ultrix - ვარდისფერტრუსიანი აგენტი 007 - გზაპრესი

ultrix - ვარდისფერტრუსიანი აგენტი 007

ultrix

XXVI ნაწილი

რამაზს გოგონაც წამოეყვანა. მყუდრო კაფეში დასხდნენ. ანა ისე უყურებდა ბავშვს, ლამის თვალებით ჭამდა.

- რას შეჭამ, პატარავ? - ლოყაზე ხელი ჩამოუსვა.

- ნაყინს.

- მოდი, გამოვიცნობ, მგონია, რომ შოკოლადის ნაყინი უნდა გიყვარდეს.

- კი, - გაუღიმა ანამ.

- ჰოდა, მაშინ შევუკვეთოთ.

- ანა, - რამაზმა რაღაცნაირი ხმით დაიძახა. ორივემ შეხედა, - ქალბატონო, ანა, ახლა თქვენ მოგმართავთ. არ მიყვარს, როცა სადმე ვარ და დანახარჯს სხვა იხდის. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემზე მეტი ფული გქონდეთ, მაგრამ იმედია, თავს უფლებას არ მისცემთ, რომ ჩემს წინ წახვიდეთ.

- არა, რას ბრძანებთ, - ანა უცებ მოლბა, - ჩვენს წინადადებაზე რა გადაწყვიტეთ? - უცებ შეცვალა საუბრის თემა.

- მივიღებ თქვენს წინადადებას, მაგრამ ერთი პირობით.

- გისმენთ.

- მე ძველი სამსახურიდან არ წამოვალ. იქ უკვე შევათანხმე ეგ საკითხი და თუ თქვენც არ იქნებით წინააღმდეგი, მაშინ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. თუ თქვენთან სიტუაცია მომეწონება, მაშინ მთლიანად გადმოვალ. გამოსაცდელი ვადა 6 თვე მინდა.

- კარგი, შევთანხმდით.

- ასე უცებ რატომ მთანხმდებით ყველაფერზე? - ეჭვები აწუხებდა რამაზს.

- მისაღებია ჩემთვის თქვენი წინადადება და რატომ არ უნდა დაგეთანხმოთ?

- გამარჯობა, - უცხო ქალი იდგა მათ მაგიდასთან და რამაზს უღიმოდა.

- აა, მოხვედი? გაიცანი, ეს ანაა, ჩემი მომავალი შეფი, ეს კი პატარა ანას ძიძაა, ქალბატონი მადონა.

ანამ ქალს გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.

- შეჭამე მამა ნაყინი? - დიდი სიყვარული ჩააქსოვა ამ ნათქვამში. ანას შეშურდა, რომ მას არ შეეძლო თავისი გოგონას მიმართ ასეთი სითბო გამოეხატა.

- კი.

- მაშინ მადონას გაჰყევი, ხომ? მე და ანა დეიდამ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ.

ანა და მადონა წავიდნენ. კართან მისული გოგონა უკან გამოიქცა, ჯერ მამას აკოცა, მერე ანას და ისევ ძიძას გაეკიდა.

- ძალიან კარგი ბვშვია, - ანამ თვალი დანანებით გააყოლა.

- ანა, ჩვენც გავიდეთ, მინდა, სადმე რესტორანში დაგპატიჟოთ და ჩვენი გაცნობა, შეხვედრა და საქმიანი ურთიერთობის დაწყება აღვნიშნოთ.

- კარგი, - ხალისით დათანხმდა ანა.

კარგა ხანს გასტანა მათმა ერთად ყოფნამ. დაღამდა კიდეც. აბეზარ ადამიანებს ხელი რომ არ შეეშალათ, ანას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. წმოსვლის წინ ჩართო.

რამაზი უკვე ბოლო სადღეგრძელოს ამბობდა. ანას ადღეგრძელებდა. ბოლოს, ხელი ხელზე დაადო და თვალებში ჩახედა. ანამ ხელი გამოჰგლიჯა და ბავშვივით, ზურგს უკან დამალა.

- ანა, მე მაინც მგონია, რომ თქვენი ჩემდამი ინტერესი ისეთია, როგორც ქალისა, მამაკაცის მიმართ და ამიტომაა, ასე დაჟინებით რომ ცდილობდით ჩემს გადმობირებას. მომწონხართ. რაც უფრო მეტ დროს ვატარებ თქვენ გვერდით, მით უფრო მიჭირს წასვლა... თუ ასეა და მე სწორად ვხვდები რაღაცებს, მაშინ მინდა, აღიაროთ, რომ მართალი ვარ და ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენისთანა ლამაზი ქალის სიმპათია და ყურადღება დავიმსახურე.

მამაკაცს სასმელი მოჰკიდებოიდა და თამამად ლაპარაკობდა. ანას თვალებით ბურღავდა. ქალი ამის გამო თავს უხერხულად გრძნობდა. აღარ იცოდა, თვალები სად წაეღო. ამ დროს უხერხულობისგან ტელეფონის ზარმა იხსნა. ირაკლი იყო...

- ანა, ტელეფონი დიდი ხანი გქონდა გამორთული, ხომ მშვიდობაა? - შეშფოთებული ჩანდა.

- კი, მშვიდობაა.

- სად ხარ?

- ახლობელთან ერთად ვარ.

- მითხარი, სად ხარ! - ეჭვი გაჩნდა მამაკაცის ხმაში.

ირაკლი არ მოეშვა, სანამ ანამ რესტორნის სახელი არ უთხრა. 10 წუთში კი თავზე დაადგა და როდესაც ახლოს მისულმა ანას თანმხლებ მამაკაცში რამაზი ამოიცნო, გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა.

- გაიცანი, ეს რამაზია, - ანამ თვალებით გაბურღა ირაკლი, - ეს კი ირაკლია.

რამაზს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა. აშკარა იყო, რომ ირაკლი ახლობელი, მეგობარი ან მეზობელი კი არა, უფრო სერიოზული "სტატუსის" მატარებელი იყო და გაცილებით მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ანას ცხოვრებაში.

მამაკაცებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და თვალით აზომეს.

- წავიდეთ, კარგა ხანია, აქ ვართ, - ანა დაფაცურდა და წამოდგა.

რამაზი შეეწინააღმდეგა, კაცი ახლა მოვიდა და მაგიდასთან არ დავსვათო? მაგრამ ანა გაჯიუტდა, ამას არ შია და წავიდეთ, მაგვიანდებაო.

რამაზს თბილად დაემშვიდობა და ირაკლის მანქანში ჩაჯდა, ვინაიდან აქამდე რამაზის მანქანით მოვიდა, თვისი კი სადგომზე გაჩერებული ჰყავდა.

- ანა, რას ნიშნავს ეს ყოველივე? გეფიცები, გაოცებისგან ლამის დავეცი, - ირაკლიმ მაშინვე წამოიწყო ლაპარაკი, როგორც მანქანა დაძრა.

- იცანი? - კითხვა შეუბრუნა ანამ.

- რომ ვიცანი, იმიტომ გამიკვირდა. ეგ ის კაცი არაა, შენი გოგონას მამა?

- ჰო.

- მერე, რას ჩალიჩობ, ანა? როგორ მოხვდი მასთან ერთად რესტორანში? როდის მოასწარი მისი ახლოს გაცნობა? გამაოცე, მოკლედ, ნამდვილი მაფიოზა ხარ. არა, მაფიოზა კი არა, ალქაჯი ხარ.

- მერე ეს ალქაჯი რომ გიყვარს, არ გეშინია, რომ მოგაჯადოვოს? - გაიცინა ანამ და თავი მხარზე დაადო.

- მეტი რაღა უნდა მომაჯადოვო, დღისით შენს კვალს დავდევ, ღამე შენზე ვფიქრობ და ახლოს ვერ გეკარები. კიდევ მოჯადოვება მინდა?

- გაივლის, გაივლის ყველაფერი და საუცხოოდ აეწყობა საქმე, - დააიმედა ანამ.

მერე მოუყვა, როგორ აღმოჩნდა რამაზთან ერთად რესტორანში და ირაკლის გაოცება კიდევ ერთხელ მოახერხა.

ანამ რატომღაც მოიწყინა და ყურები ჩამოყარა. თვითონაც არ იცოდა მიზეზი... მარტო ის იცოდა, რომ ახლა მარტო ყოფნა უნდოდა... იკამ სახლამდე მიიყვანა და დაემშვიდობა...

ხმა არვისთვის გაუცია, ერთი თქვა, დავიღალეო და თავის ოთახში გავიდა. არავის შეუღია მისი ოთახის კარი, მხოლოდ ნინო შეეხმიანა გარედან, ხომ არ გშიაო. ყველამ იცოდა, რომ როცა ანა ასეთ გუნებაზე იყო, ხმა არ უნდა გაეცათ.

ანამ კარგა ხანს იკოტრიალა საწოლზე, მერე ტელევიზორს უყურა, მაგრამ გუნება არ გამოუკეთდა, ცდილობდა, არანაირ პრობლემაზე არ ეფიქრა. გადაწყვიტა, ოჯახის წევრებთან გასულიყო, მაგრამ მერე ესეც გადაიფიქრა... სახლში სიჩუმე ჩამოვარდა... "ალბათ ყველამ დაიძინა", - გაიფიქრა ანამ და მობილურზე საათს დახედა. არ უყვარდა კედელზე ჩამოკიდებული სასთის წიკწიკი... ამიტომ არასოდეს ჰქონდა ოთახში. ღამის პირველი საათი იყო...

"რა დრო გასულა! ემოციებმა ბოლო მომიღო... როგორ დავიღალე... დასვენება მჭირდება" - გაიფიქრა ბალშზე ზურგით მიყრდნობილმა და ტელევიზორში არხებს კიდევ ერთხელ ჩამოუარა. მერე დასვენებაზე ბათუმი გაახსენდა...

"ისე, ზღვაზე კი დავისვენებდი რამდენიმე დღე... ხვალ წავალ... არა, ხვალ რატომ? ახლავე წავალ", - გადაწყვეტილება უეცრად მიიღო, გუნებაც უცებ გამოუკეთდა. რამოდენიმე ხელი ტანისამოსი ჩანთაში ჩაყარა, საცურაო კოსტიუმებიც მიაყოლა, მანქანის გასღებს ხელი დაავლო და შინიდან ქურდივით, უხმაურიდ გაიპარა.

"გული მიგრძნობს, ახალი თავგადასავალი მელოდება, ამ რამდენიმე დღეში!" - ჩაილაპარაკა და ადგილიდან დაიძრა.

ანამ მთელი ღამე იარა და გამთენიისას, როგორც იქნა, ბათუმში ჩააღწია. ქალაქი მოიარა და იმ სასტუმროსთან გაჩერდა, რომელიც გარედან მოეწონა. ნომერი აიღო, ბარგი დააბინავა და ცოტა ხნით მიწვა. დაღლილს მაშინვე ჩაეძინა. თვალები რომ გაახილა, ძლივს გაიხსენა, სად იმყოფებოდა. "რა ჯანდაბამ წამომიყვანა წუხელ?! - გაიფიქრა და მობილურს დახედა. არც ერთი ზარი არ იყო შემოსული. - ჯერ სძინავთ. მთელი დღე რომ არ გამოვჩნდები, მერე ატყდება განგაში. თუმცა არც არავის გაუკვირდება... არა, ირაკლი გაგიჟდება. ის არ არის მიჩვეული ჩემს ასეთ გამოხდომებს". სასწრაფოდ წამოდგა, საცურაო კოსტიუმი ჩაიცვა, ზემოდან თხელი სარაფანი, სასტუმროს რესტორანში ყავა დალია და პლაჟზე გავიდა.

სასტუმრო ისეთ ადგილას იყო აშენებული, რომ მისი უკანა მხარე პირდაპირ პლაჟზე გადიოდა და ზღვას პატარა ხიდით უერთდებოდა... ხიდზე ცოტა ხანს გაჩერდა და ზღვას გახედა. დამსვენებლები ახლა იწყებდნენ გარეთ გამოსვლას. თუმცა პლაჟი ხალხით სავსე იყო მაინც. თავისუფალი ადგილი მოძებნა და თავისი ნივთები დააწყო. შემდეგ შეზლონგი მოათრია და წყალში შევიდა.

GzaPress

ანა კარგი მოცურავე იყო. ცოტა შესცივდა, სანამ ცივ წყალს შეეგუა, შემდეგ კი ლაღად გაცურა. კარგა შორს გავიდა. ნაპირს რომ გამოხედა, შეშინდა კიდეც და სასწრაფოდ უკან გამოცურა. შეზლონგზე მოთავსდა, ხელები ძირს ჩამოყარა და თვალები დახუჭა. ცოტა ხანში იგრძნო, რომ ვიღაცის ჩრდილი წამოადგა თავს. ახედა. მის წინ ახალგაზრდა მამაკაცი იდგა. ანამ ლამის ხმამაღლა გადაიხარხარა: კაცს ვარდისფერი ტრუსი ეცვა და ისე "კეკლუცად" გამოიყურებოდა, კომპლიმენტის თქმაც კი მოგინდებოდა.

- გაგიმარჯოს, - მის სალამს უპასუხა.

- ამ სასტუმროში გაჩერდით, ხომ? - მამაკაცმა ხელი გაიშვირა და მის წინ ჩაცუცქდა.

- დიახ.

- მეც.

ანამ თავი შეაბრუნა, რომ აბეზარი თავიდან მოეშორებინა და ეგრძნობინებინა, რომ ლაპარაკი დასრულდა.

იმან მეორე მხრიდან მოუარა.

- საღამოს რესტორანში ვიქნები და იმედია, შევხვდებით, - რაღაცნაირად, ირონიულად გაიცინა მამაკაცმა და წავიდა.

ანას მოსწყინდა მარტო ყოფნა და გადაწყვიტა, ქალაქის დასათვალიერებლად წასულიყო. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბათუმში ნამყოფი არ იყო. თავიდანვე შენიშნა, რომ ქალაქი შეცვლილიყო და უამრავი კარგი რამ გაეკეთებინათ... ჰოდა, რადგან გარუჯვაც მაინცდამაინც არ უყვარდა, ტანისამოსი გამოიცვალა და გადაწყვიტა, იქაური ნაცნობები მოენახულებინა.

გეზი ნატოს სახლისკენ აიღო. მარტო სიარულს, მასთან ერთად სერინობა ერჩივნა.

"გაგიჟდება, რომ დამინახავს. რამდენი წელია, არ მინახავს", - ფიქრობდა და მომავალი შეხვედრის სცენით წინასწარ ტკბებოდა. კარი შუა ხნის ქალმა გაუღო. როდესაც ნატო იკითხა, ქალს ყბა და ხელები აუკანკალდა, კედელს მიეყრდნო და ცრემლები თავისით ჩამოუგორდა.

- რა ხდება? ცუდი ამბავია? - ანა დერეფანში შევიდა და ქალს ხელი შეაშველა.

ლასლასით მიმავალ ქალს უკან გაჰყვა. ის სამზარეულოში შევიდა და სკამზე ჩამოჯდა. ანას ხელით ანიშნა, მის პირდაპირ დამჯდარიყო.

- თქვენ ნატოს დედა ხართ, ხომ? - ძლივს იცნო ნაადრევად დაბერებული და გაჭაღარავებული ქალი. - როგორ შეცვლილხართ! ნატო სადაა?

- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ქალმა.

- როგორ თუ არ იცით?

- 3 წელია, არ გამოჩენილა. გავიდა, დაიბარა, 1 საათში მოვალო და დღემდე არ ჩანს.

- მერე პოლიციაში არ განაცხადეთ?

- ეჰ, განცხადება რას უშველის?! - ქალი ლოყაზე ჩამოდენილ ცრემლს ხელისგულებით იწმენდდა. - ცოტა ხანს ეძებეს, მერე კი ხელი ჩაიქნიეს. არადა, ვიცი, რომ ცოცხალია, ნამდვილად ვიცი. სიზმარში ვხედავ ხშირად და დანამდვილებით ვიცი... ამ ცოტა ხნის წინ ვიღაც ქალის გვამი აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ მასში ნატო ვერ ამოვიცანი, დამარწმუნეს, რომ ნამდვილად მისი გვამი იყო. საქმე აღძრეს მკვლელობის მუხლით და გამოძიებაც დაიწყეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს გვამი არ იყო. გვამი კი არა, ჩონჩხი უფრო ითქმის, რადგან მხოლოდ ძვლები იპოვეს. არც ტანისამოსის ნაგლეჯი იყო სადმე და არც სამკაული, რომ ამით მაინც შემძლებოდა ამოცნობა.

- თქვენ რას ფიქრობთ, სად შეიძლება იყოს, თუ, როგორც ამბობთ, ცოცხალია? - ანა გაოგნებული იყო მოსმენილისგან და უკვე გეგმაც კი ჰქონდა, თუ როგორ უნდა ემოქმედა.

- არ ვიცი, შვილო, - ქალმა ანა ვერც კი იცნო, მაგრამ გული მაინც გადაუშალა. თითქოს მისთვის სულ ერთ იყო, ვის ელაპარაკებოდა. მისი მიზანი გულის მოოხება და საწუხარის ბოლომდე თქმა იყო...

ანა დიდხანს აღარ გაჩერებულა. იქიდან გამოსული პირდაპირ პოლიციის განყოფილებას მიადგა. იქ როცა შეიტყვეს, თუ რა აინტერესებდა, მკვლელობების განყოფილბაზე მიუთითეს.

ახალგაზრდა მამაკაცმა თავაზიანად მიიღო და მისვლის მიზეზიც ჰკითხა. თუმცა ვერანაირი ინფორმაციის მიწოდება ვერ შეძლო, გარდა იმისა, რაც ნატოს დედამ უთხრა.

- კერძო დეტექტივს ავიყვან და იმედია, თუ დახმარება დასჭირდება, უარს არ ეტყვით, - უთხრა ანამ დამშვიდობებისას.

- სიამოვნებით, - უპასუხა პოლიციელმა, მაგრამ სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ქალი მიხვდა - ეს მხოლოდ ზრდილობის გულისთვის თქვა.

- გპირდებით, თუ საქმეს გახსნის, თქვენ "დაგაბრალებთ": მე უბრალოდ, სიმართლის დადგენა მსურს, "დაფნის გვირგვინი" ვის შეხვდება, ამას მნიშვნელობა არა აქვს.

- კარგი, - მამაკაცი გამოცოცხლდა.

ანამ მისი გამოწვდილი მარჯვენა არაფრად ჩააგდო და კარი გამოიხურა.

ცოტა ხანს ბულვარში ისეირნა, მერე სასტუმროში დაბრუნდა.

"სადაც წავედი, ყველგან ცუდი ამბავი მხვდება. უკვე მეშინია კიდეც, ძველი ახლობლები მოვიკითხო".

ნატო გაახსენდა. ისინი ერთად სწავლობდნენ სამედიცინო უნივერსიტეტში. მეგობრობდნენ კიდეც. ერთ დღეს კი ხმა დაირხა, ნატო გააუპატიურეს და სასწავლებლად აღარ დაბრუნდება, საბუთები გაიტანა და ბათუმში დაბრუნდაო. მაშინ ანა შინიდან დავითს გაეპარა და ნატოს ჩააკითხა. მაგრამ გოგონას ვერაფერი ათქმევინა. დედა მყავს ავად და მას უნდა მივხედოო, - ასე ხსნიდა უნივერსიტეტიდან წამოსვლის მიზეზს...

"ნეტავ ამ ამბის გაგრძელება ხომ არაა ის, რაც მერე მოხდა?" - გაიფიქრა და გადაწყვიტა, მეორე დღესვე მოეძებნა კერძო გამომძიებელი და, თუ როგორც დედამისი ამბობდა, ნატო ცოცხალი იყო, მის მოძებნაში დახმარებოდა.

გაახსენდა, რომ მთელი დღე მშიერი იყო და რესტორანში ჩავიდა. ცოტა ხანში, ჭამაში გართულ ანას ის მამაკაცი წამოადგა თავზე, რომელიც პლაჟზე გამოელაპარაკა. თუმცა მაშინვე ვერც კი იცნო.

- აა, მობრძანდით? - ისევ ისეთი ირონიული ღიმილი ჰქონდა აკრული სახეზე.

- თქვენ ვინ ხართ? - ანამ განგებ გაითამაშა - ვითომ ვერ იცნო.

- დილით პლაჟზე რომ შევხვდით, - მამაკაცი ჩაცმული უფრო დიდი ჩანდა, უფრო ძლიერი და დაკუნთულიც; შიშველს ასეთი ეფექტი არ მოუხდენია.

- აა, ჩაცმული ვეღარ გიცანით, უკაცრავად, - სახეზე სინანული გამოეხატა, - იმ ვარდისფერი ტრუსით რომ მოსულიყავით, აუცილებლად, დანახვისთანავე გიცნობდით, რადგან არა მგონია, კიდევ ვინმეს ეცვას ვარდისფერი ტრუსი, თქვენ გარდა, - დამცინავი იყო, რადგან მისი ღიმილი აღიზიანებდა და ახლა მამაკაცის დამცირებას ცდილობდა, რომ ეგრძნობინებინა, მასთან საერთო არაფერი ექნებოდა.

- თქვენ ანა ხართ, ხომ? უცნაური გვარი კი გაქვთ - კალდერონი. სადაური გვარია, თუ საიდუმლო არ არის?

- ესპანური. კეთილშობილი გვარია, - ანამ გაოცების დამალვა მოახერხა.

- ჰოო... ეს გვარი როგორ მიითვისეთ?

- ნუთუ ამის დადგენა გაგიჭირდათ?! მანქანის ნომრით ვინაობის დადგენა რთული არაა. სამაგიეროდ, გვარი ვისგან მივითვისე, ეგ მართლა ძნელია, გაიგოთ.

- სამაგიეროდ, ის ზუსტად ვიცი, რომ თქვენი მანქანის უცნაური ნომერი შურის მაძიებელ ქალს ნიშნავს, ლათინურიდან თუ ვთარგმნით, - მამაკაცმა თვალები მოჭუტა. თითქოს ანას გაოცება ჰქონდა მიზნად დასახული და თავისი ნათქვამი თითოეული წინადადების შემდეგ ისეთ ხანგრძლივ პაუზას აკეთებდა, ნამდვილად, აპლოდისმენტებს ელოდა.

- ეს კი უკვე ინტერნეტის "დამსახურებაა" და იმ ლეპტოპის, რომელიც ნომერში დატოვეთ, - ანა უფრო ახერხებდა მის გაოცებას.

- საიდან იცით?

- "ფლეშკა" "გიჩანთ", - ანამ ხმამაღლა გადაიხარხარა და მამაკაცს მაგიდაზე დადებულ, მანქანის გასაღებზე მიუთითა, რომელზეც "ფლეშკა" იყო მიბმული.

- ანა, თუ საიდუმლო არ არის, ვისზე აპირებთ შურისძიებას?

- ზედმეტად ცნობისმოყვარე ხართ.

- ჩემი მოვალეობაა, ცნობისმოყვარე ვიყო.

- აგენტი 007 ხართ? - ანა თან გემრიელად ილუკმებოდა. მამაკაცის დაპატიჟება კი აზრადაც არ მოსვლია, ვიდრე მიმტანმა არ შეახსენა, მეორე თეფში ხომ არ მოვიტანოო?

- დამეწვევით, ახალგაზრდავ? - ყასიდად შესთავაზა ქალმა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მამაკაცი უარს ეტყოდა.

- დიახ, სიამოვნებით, - მიწვევა მიიღო, - 007 არა, ვინაიდან აგენტის ნომერში ორი ნული იმას ნიშნავს, რომ მას მოკვლის უფლება აქვს, მე კი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს არ შემიძლია.

- მოკლედ, ასე... აგენტი ხართ, მაგრამ მოკვლის უფლება არ გაქვთ. სწორად გავიგე?

- მთლად სწორად - არა, მაგრამ არა უშავს, მაგაზე დროს ნუ დავხარჯავთ.

- "დროის დახარჯვა" ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, უადგილო ტერმინია. დროს მაშინ ხარჯავ, როცა მას იყენებ და რაიმე სასარგებლო საქმეს აკეთებ. ახლა მეც და თქვენც დროს ვკარგავთ. ეს სხვადასხვა რამ გახლავთ.

- ფილოსოფოსობაც გყვარებიათ...

- შეიძლება, რაღაც გკითხოთ? - ანას თვალებში ისეთი ეშმაკუნები ჩაუსახლდნენ, აშკარა იყო, რაღაც ჩაიფიქრა.

- გისმენთ.

- მაინტერესებს, ვარდისფერ ტრუსს რატომ ანიჭებთ უპირატესობას?

- ანა, მე ის უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, თუ რისთვის ხართ აქ ჩამოსული.

- ღმერთო ჩემო, რა უაზრო კითხვაა! რისთვის შეიძლება ადამიანი ბათუმში ჩამოვიდეს? დასასვენებლად, რა თქმა უნდა.

- პასუხი არც ისე დამაჯერებელია, - ანას ამ მამაკაცის საქციელი უკვე ნერვებს უშლიდა, - მშვენიერი გარეგნობის ქალბატონი, ძვირად ღირებული მანქანით და მასზე მიმაგრებული უცნაური ნომრით, სრულიად მარტო ჩამოდის "სიყვარულის ქალაქში" და ამაში საეჭვო არაფერია?

- კი, როგორ არა. მე უცხოეთის აგენტი ვარ და ახლად გაკეთებული ბულვარის აზომვა მაქვს დავალებული, - ჩურჩულზე გადავიდა ანა, - იცი, რა? ეეჭვებათ, რომ ბულვარის სიგრძე მთელი 20 სანტიმეტრით მოკლეა, ვიდრე სტანდარტითაა გათვალისწინებული.

- ხუმრობის გუნებაზე ხართ? - მოიღუშა მამაკაცი.

- აბა, როგორ გუნებაზე შეიძლება ვიყო?.. თქვენნაირი ხუმარას გვერდით ადამიანი არ მოიწყენს, - ანა უცებ დასერიოზულდა, - და დიდხანს აპირებთ ოხუნჯობას? თუ გამეცლებით და მშვიდად ვახშმობის საშუალებას მომცემთ?

მამაკაცი წამოდგა და დაუმშვიდობებლად გაეცალა.

გაგრძელება

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველდღე