TOP.GE
gza log
image/svg+xml 15 +

ultrix - ბობოქარი გრძნობა და ცხოვრება - გზაპრესი

ultrix - ბობოქარი გრძნობა და ცხოვრება

ultrix

XXIX ნაწილი

- კიდევ კარგი, ბელას დედა არ ახსენე, სულ მეშინოდა, რომ რამეს ჰკითხავდი. დამავიწყდა, წინასწარ გამეფრთხილებინე, რომ სიტყვა არ დაგცდენოდა, - სასტუმროში შესულმა ანამ დამშვიდობებისას ზვიადს აკოცა.

- მე პირიქით, ვნერვიულობდი, რომ შენ არ გეკითხა რამე.

- ზედმეტი "თავის ტკივილი" აღარ გვინდა. ჯობია, ნელის ამბავი აღარ ამოვქექოთ.

- გეთანხმები.

ანა 2 დღის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, ზვიადი კი დარჩა და საქმის გამოძიება განაგრძო.

დავითმა არცთუ ისე სასიამოვნო ამბავი დაახვედრა: მათ ბიზნესპარტნიორებს გადაბირებას უპირებდნენ.

- ვინ გითხრა ეს ამბავი? - შუბლი შეიკრა ანამ.

- რამაზმა თქვა. მას დაჰკავშირებია ნაცნობი და უთხოვია, ჩვენი ფირმის ფინანსური დოკუმენტების ასლები გადაეღო და მისთვის მიეტანა. ჩვენს ინგლისელ პარტნიორებთან კავშირი უკვე დაუმყარებია და ახლა აპირებს, უკეთესი პირობები შესთავაზოს.

- დავით, ხომ არ ფიქრობ, რამაზმა ეს იმისთვის გამოიგონა, რომ ჩვენი ნდობა მოიპოვოს და დაგვიმტკიცოს, რომ ერთგულია?

- არა მგონია, - დაფიქრებით თქვა დავითმა, - ეს აზრად არ მომსვლია. როდესაც მითხრა, ახალი ამბავი მაქვს თქვენთვისო, ეჭვიც არ შემპარვია, რომ გულწრფელი იყო. ან რაში უნდა სჭირდებოდეს ამის გაკეთება?

- იმისათვის, რომ თუ ახლა თავის ერთგულებაში დაგვარწმუნებს, მომავალში თვალდახუჭული ვენდობით და ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

- ანა, შესაძლოა, მართალი ხარ, მაგრამ არა მგონია, რამაზი ასეთი ფლიდი და გაიძვერა იყოს.

- არ ვცდილობ, დაგარწმუნო. უბრალოდ, ვარაუდი გამოვთქვი. იქნებ, მართლაც ასეა, როგორც ის ამბობს და დროა, განგაშის ზარი შემოვკრათ. გადავამოწმებ, თუ ასეა, წინასწარ მივიღებ ზომებს და იმ ჩვენს "მტერს" კუდით ქვას ვასროლინებ.

- მე უშენოდ არ მივიღე გადაწყვეტილება. ახლა აქ ხარ და ერთად გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ.

- ძალიან კარგი... ახლა კიდევ ერთი საბაბი მაქვს საიმისოდ, რომ რამაზთან შინ მივიდე და ანა ვნახო, - ქალს კმაყოფილების ღიმილი გადაეფინა სახეზე და თვალებში ნაპერწკალი გაუკრთა.

საღამოს რამაზის სახლს უზარმაზარი, ადამიანის სიმაღლის თოჯინით ხელდამშვენებული მიადგა. პატარა ანა სიხარულის ყიჟინით შეხვდა თოჯინას, რომელიც მასზე გაცილებით მაღალი იყო.

ცოტა ხანში ანა აივანზე იჯდა, გვერდით პატარა ანა ეჯდა, ყავას წრუპავდა და რამაზს საქმეზე ელაპარაკებოდა...

გოგონა გვერდიდან არ სცილდებოდა და ცდილობდა, ახლოს ყოფილიყო მასთან. ანა გრძნობდა, რომ ბავშვს ის მოსწონდა...

რამაზისგან წამოსული ანა ფიქრობდა, რომ მამაკაცი გულწრფელი იყო... იმაზეც კი შეთანხმდნენ, რომ იმ ადამიანს შეახვედრებდა, რომელიც მისი ბიზნესის ჩაძირვით იყო დაინტერესებული.

შინ გვიან ღამით დაბრუნებული ანა ისეთი დაღლილი იყო, ფეხზე ძლივს იდგა.

- შენ დასასვენებლად იყავი თუ დასაღლელად? - დედამ გაოცება ვერ დამალა.

- დავიღალე, - თქვა ანამ და დივანზე დაეშვა, - რაც ამერიკიდან ჩამოვედი, სულ საქმე მაქვს, სულ რაღაც პრობლემაა გადასაჭრელი. ასე მგონია, იქ გაცილებით უკეთ ვცხოვრობდი და ხანდახან უკან გაქცევა მინდა.

დედამ თავზე ხელი გადაუსვა, გულში ჩაიხუტა და დაამშვიდა. ასე, დედის მკერდზე მიყრდნობილს ჩაეძინა დაღლილს. როდის-როდის გაეღვიძა. ციცო გაუნძრევლად იჯდა და თმაზე ეფერებოდა შვილს. ანამ უხერხულობა იგრძნო იმის გამო, რომ დედა ღამის 3 საათამდე არ დააძინა და აიძულა, ასე დამჯდარს მისთვის ედარაჯა... ლოყაზე აკოცა, ბოდიში ბურტყუნით მოუხადა და საძინებელში გავიდა... ციცო კარგა ხანს დარჩა ადგილზე, გაუნძრევლად და თვალმოუშორებლივ უყურებდა იმ კარს, რომლის მიღმაც ანა გაუჩინარდა. შემდეგ თავი სინანულით გადააქნია და თავის ოთახში გავიდა.

როგორც ყოველთვის, ანამ მხნედ გაიღვიძა. მისთვის რამდენიმე საათის ძილი საკმარისი იყო, რომ ძალები აღედგინა და დილით კვლავ ენერგიულად დაეწყო ახალი დღე. საუზმისას დედამ მისი თანაგრძნობა სცადა, მაგრამ ანამ შეაჩერა.

- დედა, მე უკვე "დიდი გოგო" ვარ და ვიცი, რომ ცხოვრება რთულია და ია-ვარდით მოფენილი არაა. უბრალოდ, როცა დავიღლები, პესიმიზმი მიპყრობს, მაგრამ სულ რამდენიმე საათით. არ ღირს ჩემ გამო ნერვიულობა. ხომ ხედავ, უკვე კარგად ვარ, მადაზეც მოვედი და ისე მშია, ლამის ყველაფერი შევჭამო, რაც გვაქვს, - ანა მადიანად ილუკმებოდა და მართლაც, რამდენიმე დღის მოშიებულს ჰგავდა.

- ანააა, ჩამოხვედი? - ბელამ ხელები მოჰხვია და ისე ჩაეხუტა, რომ ანამ იგრძნო, როგორ მონატრებოდა გოგონას. თვითონაც ჩაეხუტა და ჩაკოცნა ბავშვი.

- როგორ ხარ, ბელა? ხომ არ აბრაზებდი ოჯახის წევრებს?

- არა, კარგად ვიქცეოდი, - თავი გააქნია ბელამ, კარადიდან თეფში გადმოიღო, კვერცხი შეიწვა და ანას გვერდით მიუჯდა.

ამ რამდენიმე დღეში გოგონა გაშინაურებულიყო და თავს ისე გრძნობდა, თითქოს აქ გაიზარდა.

- ბებიასთან როდის იყავი ბოლოს?

- გუშინ, - ბელას თვალები აუწყლიანდა.

- რა იყო, ხომ კარგადაა? - ყასიდად ჰკითხა ანამ და უკვე საჭირო სიტყვებს ეძებდა გონებაში, რომ გოგონა ენუგეშებინა.

- არა, ძალიან ცუდადაა, თვითონ მითხრა, რომ მალე მოკვდება, - ბელამ ჩანგალი დადო, ჭამას თავი მიანება და ცრემლი მოიწმინდა, - მე არ დავუჯერე და მერე ექიმმაც იგივე მითხრა. ისეთი დაავადება აქვს, ვერაფერს ვუშველითო.

- ბელა, მოდი ჩემთან, - ანამ ხელი გაუწოდა. გოგონა კალთაში ჩაისვა და ჩაიხუტა, - ცხოვრებას თავისი წესები აქვს და ჩვენს სურვილებს არ ემორჩილება. ყველას გვიყვარს ახლობელი ადამიანები და გვინდა, რომ სულ ჩვენ გვერდით იყვნენ, მაგრამ ისინი ასაკში შედიან, ბერდებიან და კვდებიან. ჩვენ კი იმისთვის ვრჩებით ამქვეყნად, რომ მათი ხსოვნა შევინახოთ. ყველა ადამიანს თავისი იღბალი და ბედისწერა აქვს და როცა სიკვდილი მიუკაკუნებს კარზე, მაშინ წავა ღმერთთან. ბებიაც ღმერთთან წავა და იქიდან გადევნებს თვალყურს. გაუხარდება, თუ მისი საყვარელი შვილიშვილი კარგი გოგო იქნება, კარგად ისწავლის და კარგად მოიქცევა. ამის პირობას ხომ აძლევ?

- კი, - თავი დაუკრა ბავშვმა.

- ჰოდა, მაშინ ნუღარ ტირი. დაჯექი ახლა და სანამ კვერცხი გაგიცივდება, ჭამე. მერე ერთად წავიდეთ ბებიას სანახავად.

საავადმყოფოში მისულებს ცუდი ამბავი დახვდათ. ბებია უგონოდ იყო და სიკვდილს ებრძოდა. ანა და ბელა პალატაში აღარ გააჩერეს. სულ ცოტა ხნით შეუშვეს, რომ გოგონა გამზრდელ ბებიას გამოთხოვებოდა და ანამ მაშინ იხილა სასწაული: როდესაც ბელა ბებიას საწოლს მიუახლოვდა, მომაკვდავ, აგონიაში მყოფ ქალს სუნთქვა დაუმშვიდდა. ბელამ ხელზე ხელი მოჰკიდა თუ არა, მაშინვე თვალების გახელა სცადა, სახეზე ღიმილი გამოესახა, ნაკვთები დაულაგდა და შვილიშვილის გამხდარ თითებს ხელი მოუჭირა.

ექიმმა ცოტა ადროვა და ანას სთხოვა, ბავშვი პალატიდან გაეყვანა. ბელა უსიტყვოდ დაემორჩილა და ხელჩაკიდებული გაჰყვა.

ექიმი ავადმყოფს არ მოშორებია, ვიდრე ქალმა სული არ დალია...

ბელას მხრები უცახცახებდა ტირილისგან და ანას ეკვროდა. იცოდა ბავშვმა, რომ ამიერიდან ის იყო მისი პატრონიც, დედაც, ბებიაც და იმედიც... მიცვალებულის საბუთებთან ერთად ექიმმა ანას წერილი გადასცა, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ექთანს პაციენტის კარნახით დაუწერია. ეს ერთგვარი ანდერძი იყო, ბელასთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ის, რაც იქ ეწერა, ისეთი მძიმე წასაკითხი იყო, რომ ანამ გადაწყვიტა, წერილი მანამ შეენახა, სანამ ბელა სრულწლოვნი გახდებოდა ან თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ, რომ დრო იყო, ბებიას წერილი წაეკითხებინა.

გასვენებამ უხმაუროდ ჩაიარა. სულ რამდენიმე ადამიანი მოვიდა დაკრძალვაზე - იმ სასაფლაოს თანამშრომლები, სადაც ბელა და ბებიამისი ცხოვრობდნენ, ბელას რამდენიმე მეგობარი, მაწანწალა, თმაგაბურძგნილი ბავშვები და რამდენიმე ნათესავი. კოხტად გამოწყობილი ბელა სამგლოვიარო პროცესიას მიჰყვებოდა და გულამოსკვნილი ტიროდა. სასაფლაოდან ყველა სახლებში წავიდა. ანა ბელას მანქანაში ელოდა, ის კი მეგობრებს ელაპარაკებოდა.

- ბელა, დაპატიჟე შენი მეგობრები ჩვენთან, - გასძახა ანამ.

მისი მანქანა ბავშვების ჟივილ-ხივილით აივსო.

ციცო ბავშვებს გაუმასპინძლდა.

ბელა კი ანასთან მორიდებით მივიდა.

- ანა, შეიძლება, ის კაბები, რომლებიც შენ მაჩუქე, მეგობრებს მივცე?

- შეიძლება, ჩემო კეთილო და ტკბილო გოგონავ, - ანამ ბავშვს აკოცა. ესიამოვნა, რომ ის ასეთი კეთილი იყო.

ბავშვებმა სიხარულით გაინაწილეს ბელას ტანისამოსი, იქვე მოიზომეს კიდეც...

როგორც კი სტუმრები წავიდნენ, ანა ტელეფონს დასწვდა.

- გიორგი, სასწრაფოდ მიწა უნდა ვიყიდოთ სახლის ასაშენებლად.

- რამ მოგიარა ასე უცებ? - მიჩვეული იყო გიორგი ანას უცნაურ, უეცარ გადაწყვეტილებებს და არ გაჰკვირვებია, როცა ქალმა ასეთი მოთხოვნით მიმართა.

- ქალაქის გარეუბანში ან მიმდებარე სოფელში, სადმე, დიდი ნაკვეთი ვიყიდოთ.

- სახლის აშენება გინდა?

- სამსართულიანი კორპუსის, სადაც მაწანწალა ბავშვები იცხოვრებენ. დიდი ეზო კი იმისთვის მინდა, რომ თავიანთი მეურნეობაც ჰქონდეთ, შრომას მიეჩვივნენ, - ანას უკვე დალაგებული ჰქონდა გეგმა. უცებ ჩამოყალიბდა, რა უნდოდა.

- კარგი, ანა, რამეს მოვიფიქრებთ.

- ხვალვე მივხედოთ მაგ საქმეს. ზვიადი აქ არაა, თორემ იმას ვთხოვდი.

- იმ კაცს რამდენი რამე უნდა დაავალო, ხომ გაუხურე ცხოვრება, - გაიცინა მამაკაცმა.

- ამიტომ, მისნაირი თანამშრომლები უნდა გვყვადეს ყველა და მერე ერთ ადამიანს არ მოუწევს "პახაობა".

- ჰოდა, შორიდან კი ნუ იძლევი განკარგულებებს, ვიცე-პრეზიდენტი ხარ და მოდი სამსახურში, კადრების შერჩევაც შედის შენს მოვალეობებში, ახალი მთვარესავით რომ გამოჩნდები ხოლმე, ასე უნდა? - ცოტა უსაყვედურა კიდეც გიორგიმ.

- ხვალიდანვე მოვალ, კარგი რამე გამახსენე, ხომ იცი, - ანამ ტელეფონი გათიშა.

- ახალი საქმე გაიჩინე, არა? - ციცო ღიმილით შეჰყურებდა შვილს.

ანა ბელას მადლიერებით სავსე თვალებს გადააწყდა.

- შენს მეგობრებს მალე სახლიც ექნებათ, საჭმელ-სასმელიც და ტანისამოსიც, ცოტა მოითმინე და ყველაფერი კარგად იქნება, - თვალი ჩაუკრა გოგონას.

ანა პოლიციის განყოფილების გვერდით, შორიახლოს იდგა და მოთმინებით აკვირდებოდა იქაურობას. კარგა ხანს მოუწია ლოდინი, ვიდრე შენობიდან მაღალი, ჩასკვნილი მამაკაცი გამოვიდა და იმ ვერცხლისფერ ჯიპში ჩაჯდა, რომელსაც ანა უთვალთვალებდა.

ახოვანი მამაკაცი იყო. თითქმის 2 მეტრი სიმაღლის. სქელ კისერზე "დადგმული" თავი გადაპარსული ჰქონდა, შავი სათვალე ეკეთა. ისეთი გარეგნობა ჰქონდა, რომ შიშს მოგგვრიდა. ჰოლივუდურ ფილმებში კუნთმაგარი და გრძელლაბადიანი "მონსტრები" რომ თამაშობენ, იმათ ჰგავდა. ანამ ცოტა შეიცადა და ჯიპს უკან მიჰყვა.

GzaPress

"ვახო საბლიანო, კაცს მაინც ჰგავდე, ნამდვილი ცხოველი ხარ. შესაძლოა, მუშტის ერთი მოქნევით სული გამაფრთხობინო, მაგრამ შენი დღეები დათვლილია", - ფიქრობდა ანა და ცდილობდა, მანქანა მხედველობის არედან არ დაეკარგა. გადაწყვეტილი ჰქონდა, როგორმე ვახოს გაცნობა მოეხერხებინა და მისთვის თავი მოეწონებინა. მერე უკვე ზუსტად იცოდა, როგორ მოიქცეოდა.

საბლიანი არსად გაჩერებულა. ერთ-ერთი სახლის ეზოში შევიდა, მანქანა გარაჟში შეიყვანა და სადარბაზოში გაუჩინარდა.

ანა მიხვდა, რომ იმ დღეს ვახო არსად წასვლას აღარ აპირებდა და უკან გამობრუნდა.

ეზოდან გამოსულს სუნთქვა შეეკრა. გზასთან ირაკლის მანქანა ისე იდგა, რომ ანას პირდაპირ უყურებდა. ქალმა მაშინვე მასთან დარეკა.

- აქ რას აკეთებ, ირაკლი? - მხიარული ხმით ჰკითხა.

- მე? მე რას ვაკეთებ? შენ რას აკეთებ, ის მითხარი. გოგონი, ვის მიჰყვებოდი უკან? ვინაა ეგ "ვერზილა"?

- უკან არავის მოვყვებოდი. აქ ახლობელი ცხოვრობს, სტუმრად მივდიოდი და გამახსენდა, რომ ხელცარიელი ასვლა არ ივარგებდა და მოვბუნდი, რომ მაღაზიაში ტკბილეული ვიყიდო.

- ეგ შენი ახლობელი, პოლიციის შენობიდან რომ დაიძარი, მაშინ გაგახსენდა თუ დილიდან გქონდა გადაწყვეტილი მასთან სტუმრობა? - როგორც ჩანს, ანა ვახოს უთვალთვალებდა, ირაკლი - ანას.

ახლა რა უნდა მოეგონებინა? არადა, ამ საქმეში ირაკლის გარევა არ ღირდა. მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეგო, რა საქმე ჰქონდა ანას ვახოსთან.

- მმმ... ეეე... ისა... - დაიბნა ანა.

- თუ არ ვცდები, ეგ კაცი ვახო საბლიანი უნდა იყოს... ნამდვილად არ ვცდები, რადგან მისი სამსახური და ადგილსამყოფელი მე დაგიდგინე. ასე არაა, პატარავ? - ირაკლი გაბრაზებული ჩანდა - ასე სწორედ მაშინ მიმართავდა.

ანა დუმდა.

- ახლა საქმეზე მივდივარ, როცა მოვრჩები, დაგირეკავ და გნახავ. როგორ უნდა კაცების კუდში დევნა, მაგას გავიგებ.

ანამ ცოტა შვებით ამოისუნთქა, რადგან მიხვდა, რომ ირაკლის ეჭვი ახრჩობდა და სხვა რამეზე არც ფიქრობდა. მას ნამდვილად ასე ერჩივნა. ეჭვს გაუქარწყლებდა და შერიგდებოდნენ. თუმცა ახლა რაიმე "ლეგენდა" უნდა მოეგონებინა, რომ ვახოს დევნა გაემართლებინა. წინასწარ იცოდა, რომ ეს არც ისე იოლი იქნებოდა.

ანას ეგონა, იმ საღამოს ირაკლისთან შეხვედრასაც მოახერხებდა და მისი ეჭვების გაფანტვასაც, მაგრამ პირიქით მოხდა - უფრო გააბრაზა.

რამაზის თხოვნით, მასთან სტუმრად მისვლამ მოუწია, ვინაიდან საქმე ასე მოითხოვდა. ირაკლიმ რომ დარეკა, ანამ შეხვედრაზე უარი უთხრა, ვინაიდან იმ დროს რამაზთან ერთად იმ ადამიანისკენ მიიჩქაროდა, რომელიც მისი ბიზნესის ჩაძირვას ცდილობდა...

გაცოფებულმა ირაკლიმ ტელეფონი ლამის მანქანის ფანჯრიდან მოისროლა, რადგან ქალმა ისიც კი არ აუხსნა, რატომ ვერ ახერხებდა მასთან შეხვედრას. უბრალოდ ნათქვამი - "ახლა ვერ შეგხვდები, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს", მამაკაცს არ აკმაყოფილებდა. ეჭვის ჭია ღრღნიდა და იმის გამო ბრაზობდა, რომ ეს გოგო ვერა და ვერ მოათვინიერა, ვერ მოთოკა, ვერ შეაგნებინა ის, რომ ისინი ძალიან ახლობლები იყვნენ და ვალდებულიც კი იყო, რომ ირაკლი ყველაფრის საქმის კურსში ჩაეყენებინა. ისე იეჭვიანა, ვახო საბლიანის სახლთანაც კი მივიდა და ეზო მოათვალიერა, რათა დარწმუნებულიყო, ანა იქ არ იყო.

"ეს კაცი სვანია, შესაძლოა, ადრე ერთმანეთი უყვარდათ კიდეც და ახლა მისი მოძებნა აქვს გადაწყვეტილი.

არა, ანა უნამუსო არ არის, რომ თუ მართლაც ყველაფერი ისეა, როგორც მე ვფიქრობ, ამ საქმეში ჩემთვის დახმარება ეთხოვა. ზვიადს სთხოვდა, ბოლოს და ბოლოს და ჩემს ყურამდე სულ არ მოიტანდა; არც მოღალატეა, რომ სხვა მამაკაცთან დაამყაროს ურთიერთობა. მაშ, რა საქმე აქვს? რატომ არ ამბობს ჩემთან? ნუთუ მისი ნდობა ვერ მოვიპოვე? მარტოხელა მგელივითაა ეს გოგო. სულ რაღაც საიდუმლო საქმეებშია გაბმული, სულ რაღაცას არკვევს, სულ ვიღაცას ეხმარება... ამიტომაც, სულ შარშია გაბმული. არა, აუცილებლად უნდა მოვიყვანო გონს! შეიგნოს ბოლოს და ბოლოს, რომ ქალია და არა - აბჯარასხმული მეომარი ან ვარდისფერკაბიანი ფერია, რომელსაც ჯადოსნური ჯოხი აქვს და ყველას ეხმარება", - ფიქრობდა ირაკლი და სახეზე ხან ღიმილი გადაეფინებოდა, ხან შუბლს შეიკრავდა, ხანაც ჩაიცინებდა... "ჩემი არანორმალური გოგო, ჩემი მოუსვენარი, საქმიანი და "ნამდვილი სვანი", - გაიფიქრა ბოლოს და თვალებში სითბო და სიყვარული ჩაუდგა.

ასე მას არასოდეს ჰყვარებია და არც ასე ბედნიერად უგრძნია ოდესმე თავი. ანასთან ურთიერთობის დროს არასოდეს იცოდა, რას მოიფიქრებდა ახალს ეს კაფანდარა გოგო, წინასწარ ვერ გათვლიდა, რა ელოდა 2 წუთის შემდეგ - რა თავსატეხს გაუჩენდა... სწორედ ამის გამო მოსწონდა მასთან. მათი ურთიერთობა მდორედ არ მიედინებოდა. გრძნობაც ისეთივე ბობოქარი იყო, როგორიც მათი ცხოვრება...

გაგრძელება

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველდღე