოვიდა, სვიტერის საყელოში ხელი ჩამავლო, ჯერ წამომწია, მერე ხელი მკრა და უკან გადამაგდო.

- მე შენ გაჩვენებ ნაბოზარს!.. - კბილებში გამოცრა. - გავიდეთ, ვაჟა, ბიჭები აალაპარაკებენ...

ოთახიდან ორივე გავიდა. ცოტა ხანში კი, ისევ ის 2 ტიპი შემოვიდა, რომელმაც წინაღამეს მაწამა. მათ მესამეც შემოჰყვა. ის ვინ იყო, არ ვიცი... როგორც ჩანს, ისინი ყველაზე ერთგული ლეკვები იყვნენ და უფროსები ენდობოდნენ. "დუბინკის" დანახვაზე, ყველა კუნთი თავისით შემეკუმშა. ეს სწორედ ისეთი რეაქცია იყო, როგორიც ცოცხით ნაცემ ძაღლს ცოცხის დანახვაზე ემართება.

- იტყვი თუ დავიწყო? - მკითხა ერთ-ერთმა. ხმა არ გავეცი.

- დავიწყოთ... არ ჰგავს ეს იმ კაცს, თავისით რომ ალაპარაკდება... - შეძახა მეორემ.

პირველი დარტყმა ისევ ფეხის გულებში მივიღე. ახლა უკვე სამნი ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. დასივებულ სხეულზე თითოეული დარტყმა დენივით მივლიდა ტვინში. ეს ისეთი ტკივილი იყო, რომლის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. ტკივილისგან გონს ვკარგავდი. ცივი წყლით მასულიერებდნენ და განაგრძობდნენ ჩემს ცემას. თვალწინ ერთი სურათი მედგა. ტელევიზორში ვნახე, როგორ ამზადებდნენ კერძს დაბეგვილი ხორცისგან. მაგიდაზე დადებულ ხორცის ნაჭერს ხის ჩაქუჩით ბეგვავდნენ. ის თანდათან ბრტყელდებოდა... რა დროს ამის გახსენება იყო, მაგრამ თვალწინ ეს მოქმედება მედგა. "დუბინკის" თითოეულ დარტყმაზე ჩაქუჩის თითო დარტყმა მედგა თვალწინ და მეგონა, რომ მეც იმ ხორცის ნაჭერივით ვბრტყელდებოდი. სისხლის სუნსაც კი ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ადგილებში მირტყამდნენ, სადაც სისხლი არ გამოჟონავდა... არ მახსოვს, რამდენი საათის განმავლობაში მცემდნენ ასე, შეუჩერებლივ - ალბათ 1 ან 2, ან იქნებ, სულაც, 5 წუთი? დროის შეგრძნება დავკარგე. მხოლოდ ტკივილის შეგრძნება დამრჩა. სულიც კი მტკიოდა.

კარის ხმა გავიგონე. თვალები არ გამიხელია. ვიცოდი, ვაჟა და ლაშა იქნებოდნენ. მათი დახანვაც კი არ მინდოდა. მთელი ჩემი უბედურების მიზეზი ეს 2 ადამიანი იყო. ვაჟა მოვიდა და ჩემკენ დაიხარა:

- თქვი, ბიჭო, თქვი! მაინცდამაინც უნდა მოკვდე?! რაც მალე აღიარებ დანაშაულს, მით მალე მორჩება ეს ჯოჯოხეთი.

- რა ვთქვა? დამნაშავე არა ვარ, ისიც არ ვიცი, დანაშაული სად მოხდა, როგორ, რით მოკლეს...

- მაგას ჩვენ გეტყვით... შენ ოღონდ თქვი, აღიარე... - უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

- თემური ნახეთ, მღებრიშვილი... ის გეტყვით, სად ვიყავი 25 ოქტომბერს... თემური ნახეთ... თემური ნახეთ... - ვიმეორებდი ჯიუტად. ცოტა ხანში კარის გაჯახუნების ხმა გავიგონე. მივხვდი, ისევ დაიწყებოდა ჩემი წამება და მოვემზადე, მაგრამ რატომღაც აგვიანებდნენ. თვალები ოდნავ გავახილე. ოთახში მარტო ვიყავი. მინდოდა, სახეზე ხელი მომესვა, მაგრამ ხელბორკილმა, რომლითაც "ბატარეაზე" ვიყავი მიბმული, არ გამიშვა. სიმწრისგან გამეცინა. ისე დამაბეს, თითქოს გაქცევას შევძლებდი. ვცადე, თავი მიმეტანა ხელებთან, მაგრამ ვერც ეს შევძელი. ამ დროს კარი გაიღო და ჯალათები ისევ შემოვიდნენ. თან რაღაც უცნაურ დანადგარს მოათრევდნენ. ასეთი რამ ბავშვობაში, ფიზიკის კაბინეტში მქონდა ნანახი; 2 მრგვალი დისკო, რომელსაც სახელური ჰქონდა; თუ ამ სახელურს დაატრიალებდი... თუ ამ სახელურს დაატრიალებდი... თუ ამ სახელურს დაატრიალებდი... ღმერთო! დენი! დენი გამოიყოფა, თუ ამ სახელურს დაატრიალებ... და რაც უფრო დიდი სიჩქარით დაატრიალებ, მით მეტი ელექტროენერგია გამოიყოფა... თვალები დავხუჭე. უკვე ყველაფრისთვის მზად ვიყავი... ვგრძნობდი, რომ ახლა კიდევ ერთი დროის მონაკვეთი უნდა გადამეტანა, რომელიც ჯოჯოხეთის ტოლფასი იქნებოდა. დანადგარიდან გამომავალი 2 სადენი ერთმა ზურგზე მიმამაგრა, მეორემ კი სახელური დაატრიალა. დენმა ტანში დამიარა, ყველა კუნთი დაჭიმა და არაადამიანური ტკივილი მომაყენა. ხმამაღლა დავიყვირე. სახელურის ტრიალი შეაჩერეს.

- ჰა, იტყვი? თუ გავაგრძელო?

თავი მკერდზე ჩამომივარდა. ისევ წყლით მომასულიერეს. მერე ისევ დაატრიალეს სახელური. თანდათან უმატებდნენ სიჩქარეს და მეც ტკივილი მემატებოდა. ისევ დავკარგე გონი. ისევ მომასხეს წყალი. ამ დროს კარი გაიღო და უცნობი ასაკოვანი მამაკაცი შემოვიდა. ჯერ შორიდან მიყურებდა, მერე ახლოს მოვიდა. მეგონა, მხსნელი მოვიდა-მეთქი.

- შენ მოკალი ჩემი შვილი? - მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა. თვალები დავაჭყიტე.

- რას ამბობ, ბიძია?! მე არ ვარ მკვლელი, მიშველე, უთხარი, რომ მე არ მომიკლავს, თორემ, მკლავენ ეს ნაბოზრები... იმის აღიარებას მთხოვენ, რაც არ ჩამიდენია... ამის თქმა იყო და, ჯალათები მეცნენ. წიხლები დამიშინეს...

- რას ბოდავ, შენ მოკალი, აბა, ვინ მოკლა?! - თან ხმამაღლა ღრიალებდნენ. მკლულის მამაც აგრესიული გახდა.

- შვილებს... შვილებს დაგიხოცავ, რომ გაიგო, შვილის სიკვდილი რა მწარეა!.. მერე კი, შენც მოგწვდები... რა დაგიშავა ჩემმა შვილმა, რატომ მომიკალი?

- არ მომიკლავს... - ცრემლები პირველად წამომცვივდა ამ 2 დღის განმავლობაში. - არ ვიცნობდი შენს შვილს, თვალითაც არასოდეს მინახავდს...

ამ კაცს მუშტები შეეკუმშა. ვიგრძენი, რომ მზად იყო, იქვე გავენადგურებინე. როგორც ეუბნებოდნენ, მასაც ისე სჯეროდა. დარწმუნებული იყო, რომ მკვლელი მე ვიყავი... მარტოხელა მგელივით, დაუნდობელი იქნებოდა, უფლება რომ მიეცათ და ჩემთან მარტო დაეტოვებინათ... ის მალე გაიყვანეს ოთახიდან. დავრჩი ისევ ჯალათების პირისპირ. კარგა ხანს გაგრძელდა "დუბინკებით" ჩემი დამუშავება. მერე ისევ გაიღო კარი და ვაჟამ და ლაშამ სულ მთლად ახალგაზრდა ბიჭი შემოიყვანეს. სრულწლოვანიც არ იქნებოდა. ის შორიახლოს დააყენეს, შეშინებუი თვალებით მიყურებდა. ხელები უკანკალებდა.

- იცნობ ამ კაცს? - ჰკითხა ლაშამ.

- არა, არ ვიცნობ, - ბიჭმა, უარის ნიშნად, თავიც გააქნია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ახალგაზრდა მკვლელობის მთავარი მოწმე, ნიკა ტატიშვილი იყო... ის სასწრაფოდ გაიყვანეს ოთახიდან. ჯალათებმა კი ჩემი წამება დილამდე განაგრძეს. გამთენიისას კვლავ სარდაფში ჩამიყვანეს. ამჯერად, არც დათოს და არც ლევანას ხმა არ გაუღიათ. როგორც იქნა, ჩამეძინა. თვალები რომ გავახილე, ოთახში ბნელოდა. მივხვდი, რომ საღამო იყო. დაეღამების მეშინოდა, რადგან ვიცოდი, ისევ არაადამიანური ტანჯვის ატანა მომიხდებოდა.

- ამაღამ ახალი წელია, ალბათ დაგასვენებენ, - მითხრა ლევანამ. როგორც ჩანს, სიბნელის მიუხედავად, მიხვდა, რომ გავიღვიძე. ახალი წლის ხსენებაზე, ერთი ახალი წელი გამახსენდა, რომელიც ყველაზე ბედნიერი იყო ჩემთვის. ეს 2 წლის წინ იყო, როდესაც ჩემი ნათია დაიბადა. მართალია, ბიჭზე ვოცნებობდი, მაგრამ როდესაც 29 დეკემბერს გოგოს დაბადება მახარა სამშობიაროს ექთანმა, ბედნიერებისგან ფეხზე ვეღარ ვიდექი. მე მამა გავხდი... საყვარელი ადამიანისგან შვილი შემეძინა... ამაზე დიდი ბედნიერება განა არსებობს?! ჩემი მშობლები ლაგოდეხში ცხოვრობდნენ. დედა მეხვეწებოდა, რომ ახალ წელს მასთან წავსულიყავი, მაგრამ თბილისში ყოფნა ვარჩიე. ახალ წელს სამშობიაროს ეზოში შევხვდი. ნინო ფანჯარასთან იდგა, მე ქვევიდან შევყურებდი და ისეთი ბედნიერი ვიყავი, მეგონა, ვერაფერი მომერეოდა. დილამდე იქ ვიდექი, რადგან მინდოდა, ჩემი საყვარელი 2 ადამიანის ახლოს ვყოფილიყავი. ისინი ხომ იქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე იყვნენ. ვერ ვეფერებოდი, ვერ ვეხებოდი მათ, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი... ამ დღის გახსენებამ ახლა, საშინელ ხასიათზე დამაყენა. ოჯახი მომენატრა. ჩემს ნათიასთან და გიორგისთან ჩახუტების ისეთი ძლიერი სურვილი გამიჩნდა, რომ ტანი ამეწვა. გული ყელში მომებჯინა და ცრემლიც სადღა, იქვე გამეჩხირა. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე.

- წყალი ხომ არ გინდა? - ვერ გავარჩიე, რომლის ხმა იყო, მაგრამ არაფერი მიპასუხია. გადაბრუნება ვცადე, მაგრამ ტკივილმა ისე დამიარა, რომ მხოლოდ ამოვიკვნესე. დიდი ხანი არ გასულა, რომ კარი გაიღო. თვალები დავხუჭე. ვიცოდი, ახლა ჩემს წასაყვანად მოვიდოდნენ. ხელი ჩამავლეს და ისევ მესამე სართულზე ამათრიეს. სკამზე დამსვეს, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი. მაგიდას მოვეჭიდე ხელით, რომ ძირს არ გადმოვვარდნილიყავი. თავბრუ დამეხვა და თვალები დავხუჭე. მალე ისევ ის ბიჭები შემოვიდნენ, ვინც 2 დღე მაწამებდა.

- რომელი საათია? - ინსტინქტურად ვიკითხე.

- 11-ის ნახევარია, - ჩაიცინა ერთ-ერთმა...

- ახალ წლამდე საათ-ნახევარი დარჩა... - ისევ ინსტინქტურად ვთქვი. ალბათ მინდოდა, შემეხსენებინა ჯალათებისთვის, რომ ახალი წელი ახლოვდებოდა და ახლა მაინც გამოეჩინათ გულმოწყალება.

- ახალ წელს რადგან ელი, კარგად ყოფილხარ, - მითხრა ისევ იმან, ვინც პირველად დამელაპარაკა და "დუბინკა" მომიქნია. გვერდში მომარტყა. იატაკზე დავვარდი. ძლივს ამოვისუნთქე. მომდგნენ და დაუზოგავად დამიშინეს წიხლები და "დუბინკები". ყვირილის თავიც აღარ მქონდა. კარგა ხანს მირტყეს. მერე ორივე, ოთახიდან გავიდა. გვერდით ოთახიდან ტელევიზორის ხმა ისმოდა. მალე "მრავალჟამიერი" მომესმა. მივხვდი, ახალი წელი დადგა. მე კი იატაკზე ვეგდე მოკრუნჩხული და სიცივისგან თუ ნერვებისგან, ერთიანად ვკანკალებდი. ვცადე, ფეხზე წამოვმდგარიყავი. მინდოდა, ფანჯარასთან მივსულიყავი და ძირს გადავვარდნილიყავი. ჩემგან ფანჯრამდე ასე, 4-5 მეტრი იქნებოდა. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყოფნის დროს, 2 ნაბიჯი დამჭირდებოდა იქამდე მისასვლელად, მაგრამ ახლა ძლივს გავხოხდი ცოტაზე. მერე ძალა გამომელია და დავწექი. ცოტა ძალა მოვიკრიბე და ისევ გავხოხდი. ვიცოდი, სული არ დამყვებოდა, თუ მესამე სართულიდან გადავხტებოდი, მაგრამ სამაგიეროდ, ტანჯვისგან გავთავისუფლდებოდი. დაბეგვილ სხეულსაც დავასვენებდი და სულსაც ვუშველიდი. კარგა ხანი დამჭირდა ფანჯრამდე მისასვლელად. როგორც იქნა, იქამდე მივხოხდი. გათბობის ბატარეას ჩავეჭიდე ხელით და წამოდგომა ვცადე, მაგრამ ტკივილისგან გონი დავკარგე. ასე ვეგდე და უკვე განძრევის თავიც არ მქონდა. კარგა ხნის მერე, ისევ შემოვიდნენ ჯალათები და სასმლის სუნი შემოიყოლეს. გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა.

- ამას უყურე! გაქცევა გინდოდა, შენი?... - თმაში ჩამავლო ხელი ერთ-ერთმა და თავი ამაწევინა. - სად გარბოდი? მკითხა და ისევ იატაკზე დამაგდო. მთვრალებმა სულ დაკარგეს საკუთარ თავზე კონტროლი და არაადამიანური ძალით მარტყმევინეს თავი ბატარეაზე, იატაკზე, კედელზე... შუბლი გამისკდა და ვიგრძენი, როგორ ჩამომეღვარა თბილი სისხლი სახეზე. ეს პირველი შემთხვევა იყო 3 დღის განმავლობაში, როცა სახეზე კვალი დამიტოვეს. სისხლი პირში ჩამივიდა და მლაშე გემოვი ვიგრძენი. გადმოვაფურთხე. ამის დანახვაზე, ისევ "დუბინკებით" მომდგნენ. გვერდით ოთახიდან ხმაური, ლაპარაკი, სადღეგრძელოები ისმოდა. ტელევიზორში კი, კონცერტს გადმოსცემდნენ და მუსიკის ჰანგებიც აღწევდა დროგამოშვებით... მალე მამლის ყივილი გავიგონე. უკვე არაფრის თავი არ მქონდა. მივხვდი, რომ თენდებოდა.

- მივაერთოთ, მაგის დედაც!.. - მომესმა ერთი ჯალათის ხმა. მივხვდი, ისევ დენზე "დასმას" მიპირებდნენ. გამახსენდა ის აუტანელი გრძნობა, რომელიც წინადღეს გამოვცადე. თვალები ძლივს გავახილე და დავინახე, როგორ ამზადებდნენ აპარატს.

- არ შემაერთოთ, არ მინდა!.. ყველაფერს დავწერ, რასაც მეტყვით... - ძლივს ამოივხავლე.

- ჩვენ რას გეტყვით? შენ უნდა დაწერო. ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ, როგორ დახოცე ხალხი?!.

- მე არ მომიკლავს, მაგრამ დავწერ... რასაც მეტყვით, იმას დავწერ... - ამოვიხავლე ისევ.

- თქვი, რომ შენ მოკალი... - მუცელში წიხლი ჩამცხო მეორემ.

- მე მოვკალი...

- კიდევ გაიმეორე... - ისევ მივიღე წიხლი, ამჯერად - გვერდში.

- მე მოვკალი... არ მომკლათ, მე მოვკალი... - ორივეს გაეცინა. მერე ერთ-ერთმა კარი გამოაღო და დერეფანში გასძახა: - კონსტანტინოვიჩ, აღიარა, დანაშაული აღიარა...

ოთახში სულ მალე, ვაჟა და ლაშა შემოვიდნენ. ვაჟამ ჩემ წინ აიარ-ჩაიარა. მის ფეხებს ვხედავდი მხოლოდ. ფეხსაცმლის წვერი წამკრა და გადმომაბრუნა. ზურგით დავეხეთქე, ხელები აქეთ-იქით გადამივარდა, თვალებით ჭერს მივაშტერდი. ახლა უკვე ყველაფერი სულერთი იყო... ხელი დამავლეს და მაგიდასთან დამსვეს. ხელში კალამი დამაჭერინეს.

- აბა, მიდი, დაწერე! - მიბრძანა ვაჟამ, მაგრამ კალამს ხელში ვერ ვიჭერდი. წერა საერთოდ არ შემეძლო.

- სიგარეტი გინდა? - მკითხა ვაჟამ. პასუხი ალბათ, წინასწარ იცოდა, რადგან ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და მომაწოდა. მხოლოდ უხმოდ შევხედე. თვითონ მომიტანა პირთან სიგარეტის ღერი და მომიკიდა კიდეც. სიგარეტის კვამლმა და ნიკოტინმა თითქოს ძალა შემმატა. ფიქრის საშუალება მომეცა. "ახლა დავწერ, რასაც მეტყვიან. მერე ადვოკატს მოვითხოვ, ყველაფერს მოვუყვები... აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს... ოღონდ ახლა გადავრჩე... ოღონდ არ მოვკვდე... მკვლელის სახელით სიკვდილი არ მინდა... ჯერ სიმართლეს დავამტკიცებ და მერე მოვკვდები... მერე ჩემს შვილებზე ვეღარავინ იტყვის, მკვლელი მამა ჰყავდათო... უნდა ვიცოცხლო... უნდა გადავრჩე..." - ვფიქრობდი და ხელი მიკანკალებდა. სიგარეტი მალე ჩაიწვა. სანამ ვეწეოდი, ყველა ჩუმად იყო. "ნეტავ, თითოეული მათგანის აზრი წამაკითხა..." - გავიფიქრე უნებლიეთ და ყველას სათითაოდ მოვავლე თვალი. მდუმარედ მიყურებდნენ.

- აბა, დავიწყეთ... - შემაგულიანა ლაშამ და აფუსფუსდა...

რა უნდა დამეწყო? ხომ უნდა მცოდნოდა მკვლელობის დეტალები, რომ "აღიარებითი ჩვენება" დამეწერა?!

- კონსტანტინოვიჩ, ხომ იცი, როგორ მოკლა? - ჰკითხა ლაშამ ვაჟას და დაიწყო მისთვის ამბის მოყოლა, რომ მე გამეგონა და დამეწერა...

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე