sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XV-XVI ნაწილი)
13 სექტემბერი, სამშაბათი
ბაჩოს თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა. წარმოიდგინა ოჯახი, რომელსაც თავი ძლივს გააქვს. მოხუცის აკანკალებული ხელები, რომელიც ხმელ პურს წყალწყალა წვნიანით სავსე ჯამში ფშვნის. სახლი კი სავსეა მტვრის სქელი ფენით დაფარული ანტიკვარული ნივთებით, რომელიც წინაპართა სახსოვარია და იმდენად ძვირფასი, რომ გასაყიდად ვერ იმეტებენ. ერთი ნივთის საფასურად მთელი წელი და შესაძლოა, უფრო მეტი ხნითაც გაიტანენ თავს... ბაჩოსთვის მოულოდნელი იყო ასეთი წინადადება. მას წარმოდგენილი ჰქონდა, რომ რომელიმე ტრესტის მმართველის ან თანამდებობის პირის სახლში შევიდოდა და მექრთამეობით დაგროვილ ფულს მოიპარავდა. გასანას ცალი თვალით გახედა. ის მშვიდად, ცალ ფეხზე ჩამუხლული კრეფდა მარწყვს და თითქოს, ბაჩოს არსებობა არც კი ახსოვდა.
- მაგ საქმეზე ვერ წავალ, - თქვა ბაჩომ და თითქოს შვებით ამოისუნთქა, რადგან გადაწყვეტილება მიიღო. გასანას გაეცინა.
- ჩვილი გული გაქვს, აკი გითხარი, არ ხარ გასაფუჭებელი ბიჭი-მეთქი. ჩვენმა საქმემ არჩევანი არ იცის. სადაც დევს, იქიდან უნდა აიღო. შენ კი, როგორც ვატყობ, ქურდობისა და გულმოწყალების შეთავსება გინდა. კაკო ყაჩაღის როლის მორგება გსურს, არა? - "მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა"... ან ამ საქმეზე წახვალ, ან აღარასდროს იფიქრებ მოპარვაზე. ისწავლე, ნასწავლ კაცს ცხოვრება არ გაგიჭირდება. მამაშენის შვილი თავს ყველგან გაიტან.
- მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მამაჩემი არაფერ შუაშია. იმ ანტიკვარულ ნივთებს სად გავყიდით?
- იოლი დასაყოლიებელი ყოფილხარ. შენი შეკითხვა იმას ნიშნავს, რომ თანახმა ხარ? - ბაჩომ უსიტყვოდ დაუქნია თავი მისკენ მობრუნებულ გასანას. - მაშინ კარგად უნდა დავგეგმოთ. წეღან დამავიწყდა, რომ მეთქვა: ისინი უკვე მოლაპარაკებული არიან მუზეუმთან. ამ დღეებში, ნივთებს შეაფასებენ და იმ ანტიკვარებს სრულიად უსასყიდლოდ წაიღებენ. ასე რომ, შენს სინდისთან პირნათელი იქნები.
- გამოდის, რომ სახელმწიფოს უნდა მოვპარო?
- ჰო, ასე გამოდის. - გაიღიმა გასანამ.
ბაჩომ მეორედ ამოისუნთქა შვებით. მარწყვის კრეფას რომ მორჩნენ, ბაჩო მას გამოემშვიდობა. გასანამ რამდენიმე დღის შემდეგ დაიბარა იმ ბიჭების გასაცნობად, ვინც მასთან ერთად წავიდოდა "საქმეზე". მათი შეხვედრისას ყველა დეტალი დაზუსტდა და ზედმიწევნით ზუსტი გეგმაც შეადგინეს. რამდენიმე დღის შემდეგ, შუაღამისას, იტალიური ეზოს ერთ-ერთ კარს 3 ადამიანი მიადგა. მათ მეორე სართულის აივანი უხმოდ გაიარეს და მეზობლის მიერ წინასწარ მიცემული გასაღები კარს უხმაუროდ მოარგეს. გარედან შემოსულ შუქზეც ჩანდა, რომ ოთახი მართლაც სავსე იყო ძვირფასი ნივთებით. სახლში ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს არც ერთი სულიერი იქ არ იყო. საძინებლის კარი მოხურული იყო და ჩამიჩუმი არ ისმოდა. ბიჭებმა ფრთხილად დაიწყეს ნივთების ჩანთაში ჩალაგება. უხმაუროდ მოქმედებდნენ, ერთმანეთს თავით ანიშნებდნენ, რა უნდა წამოეღოთ. საქმეს მორჩნენ. ის იყო, კარისკენ დაიძრნენ, რომ ბაჩო უკან მიბრუნდა და კედელზე დაკიდებული 3 ნახატიც ჩამოხსნა... ქურდებმა ისევ უხმაუროდ დატოვეს ბინა და კიბეზე დაეშვნენ. 5 წუთის შემდეგ, უკვე სამშვიდობოს მყოფი ბაჩო ფიქრობდა: თურმე, რა იოლი ყოფილა ასეთი საქმეების კეთება. გაცილებით იოლი, ვიდრე ამოცანების ამოხსნაო... ნაქურდალი გასანასთან მიიტანეს და იმ ღამით, ბაჩო მასთან დარჩა. მაშინ მოსწია პირველად სიგარეტიც... დილით კი, შინ მისულს მშობლებისთვის ახსნა-განმარტების მიცემა მოუხდა. თავი იოლად დაიძვრინა და ხვალინდელ დღეზე ფიქრს მიეცა. თან გასანას სიტყვებს ვერ ივიწყებდა: არ გეგონოს, რომ ყოველთვის ასე კარგად მთავრდება ყველაფერი, ხანდახან, მელას ქათმის ქურდობაზე წაასწრებენ და იქვე გაგორებენო. რამდენიმე დღის შემდეგ კი, გასანამ მას იმდენი ფული მისცა, რომ არც კი იცოდა, რაში უნდა დაეხარჯა.
13 სექტემბერი, სამშაბათი
12:00
ზურა: გძინავს, ჩემო ფისუნია? წუხელ გათენებამდე ვილაპარაკეთ. მე დილაუთენია უკვე სამსახურში ვიყავი. შენ რა გენაღვლება, იძინე... მიყვარხარ...
14:23
ზურა: ისევ გძინავს? გაიღვიძე, გოგო, გაიღვიძე! საღამოს შეგეხმიანები. ახლა ოფისიდან გავდივარ. ტელეფონი ჩართე, ამ საღამოს შენი ნახვა მინდა. ძალიან მომენატრე. ნატალი, მიყვარხარ.
23:24
პანდორა: ზურა, სად ხარ? მე უკვე დიდი ხანია გელი და არ ჩანხარ.
ზურა: მოვედი, საყვარელო.
პანდორა: როგორც იქნა. სად იყავი?
ზურა: ნამდვილი ეჭვის ბუდე ხარ. სამსახურის საქმეზე ვიყავი.
პანდორა: მოდი და ნუ იქნები ეჭვის ბუდე. შენს ხელში კიდევ კარგად ვარ.
ზურა: მერე, მაგას რა სჯობია, თუ სულ ფხიზლად იქნები? ნეტა, როგორ მინდოდა დღეს შენი ნახვა, მოდი, გესტუმრები, რაააა!
პანდორა: არა, არ მინდა, რომ აქ მოხვიდე. მეზობლები რას იტყვიან?
ზურა: "გზაში" რომ გამოჭიმე ჩვენი მესიჯები და ამბავი, მაშინ არ ფიქრობდი, რას იტყოდნენ მეზობლები? თანაც, მაგას ხომ მარტო მეზობლები არ კითხულობენ?.. მაშინ მოვალ და სადმე გავისეირნოთ. იქ რასაც ვილაპარაკებთ, იმას მაინც ხომ ვერ გაიგებს მარი ჯაფარიძე?!. მოსაკლავი ხარ, მაგის გულისთვის.
პანდორა: შემაცდინა. :))) კარგი, გავისეირნოთ, თუ ასე გინდა, მაგრამ ცოტა გვიან ხომ არ არის?
ზურა: ცხელა, არაგვზე წავიდეთ და გავგრილდეთ.
პანდორა: კარგი, რამდენ ხანში მოხვალ?
ზურა: ძალიან მალე, ჩემო სიხარულო.
14 სექტემბერი, ოთხშაბათი
13:45
ზურა: როგორ ხარ, ნატალი? არ მეგონა, თუ შუადღისას აქ იქნებოდი.
პანდორა: კარგად ვარ, გუშინდელი ღამით აღფრთოვანებული.
ზურა: მართლაც კარგი იყო, არა? დიდი ხანია, ახალგაზრდობა არ გამიხსენებია.
პანდორა: ახალგაზრდობაში დადიოდი ხოლმე არაგვზე?
ზურა: ჰო, დავდიოდით სტუდენტობის დროს და ქალები მიგვყავდა ხოლმე.
პანდორა: იცოდე, შემომაკვდები!
ზურა: ნუ ბრაზდები, ეს ადრე იყო, ახალგაზრდობაში. ახლა შენ მიყვარხარ.
პანდორა: თვალთმაქცი ხარ და გველივით ჭრელი.
ზურა: მერე, შენ იკითხე, რომ ასეთი კაცი შეგიყვარდა, თორემ მე ანგელოზივით ქალი მიყვარს და სანერვიულოც არაფერი მაქვს.
პანდორა: გამოუსწორებელი ხარ.
ზურა: დღეს თურქეთიდან დამირეკეს. შესაძლოა, რამდენიმე დღით ანტალიაში წავიდე, ოჯახთან.
პანდორა: კარგს იზამ, დაისვენებ მაინც. სამსახური გიშვებს?
ზურა: ხომ მაქვს უფლება, რომ შვებულება ავიღო?
პანდორა: მაგრამ როგორც მახსოვს, ამბობდი, რომ იმ შვებულებით ამ ზაფხულს ვერ ისარგებლებდი.
ზურა: ახლა საქმეები მოვაგვარე და 3-4 დღით წავალ. შენც ხომ არ წამოხვიდოდი?
პანდორა: გაგიჟდი? სად წამოვალ? იქ ხომ ცოლ-შვილი გელოდება? რას ეტყვი ჩემზე, ვინ არისო?
ზურა: ცოლი არა, შვილი მელოდება. თანაც, სულაც არ არის აუცილებელი, რომ შენი თავი მათ წარვუდგინო. ცალკე, სულ სხვა სასტუმროში დაგიქირავებ ოთახს და იქ იქნები. დღის განმალვობაში შეხვედრას მოვახერხებთ. შენ თუ მოინდომებ, ღამითაც გნახავ.
პანდორა: არა, არა, მაგაზე არც იოცნებო. ეს ქნება ყველაზე საშინელი საქციელი ჩემს ცხოვრებაში და საკუთარ თავს ამის უფლებას არ მივცემ. უჩემოდ წადი. იმის შემდეგ, რაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, ფაქტობრივად, ოჯახთან ერთად აღარ ყოფილხარ. წადი, კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი, იქნებ მოგიბრუნდეს ცოლ-შვილზე გული. მოსაფიქრებელი დროც გექნება და რომ ჩამოხვალ, მერე გადავწყვიტოთ ჩვენი ურთიერთობა.
ზურა: რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებ და ეგ ამბავი არ მომწონს. შენ გგონია, რომ ჩვენი ურთიერთობა გადაწყვეტილი არ არის? პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, რომ ვერ ვარკვევდე, რა მინდა და რატომ მინდა? მე შენ მიყვარხარ და ჩემი თურქეთში გამგზავრება არაფერს შეცვლის. უბრალოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ გნახავ. ტელეფონი როუმინგში მექნება ჩართული და როცა მინდა, მაშინ დაგირეკავ. ოღონდ, ამისთვის საჭიროა, რომ შენც ჩართო ტელეფონი. იქ ინტერნეტის საშუალებაც იქნება და აუცილებლად დაგელაპარაკები. გოგო, გაიგე, რომ მიყვარხარ.
პანდორა: გასაგებია. რომ ჩამოხვალ, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
ზურა: თუ გინდა, არ წავალ.
პანდორა: მინდა, რომ წახვიდე. მე ადრეც გითხარი, რომ ჩვენი ურთიერთობის გადასარჩენად, შესაძლოა, ყველაზე კარგი გზა დაშორება იყოს. ახლა კი უნდა წავიდე, რადგან ჩემი და მელოდება.
ზურა: კარგი, წადი, საღამოს განვაგრძოთ ლაპარაკი, მაგრამ განშორებაზე ნურაფერს ამბობ. თუმცა, საყვარელი ადამიანის გამო ეგოიზმი უნდა დასძლიო და მისცე ის, რაც მას უნდა.
23:45
სონა: გამარჯობა, ნატალი.
პანდორა: გაგიმარჯოს, საყვარელო. როგორ ხარ?
სონა: კარგად. ნაწერითაც კი იგრძნობა, რომ ხასიათზე ვერა ხარ. ისევ მოხდა რამე?
პანდორა: განსაკუთრებული არაფერი. გუშინ ზურა შუაღამისას შემეხმიანა და სასეირნოდ დამპატიჟა.
სონა: მერე?
პანდორა: მერე ის, რომ არაგვზე ვიყავით, ზედ მდინარის პირზე, არასდროს ვყოფილვარ იქ. ერთი უკაცრიელი ადგილი იყო. შესაძლოა, იმიტომ ჩანდა უკაცრიელი, რომ უკვე გვიანი იყო. მანქანა ლამის პირდაპირ წყალში შეიყვანა. ფეხზე გავიხადე და წყალში ევედი. ისეთი თბილი და სასიამოვნო იყო, რომ გამოსვლა აღარ მინდოდა, მაგრამ ხავსიან ქვებზე ფეხი მიცურავდა და შემეშინდა, არ ჩავვარდნილიყავი. ჯერ რესტორანში მეპატიჟებოდა, მაგრამ მდინარეზე წასვლა ვარჩიე. გზაში კონიაკი, შოკოლადი, მინერალური წყალი და რაღაცები იყიდა. მანქანის "კაპოტზე" სახელდახელო სუფრა გააწყო. პლასტმასის ჭიქებით, ბომჟებივით ვსვამდით კონიაკს და ისე კარგად ვგრძნობდი თავს, როგორც არასდროს. ზემოდან მთვარე დაგვნათოდა, ერთ მხარეს განათებული სვეტიცხოველი მოჩანდა, მეორე მხარეს - მცხეთის ციხე. სადღეგრძელოებს ვამბობდით, ერთმანეთს სიყვარულს ვეფიცებოდით, მეუბნებოდა: ჩვენ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს ერთმანეთს, ჩემი "სვეტსკი" გოგო ხარო. ხელს მხვევდა, გულში მიკრავდა, მიკოცნიდა თვალებს, ცხვირს, ლოყებს, ყველაფერს, რაც კი მის ტუჩს მოხვდებოდა. მართლაც ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, რომ გულწრფელი იყო და მიხაროდა, რომ ამას სწორედ იმ ადამიანისგან ვისმენდი, ვინც თავადაც უზომოდ მიყვარდა. იქიდან ლამის გამთენიისას წამოვედით.
სონა: მერე, რა მოხდა?
პანდორა: მერე, არაფერი. დღეს შუადღისას ველაპარაკე და მითხრა, რომ რამდენიმე დღით თურქეთში მიდის, ცოლ-შვილთან.
სონა: ამიტომ ხარ მგლოვიარედ?
პანდორა: ჰო...
სონა: კი, მაგრამ უფლება არა აქვს, რომ წავიდეს და დაისვენოს?
პანდორა: როგორ არა, მეც ვუთხარი: კარგს იზამ, თუ წახვალ-მეთქი, მაგრამ ამის დაწერა რის ფასად დამიჯდა, ვინ იცის.
სონა: კი, მაგრამ რა პრეტენზია გაქვს?
პანდორა: მთელი ზაფხული იმას ამბობდა, ვერსად წავალ, დრო არ მაქვსო. აღმოჩნდა, რომ თურმე, სამსახურის რამდენიმე დღით დატოვება შესძლებია. მეც შემომთავაზა, რომ გავყვე, მაგრამ არ წავალ.
სონა: რატომ?
პანდორა: იმიტომ, რომ ჩემი წასვლა არ შეიძლება. შევთავაზე, რომ ვირე იქ იქნება, ყველაფერი კარგად მოიფიქროს და მერე გადაწყვიტოს, რა უნდა ჩემგან. ისევ გავახსენე ადრინდელი წინადადება იმის შესახებ, რომ იქნებ, ჩვენი დაშორება სჯობდეს.
სონა: მერე, რა გითხრა?
პანდორა: ორაზროვანი პასუხი გამცა. სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა. სიტყვასიტყვით გეტყვი: "საყვარელი ადამიანის გამო ეგოიზმი უნდა დაძლიო და მისცე ის, რაც მას უნდა".
სონა: დავიწყოთ იმით, რომ როგორც ჩანს, შენ უზომოდ იეჭვიანე და იმას აღარ ფიქრობ, რომ მას სხვა მოვალეობებიც აკისრია – ოჯახის, მშობლების, მეგობრების, თანამშრომლებისა თუ სხვათა წინაშე. ის ვალდებულია, მიხედოს თავის ოჯახს.
პანდორა: მე თავს დამცირებულად ვგრძნობ.
სონა: ნატალი, შენ ამას ან უნდა შეეჩვიო, ან უნდა დაივიწყო ეგ ადამიანი და შენი ცხოვრება განაგრძო - სხვა გამოსავალი არა გაქვს. მაპატიე, რომ ასე პირდაპირ გეუბნები, მაგრამ სხვა ამას არასდროს გეტყვის. რაც შეეხება მის ნათქვამს, როგორც ჩანს, ის გულისხმობს, რომ თუ მის საყვარელ ადამიანს მასთან განშორება უნდა, ის გაიღებს მსხვერპლს და მის სურვილს დათანხმდება.
პანდორა: მეც ასე ვიფიქრე.
სონა: ჰოდა, თუ ის ადამიანი შენთვის ძვირფასია, უნდა შეეგუო ყველაფერს და მიიღო ის ისეთი, როგორიც არის. ვგრძნობ, რომ მას უყვარხარ, მაგრამ ის ოჯახს სჭირდება.
პანდორა: მეც მჭირდება.
სონა: თუ მიხვდები, რომ შენ მისთვის მეასეხარისხოვანი ხარ, მაშინ შეგიძლია ხმა აიმაღლო და შენი პრეტენზიეციც წამოაყენო. ახლა კი ხვდები, რომ არასწორი იქნებოდა შენი მხრიდან საყვედურის თქმა და ამიტომაც მოთოკე თავი, არ დაანახვე შენი ეჭვი, განცდა და წყრომა.
პანდორა: ასეა, ნამდვილად.
სონა: ჰოდა, ამოიგდე თავიდან უსაფუძვლო პრეტენზიები და მიჰყევი ცხოვრებას. ის რამდენიმე დღეში დაბრუნდება და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.
პანდორა: ცოტა დამამშვიდე. კარგი გოგო ხარ.
სონა: შენ ვერ გაიზარდე...
პანდორა: ვინ მეუბნება ამას? შენ? გადვირევი ახლა...
სონა: :))) მართალია, შენ ყოველთვის ჩემზე ჭკვიანი, გაწონასწორებული იყავი და რჩევას მუდამ შენ გეკითხებოდი, მაგრამ ახლა შეყვარებული ხარ და შეყვარებული ადამიანი გონიერი ვერ იქნება. ამიტომ, თავს უფლება მივეცი და ცოტა ჭკუა დაგარიგე.
პანდორა: კარგი, წავედი ახლა. ზურა მელოდება, მაგრამ მასთან ლაპარაკის თავი არა მაქვს. დავწვები და დავიძინებ.
01:23
პანდორა: საღამო მშვიდობისა.
ზურა: რაღა საღამოა? ღამის 2 საათი დაიწყო. სონას ელაპარაკებოდი, ხომ?
პანდორა: კი. იცი, სონა ფეხმძიმედ არის.
ზურა: მიულოცე ჩემ მაგივრად.
პანდორა: ჩემი მისამართისა და ასავალ-დასავალის გაგება რომ გინდა, მაშინ შუამავალი არ გჭირდება - ურეკავ და ეკითხები. მილოცვა კი მე უნდა დამაბარო?
ზურა: უცხოეთში მიღებულია, როცა ქალი დაფეხმძიმდება, ყველა ულოცავს და შესაძლოა, ამის აღსანიშნავად ლხინიც კი გამართონ, მაგრამ საქართველოში ჯერ არ დანერგილა ეგ წესი და მგონი, უხერხული იქნება, რომ დავურეკო და ვუთხრა: გამარჯობა, სონა, ზურა ვარ. გავიგე, ორსულად ყოფილხარ და გილოცავ-მეთქი.
პანდორა: ჰო, ალბათ სწორი ხარ.
ზურა: ალბათ კი არა, ნამდვილად ასეა. ახლა ის მითხარი, ხომ არ მოიფიქრე წამოსვლა?
პანდორა: არა, ზურა, მაგაზე არც მიფიქრია. შენ წადი და მალე ჩამოდი.
ზურა: როგორ მიყვარს, როცა სახელით მომმართავ. სად წავიდა ის აგრესია? ეგ ნამდვილად სონას გავლენაა. ნატალი, ვიცი, რომ ეჭვიანობ. დაწყნარდი და ისე გააანალიზე ყველაფერი. რადგან იქ წამოსვლა არ გინდა, მაშ, რომ დავბრუნდები, მერე მე და შენ წავიდეთ სადმე. სანამ თურქეთში ვიქნები, რცა გაგიხარდება, მაშინ დამიმესიჯე. ნუ შეგაშფოთებს ის აზრი, რომ ცოლი იქ მეყოლება და ამიტომ დამესიჯება არ შეიძლება. გამიგე, პატარავ?
პანდორა: კარგი, გავიგე. ახლა კი უნდა დავიძინო. კარგად.
ზურა: ეს რა წესი გაქვს, - უცებ დამშვიდობება და გაქრობა? სიტყვა პირში შემაცივდება ხოლმე. კარგად. ტკბილ ძილს გისურვებ. ისიც არ მკითხე, როდის მივდივარ. დილით, ადრე უნდა წავიდე. კარგად, ჩემო ბარტყო.
15 სექტემბერი, ხუთშაბათი
17:00
პანდორა: გამარჯობა, ჩემო სიხარულო... დღეს ხუთშაბათია და შენ თურქეთში წახვედი. ახლა უკვე ექვსი საათი დაიწყო და შენგან არაფერი ისმის... მე კი მენატრები და თავს საშინლად ვგრძნობ, რადგან უშენოდ დავრჩი და ერთი სიტყვითაც კი არ გამიხსენე. თუნდაც მანამდე, სანამ ადგილამდე ჩახვიდოდი... სულ ერთი სიტყვა და ერთი წუთით მინდოდა შენთან ლაპარაკი... რას იზამ, ასეთია ჩემი ხვედრი... ახლა კი მგონია, რომ შენ გელაპარაკები და მონატრებას ვიკლავ... გესაუბრები, მაგრამ არ გესმის... ალბათ, არც გული გიგრძნობს რამეს... დღევანდელმა დღემ შენზე ფიქრში ჩაიარა. ტელეფონი მთელი დღე ჩართული მაქვს და ყველა მესიჯის მოსვლას სიხარულით ვხვდები, მაგრამ უფრო მეტი იმედგაცრუება მხვდება... მე ხომ მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლევ... ნუთუ, შენ არ გაგახსენდი, ერთხელ მაინც? გკოცნი შორიდან...
00:35
პანდორა: საღამო მშვიდობისა, ჩემო სიხარულო... ახლა ღამის პირველი საათია... დღეს არ გაგხსენებივარ. ვწუხვარ, რომ ასე ხდება. უზომოდ კმაყოფილს, ალბათ, არც გაგახსენდები. ხვალ საღამომდე დავიცდი და თუ კიდევ არაფერს იღონებ საიმისოდ, რომ მე ცოტა გულზე მომეშვას, მესიჯს გამოგიგზავნი, როგორც შეგპირდი. ჯოჯოხეთში ვარ და თავს უზომოდ ცუდად ვგრძნობ... ხვალამდე, ჩემო სიხარულო... გკოცნი და ძილი ნებისა...
16 სექტემბერი, პარასკევი
10:54
პანდორა: დილა მშვიდობისა, ჩემო ფუსუსუნა! ეს სახელი შენთვის მოვიგონე და ამის შემდეგ, ასე დაგიძახებ. როგორ ხარ, სიხარულო? ალბათ, ისევ გძინავს... მე კი ისე მენატრები... წუხელ თითქმის არ მეძინა. ერთი მესიჯი... რა იქნება, მხოლოდ ერთი მესიჯი! გთხოვ, გთხოვ! ღმერთო, შთააგონე, რომ თუნდაც ერთი სიტყვა მომწეროს! დღეს ტანჯვის მეორე დღე დაიწყო... არადა, სულ იოლად შეგიძლია, ამ ჯოჯოხეთიდან თავი დამაღწევინო... ისევ ველი შენგან გულმოწყალებას... საღამოს მე შეგეხმიანები, თუ შენ არ გამოჩნდები. გკოცნი.
14:36
პანდორა: ახლა სამი საათი დაიწყო... შუადღეა... არ ცხელა, მაგრამ ტვინი მიდუღს. ზურიკო, სულ 7 საათი გაქვს, დრო... თუ არ მომწერ, მე აუცილებლად დაგიმესიჯებ... ვიცი, ამას შენ ვერ წაიკითხავ, მაგრამ იქნებ, შთაგაგონო? ზუსტად 9 საათზე მესიჯს გამომიგზავნი ან დამირეკავ, თუ არა და, გადაწყვეტილი მაქვს, რომ დიდი სისულელე ჩავიდინო.
20:24
პანდორა: ჩემო სიხარულო, სულ რაღაც ნახევარი საათი დარჩა... მიდი, დაამესიჯე ან დარეკე, ნუ დუმხარ... გესმის? ზურიკო, გთხოვ, არ მინდა, რომ ცუდად მოვიქცე. დაამესიჯე, გთხოვ... :)))))) აი, შენც დარეკე! გაგიმართლა, შე სულელო... მიყვარხარ უზომოდ... ხვალ თუ კიდევ არ დამირეკავ, იცოდე, რომ ზუსტად იგივე სიტუაციაში აღმოჩნდები...
23:59
პანდორა: ღამე მშვიდობისა, ჩემო სიხარულო. შენმა ზარმა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა. ცოტა გელაპარაკე, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლე მაჩუქე. ნუთუ, ასე ძნელია, გამახარო?
17 სექტემბერი, შაბათი
12:43
პანდორა: შუადღე მშვიდობისა, სიხარულო... როგორ ხარ? იმედია, გახსოვარ და არ დაგავიწყდი... როგორ ჩაიარა გუშინდელმა დღემ? დღეს უფრო მეტად მენატრები, ვიდრე გუშინ... თუმცა, გუშინ ვფიქრობდი, რომ იმაზე მეტად აღარ შეიძლებოდა მონატრება... გკოცნი და გეხუტუნე.
22:38
პანდორა: ზურიკო, მიყვარხარ, ჩემო სიხარულო... დღეს საერთოდ არ გაგხსენებივარ... ისე, მეც მაგრად ვუბერავ, არა? კაცი ცოლ-შვილში ხარ და მე კიდევ, ტვინს "გიბურღავ" - არ გახსოვარ-მეთქი... რატომ უნდა გახსოვდე, რომ? უბრალოდ, მე მინდა, რომ გახსოვდე, თორემ ვადებული არ ხარ... არ გამიბრაზდე, თუ გსაყვედურობ, ჩემო კარგო... მენატრები და იმიტომ მინდა შენი ხმის გაგონებაც და მესიჯის მოსვლაც... რა ძნელია, მთელი დღის განმავლობაში ლოდინი... და როცა ეს ლამის მთელი კვირა გრძელდება... არ უნდა გამეყო "შარში" თავი, რა მშვიდად ვცხოვრობდი! კარგი, წავედი... აქ რომ გწერ, ასე მგონია, რომ შენ გელაპარაკები და მონატრებას ვიკლავ... კარგად! მახსოვხარ, მიყვარხარ და გელოდები... მაშინ მაინც გამიხსენე, როცა ჩამოხვალ... ან როცა ამ სიტყვებს წაიკითხავ... ან წაიკითხავ, კიიიი? გკოცნი, სიყვარულო... კარგად! ხვალ თუ მოდიხარ, კეთილ მგზავრობას გისურვებ...
18 სექტემბერი, კვირა
08:22
პანდორა: შენი საქციელი უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა... ეს უკვე უნამუსობაა... წუხელ მთელი ღამე ვერ დავიძინე... ამ მესიჯს დილაუთენია გწერ... კარგი, რა, ზურა! დამიკიდე და ეგ არის... გმადლობთ... მე უკვე იმის იმედიც აღარ მაქვს, რომ ჩამოხვალ და მაშინ მაინც შემეხმიანები... აქ აღარ მომწერ... უკვე ძალიან მწყდება გული... როგორც შენ გინდა... თუ ასე გირჩევნია, ასე იყოს... კეთილი მგზავრობა და კარგად...
19 სექტემბერი, ორშაბათი
10:13
პანდორა: ჩემო სიხარულოოოოოოოოო, რა ბედნიერი ვიყავი წუხელ, შენი მესიჯი რომ მოვიდა... ღმერთო, შენ ჩემი მკვდრეთით აღდგენა შეგიძლია... უცებ მაბრუნებ, სიცოცხლისკენ... ჩემი ოცნება ხარ, ჩემი სიხარული და სიყვარული... ჩემი სიცოცხლის ელექსირი... დილით, შენ რომ მესიჯები გამოგიგზავნია, მე მეძინა, გვიან ვნახე და აღარ დაგიმესიჯე... მიყვარხარ, ჩემო ფუსუსუნა... იმის წარმოდგენაზეც კი ცუდად ვხდები, რომ უნდა გნახო. შენს ხელებს ვგრძნობ ჩემს სხეულზე... ტუჩებს, სითბოს... საიდან მოხვედი, რა გინდოდა, რატომ დამირღვიე მშვიდი ცხოვრება? ვერ გიტან, ვერა! სიხარულოოოოოოოოო...
23:44
ზურა: ღამე მშვიდობისა, ჩემო სიხარულო. იცი, დღეს რა ცუდად მოვიქეცი? ახლა დავდგები და დავიძინებ. შენი კოცნის ღირსი არა ვარ. დილით მოგიყვები ყველაფერს. კარგად!
განაგრძე კითხვა
მარი ჯაფარიძე
რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე