ultrix - გაუჩინარებული მეგობრის ძებნა - გზაპრესი

ultrix - გაუჩინარებული მეგობრის ძებნა

ultrix

XXVII ნაწილი

ანას მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდა მობილური, რომელიც დილის აქეთ ნომერში ჰქონდა დატოვებული და ვინ იცის, იმდენი ზარი იყო შემოსული, რომ გადახურდებოდა კიდეც...

მართლაც, მისთვის ყველას დაურეკავს - მობილურზე 114 უპასუხო ზარი იყო შემოსული.

ჯერ შინ დარეკა და ნინო და ციცო დაამშვიდა, საქმეზე ვარ ქალაქიდან გასული და რამდენიმე დღეში დავბრუნდებიო.

შემდეგ, ის იყო, ირაკლის ნომერი აკრიბა, რომ იმან თავად დარეკა.

- სად ხარ, ადამიანო, სად? სულ შენს ძებნაში უნდა ვიყო?! პატარა ბავშვივით ხარ, ანა, ჯიუტი და თავნება. რა საქმე გქონდა ისეთი, რომ ტელეფონს არ იღებდი და დღის განმავლობაში 2 წუთი ვერ გამოძებნე, რომ თავად დაგერეკა?! უზომოდ გაბრაზებული ვარ და არ ვიცი, ამას როგორ გამოისყიდი. ახლა სად ხარ?

- დაასრულე ლანძღვა? - სიცილით უპასუხა ანამ.

- ჰო, - "გაბუტული" ხმა ჰქონდა ირაკლის.

- ტელეფონი დილით სასტუმროში დამრჩა და ახლაღა შემოვედი, მთელი დღე გასული ვიყავი, - თან, გაბრაზება ახლა ნახეო, გაიფიქრა.

- რომელ სასტუმროში?! ეს რა, სიურპრიზია?! სად ხარ, ადამიანო, სასტუმროში რა გინდა?! სახლი არ გაქვს?

- ისე, კარგი იდეაა, აუცილებლად ვიყიდი ბათუმში სახლს და სასტუმროში ღამის გათენება აღარ დამჭირდება. დღესვე მოვაგვარებ მაგ საქმეს.

- ბათუმში რა გინდა?! გუშინ საღამოს მე მიგაცილე სახლში... საღამოს კი არა, შუაღამე იყო ლამის და ასე უცებ მანდ როგორ გაჩნდი?!

- საქმე მქონდა.

- ანა! - სასოწარკვეთილმა ჩასძახა ტელეფონს ირაკლიმ.

- ირაკლი, მართლა საქმე მაქვს. წუხელ წამოვედი. დილით აქ ვიყავი უკვე.

- გუშინ არ იცოდი, საქმე რომ გქონდა?

- არა.

- რა საქმე გაქვს?

- უნდა დავისვენო რამდენიმე დღე.

- ჰო, გადაუდებელი საქმე გქონია მართლაც... გადამრევს ეს გოგო!.. - ჩაილაპარაკა. - კარგი, დროებით. ტელეფონი არ გამორთო, კიდევ დაგირეკავ.

ანას სახეზე კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა. თავისი ასეთი უცნაური ქცევებით ხალხს შოკში აგდებდა. ეს იცოდა, მაგრამ განგებ როდი იქცეოდა ასე. დაგეგმილი ცხოვრება არ მოსწონდა და ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც იმ წუთში სურდა. ზოგს ეს თავნებობად მიაჩნდა, ზოგს სიჯიუტედ, ზოგი ამას სვანურ ხასიათს აბრალებდა, მაგრამ ანასთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ თავს კარგად გრძნობდა...

მოგვიანებით ისევ სასეირნოდ გავიდა. სასტუმროს ჰოლიდან თვალი ჰკიდა კარიდან გასულ, "ვარდისფერტრუსიან მამაკაცს". მართალია, ამჯერად ტრუსით არ იყო, მაგრამ ვინაიდან მისი სახელი არ იცოდა, სწორედ ასე შეარქვა. შეიცადა, რომ იმას არ დაენახა...

მამაკაცმა სადგომიდან ვერცხლისფერი "აუდი" გამოიყვანა და გზას გაუყვა.

ანამ მანქანის ნომერი დაიმახსოვრა და ზვიადთან დარეკა.

- ანა, მთელი დღეა, გირეკავ, გეძებ, სად ხარ? - შეშფოთებული ხმით იკითხა გამომძიებელმა.

- ბათუმში ვარ, ზვიად, და მჭირდები. თუ ფირმაში გადაუდებელი საქმე არ გაქვს, იქნებ ჩამოხვიდე?

- როდის?

- ხვალ დილით ადრე რომ წამოხვიდე, შუადღისას აქ იქნები. ახლა მითხარი, შენ რატომ მეძებდი?

- ჰო, ანა. ბელას ბებია ცუდადაა. ექიმმა თქვა, 2 კვირაზე მეტხანს ვერ გაატანსო და მინდოდა, ეს მეთქვა.

- მისგან შვილად აყვანის ნებართვა გვაქვს?

- კი, ეგ დაწერა და ნოტარიულადაც გავაფორმეთ. 2 მოწმეც გვყავს, ყოველი შემთხვევისთვის, - პალატის ექიმი და განყოფილების გამგე დავასწარით.

- კარგი. მითხარი, რას იზამ?

- ხვალ დილით წამოვალ. დაგირეკავ გამოსვლისას, ვიცი, მაინც ადრე იღვიძებ.

- გელოდები, ზვიად, მაგრამ ვიდრე წამოხვალ, ერთი რამ უნდა გამირკვიო, - ანამ "ვარდისფერტრუსიანის" მანქანის ნომერი ჩააწერინა და სთხოვა, გაეგო, ვინ იყო ეს კაცი, და რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია მოეგროვებინა მასზე...

კარზე კაკუნმა გამოაღვიძა. მზე კარგად ამოწვერილიყო უკვე. საათს დახედა - დილის 7 იყო. გაუკვირდა: ვინ უნდა ყოფილიყო ასე ადრე?.. მერე იფიქრა, ზვიადი იქნებაო, მაგრამ ისიც გაახსენდა, რომ მისთვის არ უთქვამს, სად გაჩერდა. ისიც კი გაიფიქრა, მომესმაო, მაგრამ კაკუნი გამეორდა.

ხალათი შემოიცვა და კარი გააღო. ზღურბლზე, ყურებამდე გაღიმებული ირაკლი იდგა.

- გეგონა, ვერ მოგაგნებდი?! - მიპატიჟებას არც კი დალოდებია, ისე შეაბიჯა ოთახში.

- როგორ გაიგე, სად ვიყავი?

- ეს იოლია... - მამაკაცმა წელზე ხელი მოხვია ანას, მიიხუტა და მის სურნელოვან თმაში ჩამალა ცხვირი. - ვიცოდი, კარგ სასტუმროს აირჩევდი. ასეთი კი ბათუმში რამდენიმეა... ეზოში შენი მანქანის ცნობას რაღა უნდა?! ჰოდა, მოგაგენი, - ჩურჩულზე გადავიდა.

- არ გელოდი, - ჩახლეჩილი ხმით უთხრა ანამ.

- არ გაგიხარდა? - ისევ ჩასჩურჩულა მამაკაცმა და უფრო მჭიდროდ მიიკრა გულზე. მერე მისი ტუჩები მოძებნა...

ანა მამაკაცის ნებას დაჰყვა. გაირინდა და მოწყურებულივით დაეწაფა საყვარელი კაცის ბაგეს.

ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ირაკლი ქალს ხელს არ უშვებდა. საშუალებას არ აძლევდა, ტელეფონისთვის ეპასუხა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ანა მობილურს დასწვდა.

GzaPress

- სად მოვიდე? - ზვიადი იყო.

- უკვე ბათუმში ხარ? - ანა ცდილობდა, მოეშორებინა ზურგზე აკრული ირაკლი, რომელიც იხუტებდა და ხარბად უკოცნიდა კისერსა და მხრებს.

- ჰო, ბათუმში ვარ.

- გავიგებ, ჩემს სასტუმროში თუა თავისუფალი ნომერი, აგიღებ და აქ მოდი, - ქალმა სასტუმროს მისამართი უკარნახა.

ირაკლიმ უეცრად შეუშვა ხელი და უკმაყოფილო სახე მიიღო.

ფანჯარასთან მივიდა, ჯერ გარეთ გაიხედა, მერე რაფას ზურგით მიეყრდნო და ანას გახედა.

- ეგ ვინღაა?

- ზვიადია, გამომძიებელი.

- უმაგისოდ არსად დადიხარ?

- რატომ მიბრაზდები? იმედია, მასზე არ ეჭვიანობ.

- არა, მაგრამ მეგონა, ახლა მაინც არავინ შემიშლიდა ხელს... მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, ოთახში შემოვიდოდი თუ არა, მაშინვე კარს გადავკეტავდი და ალერსით დაგახრჩობდი... აღმოჩნდა - სულ ტყუილად. ეს ზვიადი ფეხდაფეხ მომყვა და ახლა 10 წუთში აქ იქნება. გაგონილა?! - ირაკლიმ ისე საყვარლად გაშალა ხელები, რომ ანამ თავი ვერ შეიკავა და ჩაკოცნა.

- ნუ ბუზღუნებ, სად გაგექცევი?! - ქოჩორი მოუჩეჩა.

ტანისამოსი გამოიცვალა და ქვევით ჩავიდა. ზვიადი სწორედ ისეთ დროს შევიდა ფოიეში, როცა ანა პორტიეს გასაღებს ართმევდა.

ერთად აუყვნენ კიბეს. ანამ ნომრამდე მიაცილა და შეჰყვა კიდეც.

- რა ქენი? გამიგე, რაც გთხოვე? - ვერ მოითმინა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

- კი. ეგ მანქანა ჟურნალისტს, ვანიკო თუთბერიძეს ეკუთვნის. აი, მისი პასპორტის ასლიც.

ანას მისი ფოტოსურათის ქსეროასლი უჩვენა.

- ისაა, - ჩაილაპარაკა ანამ.

- სხვათა შორის, კოლეგები საკმაოდ ხისტ პიროვნებად ახასიათებენ. ცნობილია სკანდალური სტატიებით. ახლა ტელევიზიისა და პრესის შეთავსებას ახერხებს და ორივეგან თავს ისე გრძნობს, როგორ თევზი - წყალში. შენთან რა შეხება აქვს?

- ამ სასტუმროში ცხოვრობს და გუშინ მოსვენება არ მომცა. თან ჩემზე ინფორმაცია მოუგროვებია. ეს ამბავი არ მომწონს.

- რა უნდა დაგიშავოს?

- არაფერი, მაგრამ შესაძლოა, ხელი შემიშალოს... კარგი, ახლა დაგტოვებ და ნახევარ საათში რესტორანში შევხვდეთ.

ირაკლი ოთახში აღარ დახვდა. ტელეფონზე მესიჯი დაეტოვებინა, ყავის დასალევად ჩავდივარ და ზვიადთან ჭუკჭუკს რომ მორჩები, რესტორანში ჩამოდიო. ანა რამდენიმე წუთში ქვევით იყო. ადგილზე გაშეშდა: ირაკლის მაგიდასთან "ვარდისფერტრუსიანი მამაკაცი" იდგა და რაღაცას ელაპარაკებოდა.

ანამ ცოტა ხანს შეიცადა და შორიდან დააკვირდა ირაკლისა და "ვარდისფერტრუსიანი" მამაკაცის ლაპარაკს. ისინი ერთმანეთს თბილად უღიმოდნენ და მეგობრულად საუბრობდნენ. ქალს მოსწყინდა სამალავში დგომა და ირაკლისკენ მტკიცე ნაბიჯით გაემართა. მამაკაცი წამოდგა და შეეგება.

ვანიკომ ანას დანახვაზე გაიღიმა და გვერდზე გადგა. ანამ მას ხელი ჩამოართვა და სკამზე მოკალათდა.

- თქვენ ერთად ხართ? - ჟურნალისტმა ირონიულად ჩაიცინა.

- დიახ, შემთხვევით აღმოვჩნდით ერთ სასტუმროში, ისე კი ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ.

- კარგი, აღარ მოგაცდენთ და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ, - ვანიკო წყვილს გაეცალა.

- იცნობ ამას? - ანამ თავი იქით გააქნია, საითაც მამაკაცი წავიდა.

- დიდი ხანია.

- მერე?

- მერე არაფერი. ადრე ჩემთან ინტერვიუ გააკეთა. მაშინ "დავმეგობრდითსავით".

- ენდობი?

- ჟურნალისტები სანდო ხალხი არაა, მაგრამ არა მგონია, რამე დაგვიშავოს. რატომ შეშფოთდი ასე?

- გუშინ მთელი დღე ვერ მოვიცილე. უამრავ კითხვას მისვამდა და მომეჩვენა, რომ ძალიან მიკირკიტებდა.

- ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ: შენ ხომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ, ის კი ჩვეულებრივი მამაკაცია, რომელიც შენთან დაახლოებას ცდილობდა.

- არა მგონია, ასე იყოს საქმე, - ანამ თავი გადააქნია.

- მოვედი! ირაკლი, გამარჯობა, - ზვიადმა ხელი გაუწოდა.

მამაკაცები ერთმანეთს მიესალმნენ. საუზმის განმავლობაში ანას ენა არ გაუჩერებია. ზვიადს ნატოს შესახებ უამბო და სთხოვა, ამ საქმისთვის ხელი მოეკიდა.

ანამ თავისი წინა დღის ჩანაფიქრის განხორციელებაზე ზრუნვას მიჰყო ხელი და საუზმის შემდეგ ირაკლისთან ერთად, მთელი დღე გასაყიდი სახლების დასათვალიერებლად დადიოდა. დღის ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთ მათგანზე შეაჩერა არჩევანი. ბათუმის გარეუბანში, უზარმაზარი კერძო სახლი მოეწონა, ძალიან ლამაზი ეზოთი და აუზით. სახლი ავეჯითაც გაწყობილი იყო.

- ამას ვყიდულობ! - გამოუცხადა უძრავი ქონების ფირმის თანამშრომელს, რომელიც მთელი დღე მის დევნაში დაღლილიყო და ახლა მოწყენილი სახით იდგა. როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ ანა ამ სახლსაც დაიწუნებდა ან ფასს ვერ შესწვდებოდა და ტყუილად ათვალიერებდა ყველაფერს ასე გულდასმით.

- გილოცავთ, ქალბატონო! - უცებ გამოცოცხლდა კაცი და გახარებულმა, მაშინვე ხელშეკრულების გაფორმება მოინდომა, მაგრამ ანამ დაღლილობა მოიმიზეზა და ეს საქმე მეორე დღისთვის გადადო.

საღამოს, ვახშამზე ზვიადის ანგარიში მოისმინა, თუმცა ახალი ვერაფერი გაიგო.

- ჯერ მხოლოდ ერთი დღე გავიდა, - დამნაშავესავით იმართლა თავი ზვიადმა და უხერხულად ჩაახველა, როცა ანას უკმაყოფილო მზერა შენიშნა.

- კარგი, თავს ნუ იმართლებ, მე ხომ არ გსაყვედურობ, - ანამ ხელზე ხელი დაადო, - გვიანია უკვე, მგონი დროა, დავიშალოთ, - ანა წამოდგა. მამაკაცები უკან მიჰყვნენ.

"მეგონა, რომ პირველივე დღე შედეგს მოგვცემდა და ნატოს შესახებ რამეს მაინც გავიგებდი. რა უნდა მომხდარიყო, რომ ეს გოგო ასე უკვალოდ გამქრალიყო? ნეტავ, მართლა ცოცხალი იყოს და ზვიადი მიწიდან ამოთხრის. მთავარია, რაიმე ძაფს ჩაეჭიდოს, რომ ხელმოსაჭიდი ჰქონდეს", - ფიქრობდა ანა.

ის ზღვის ნაპირზე იჯდა და კენჭებს წყალში ისროდა. მთვარე არემარეს ანათებდა და ზღვაზე გრძელ, ნათელ ბილიკს ტოვებდა. ანა სასტუმროდან გამოპარული იყო და ზღვასთან განმარტოვდა. ფიქრით წარსულში მოგზაურობდა და სტუდენტობის წლებს იხსენებდა... სტუდენტობამ ლევანი გაახსენა, ლევანმა - ანა... გული სასიამოვნოდ მოეწურა...

- ანა, აქ რას აკეთებ? მთელი საათია, დაგეძებ, ბოლოს ვიფიქრე, რომ აქ იქნებოდი და მოგაგენი კიდეც, - ქალს ირაკლი წამოდგომოდა თავს.

- ვფიქრობ.

- რაზე, თუ საიდუმლო არ არის?

- ანაზე.

- რა გადაწყვიტე - როდის უნდა გაეცნო საკუთარ შვილს, როგორც დედა? - ირაკლი უკან მიუჯდა, ფეხები გაშალა, ანა ფეხებს შორის მოიქცია და ხელები მოხვია.

ანამ თავი მკერდზე მიაყრდნო და გაირინდა. კარგა ხანს ისხდნენ ასე. ირაკლი მის შიშველ მკლავს ხელს აყოლებდა, თავზე კოცნიდა და ისე ექცეოდა, თითქოს ანა სატირლად მომზადებული პატარა ბავშვი იყო და ნუგეში სჭირდებოდა. მამაკაცმა ხელები მკლავების ქვეშ გაუტარა და წელზე მოხვია. თითქოს მარწუხებში მოიქცია. შემდეგ ხელი მკერდზე ააცოცა და ქალი მკლავზე გადაიწვინა...

კარგა ხანს გაგრძელდა მათი ალერსი. ზღვიდან მონაბერი გრილი ნიავი ანას თმას უწეწავდა და ქალის ბაგეთაგან აღმომხდარი კვნესის ხმა შორს მიჰქონდა...

- წავიდეთ, ანა, ნომერში ავიდეთ, - მამაკაცი ძლივს მოწყდა საყვარელი ქალის ბაგეს, რომ ეს რამდენიმე სიტყვა ეთქვა ჩურჩულით...

დილით ანამ გვერდი იცვალა და შეეცადა, თავისი საყვარელი პოზა მიეღო - მას პირქვე ძილი უყვარდა. ერთ ფეხს გაშლიდა, მეორეს კი ბალერინასავით მოხრიდა და მთელ საწოლს იკავებდა. ახლა კი რაღაცამ ხელი შეუშალა. გაახსენდა, რომ ირაკლის გვერდით იწვა და თვალები უცებ გაახილა. მამაკაცს მშვიდად ეძინა, სახეზე მზის სხივი მისდგომოდა. ანამ საწოლში ხელი მოაფათურა და პულტი მოძებნა. ფარდები ბოლომდე დახურა, რომ მზეს არ შეეწუხებინა. შემდეგ მამაკაცს ჩაეკრო და სცადა, ძილი შეებრუნებინა. კარგა ხანს იწვალა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და გადაწყვიტა, ამდგარიყო. როგორც კი საწოლზე წამოჯდა და ფეხები ძირს ჩამოუშვა, ირაკლიმ მკლავზე ხელი სტაცა და უკან შეითრია...

თითქმის მთელი დღე ნომერში გაატარეს. გარეთ არც გაუხედავთ, საუზმეც და სადილიც იქვე შეუკვეთეს და საწოლში მიირთვეს. არც არავის შეუწუხებია, ზვიადი მხოლოდ საღამოს გამოჩნდა და ანას შეხვედრა სთხოვა.

გაგრძელება

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველდღე