sheabi.ge პარალელურ სამყაროში (xix-xx ნაწილი) - გზაპრესი

sheabi.ge პარალელურ სამყაროში (xix-xx ნაწილი)

ნატალი: ბიჭი ნელ-ნელა უახლოვდებოდა ბაჩოს. ბოლოს, მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით გაჩერდა. ერთმანეთი თვალით აზომეს... ბაჩოს მათი პირველი შეხვედრა წარმოუდგა თვალწინ და გასანას ხმაც ცხადლივ ჩაესმა: - აი, ვაჟკაც, გაიცანი, ეს ლევანია, ეს კიდევ - ვასკა. ამ საქმეზე ერთად წახვალთ. აბა, თქვენ იცით, ბიჭებო, - მიუბრუნდა იმ ორს, - ბაჩოსთვის ეს პირველი საქმეა და თქვენზეა დამოკიდებული მისი მომავალი. თქვენ თუ შეგეშინდებათ, ეს ბიჭიც წახდება. მიდი, ჩამოართვი ხელი, - ოდნავ წაჰკრა ზურგში ბაჩოს. მაშინაც, სწორედ ასე აზომეს ერთმანეთი თვალით მან და ლევანმა და ხელი მერე გაუწოდეს. ლევანმა თითები სე მოუჭირა, რომ ბაჩო მიხვდა, ამით უსიტყვოდ აფრთხილებდა - ჩემთან თამაში ხუმრობა არ გეგონოს, პირველობას არავის დავუთმობ, ვასკასავით, ჩემი "შნირი" იქნებიო. სწორედ ამან მიახვედრა ბაჩო, რომ ის იყო "გლავნი", ვასკა კი - მისი ნების შემსრულებელი. ახლა კი, ეს ლევანი მის წინ იდგა და მის ამაყ მზერაში დამნაშავის გამოხედვაც გამოკრთოდა.

- რევაზიჩ, დაახვიე აქედან! - გამოცრა კბილებში ბაჩომ ისე, რომ ლევანისთვის თვალი არ მოუშორებია. რევაზიჩმა უკანმოუხედავად მოკურცხლა. ბაჩომ ხელი გაუწოდა ლევანს და სწორედ ისე მოუჭირა თითები, როგორც მაშინ - ამ უკანასკნელმა.

- მაშ, ჩემი და გიყვარს, არა? - ახლა მისი მისამართით გამოცრა კბილებში.

- მასაც ვუყვარვარ...

- ქალის კალთას ვაჟკაცი არ ამოეფარება... შორენამ არ იცის, რა "პროფესია" გაქვს, ნაბოზარო, თორემ არ შეგიყვარებდა.

- მეც ის "პროფესია" მაქვს, რაც - შენ. არც შენი ამბავი ეცოდინება შენს დას.

- შანტაჟის მოწყობას აპირებ?

- მე შორენა მიყვარს და ვერავინ წამართმევს მის თავს. ვერც შენ - ბაჩო! - ბაჩომ მის ხმაში სიმტკიცე იგრძნო და მიხვდა, რომ მისი თანამოსაქმე იოლად არ დათმობდა მისი დის სიყვარულს. ცოტა დაფრთხა კიდეც, მაგრამ ხმამაღლა მარტო ერთი სიტყვა თქვა:

- ვნახოთ! - ორივე ხელი შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და წავიდა.

- ბაჩო! - მოესმა ზურგს უკან ლევანის ძახილი, მაგრამ აღარ მიუხედავას, მარტო ხელი გააქნია თავს ზემოთ და შინისაკენ აიღო გეზი. შორენა თავის ოთახში იჯდა, დივანზე ფეხმორთხმით და წიგნს კითხულობდა. ბაჩო გვერდით მიუჯდა, ხელი მოხვია და მისი თავი მკერდზე მიიხუტა. შორენა გაიტრუნა და ძმის გულისცემას მიუგდო ყური.

- ლევანი გავიცანი, - უეცრად თქვა ბაჩომ. შორენა წელში გასწორდა და ძმას თვალებში ჩახედა. ბაჩომ მის მზერაში შიში დაინახა. სადღაც, გულის სიღრმეში შეეცოდა დაიკო. ის მორჩილად უყურებდა და თითქოს განაჩენს ელოდა.

- შენ მას აღარ შეხვდები... - კატეგორიულად თქვა მან. გოგონას ცრემლები წამოსცვივდა. ბაჩოს გული მოეწურა, მაგრამ არ აგრძნობინა. წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხნის მერე კი, დედის საყვედურებს ისმენდა იმის გამო, რომ უგულოა და დასთან ურთიერთობა არ შეუძლია... ბაჩომ კარი გაიჯახუნა და გასანასკენ გასწია...

05:45

ნატალი: უკვე დილის 6 საათი ხდება. ისე დამათენდა თავზე, რომ ვერც კი გავიგე. ახლა ცოტას დავიძინებ და მერე სამსახურში წავალ. შენ კი კეთილ მგზავრობას გისურვებ. თუ მოგენატრე, საღამოს სტუმრად მოდი. გკოცნი ბევრს. ჩემი სიცოცხლე ხარ.

22 სექტემბერი, ხუთშაბათი.

17:43

ზურა: 3 საათის წინ ჩამოვფრინდი. როგორ ხარ, ჩემო სიხარულო? ახლა სამსახურში ვარ და 2 წუთით "შემოვირბინე" საიტზე. ვიცი, შენც სამსახურში იქნები. ტელეფონი, როგორც ყოველთვის, გამორთული გაქვს. უამრავი საქმე დამიგროვდა იმ დღეებში, რაც წასული ვიყავი. ალბათ შინ გვიან მივალ. უფრო სწორად - მოვალ, რადგან შენთან გამოვივლი აუცილებლად, რომ გინახულო. მომენატრე, ჩემო კუდრაჭავ. რას დამახვედრებ ვახშმად?.. გკოცნი, დროებით.

23:01

ნატალი: გამარჯობა, სონაააა...

სონა: გაგიმარჯოს. ვატყობ, კარგი განწყობილება გაქვს. ალბათ, ზურასგან კარგი ამბებია. ასეა?

ნატალი: :))) ერთი სიტყვა რომ მოგწერო, იმითაც კი ხვდები, როგორი განწყობილება მაქვს. მაგარი ხარ, სონა!

სონა: მე ხომ "შემწვარ-მოხრაკულს" გიცნობ!.. მომიყევი ახალი ამბები.

ნატალი: ახალი ჯერ არაფერია. გუშინდელს აქეთ რა შეიცვლებოდა?! ზურა ჩამოვიდა დღეს და ეგ არის ახალი.

სონა: აი, თურმე, რა ყოფილა შენი კარგი განწყობილების მიზეზი!.. უკვე ნახე?

ნატალი: არა, ჯერ არ მინახავს. საიტზე დაუტოვებია მესიჯი - ამ საღამოს შემოგივლი და ვახშამი დამახვედრეოოო...

სონა: :))) მერე, რა მოუმზადე ვახშმად ოჯახის უფროსს?

ნატალი: ოჯახის უფროსი მე ვარ, ძველებურად. გვიან მოვედი, მერე 2 პაციენტი მყავდა და ვერაფრით ვერ მოვასწრებდი ვახშმის მომზადებას. ამიტომ აქვე, კაფეში ხაჭაპური და პიცა შევუკვეთე. გემრიელად ამზადებენ. მაღაზიაშიც გამზადებული სალათები ვიყიდე და ეგ არის.

სონა: გოგო, შენისთანა მზარეულმა მაღაზიისა და კაფეს საჭმელებით უნდა მოიწონო თავი?!

ნატალი: სხვა დროს ჩემს მომზადებულს მივართმევ. ახლა კი ამით უნდა დაკმაყოფილდეს. მითხარი, შენ როგორ ხარ?

სონა: კარგად ვარ.

ნატალი: ექიმმა - რაო?

სონა: რაო და... ყველაფერი კარგად მიმდინარეობსოოო. ანალიზები ჩავაბარე და ყველაფერი ნორმაშია. ნაყოფიც კარგად ვითარდება. რა ვიცი, ჩემო კარგო, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

ნატალი: აუცილებლად კარგად იქნება. ისე, ერთ რამეზე მწყდება გული...

სონა: მაინც, რაზე?

ნატალი: რაზე და შენი შვილი იტალიელი რომ იქნება, იმაზე...

სონა: ნუ ხარ შენ ნაციონალისტი! ნამდვილ ქართველად გავზრდი, ნუ გეშინია. დაბადებიდანვე ქართულად დაველაპარაკები და იტალიურს არ ვასწავლი. ის კი არა, რობასაც კი ქართულად ველაპარაკები. უნდა ნახო, შინ რომ მოვა, ქვაბს ახდის და ლობიო რომ დახვდება, როგორ შლის ხელებს და ამბობს: ქარგი, სონა, ამოვიდა კელში ლობიოო...

ნატალი: :))) ასე მოაბეზრე?

სონა: გოგო, ხომ იცი, რომ მე ძალიან მიყვარს ლობიო. აქ კი ქართული კერძის გემო ერთადერთს, ამას აქვს. ყველაფერს - სხვანაირი, უცხო გემო დაჰკრავს. ესენი ლობიოს სხვანაირად ამზადებენ - კარტოფილით და წვნიანს ხარშავენ. მე კი ქართულად ამოვზელ ხოლმე და კარგად შევკაზმავ. ჰოდა, რობა სულ აპროტესტებს, მაგრამ დიასახლისი მე ვარ და რასაც მინდა, იმას მოვამზადებ...

ნატალი: გაგექცევა ეგ შენი რობა და მერე სდიე კუდში.

სონა: სად წავა? არსადაც არ გავუშვებ...

ნატალი: ძალიან გიყვარს?

სონა: კი, უზომოდ. შენ არ იცი, რა კარგი ადამიანია. როცა გაიცნობ, იტყვი, რომ ასეა.

სონა: სად წახვედი? პასუხს რატომ არ მწერ?

ნატალი: ზურა მოვიდა. როგორ არისო? მოგიკითხა.

სონა: :))) მეც მომიკითხე. კარგად ვარ... წავედი, მაშინ, რადგან ზურა მოვიდა, ხელს არ შეგიშლით. დროებით, ნატალი. ხვალ გავაგრძელოთ. გკოცნი.

23 სექტემბერი, პარასკევი

22:57

ნატალი: სონა, როგორ ხარ?

სონა: კარგად. შენ? შენ როგორ ხარ? ერთი სული მქონდა, როდის მოხვიდოდი, რომ გამეგო გუშინდელი ამბები. რაო, პატივცემულმა?

ნატალი: რაო და მომენატრეო. მისაყვედურა, რატომ დაემშვიდობე სონას, გესაუბრა, შუა გზაში რომ მიატოვე, ეგ ხომ უზრდელობააო...

სონა: თქვენ იყავით კარგად და არა უშავს, ავიტან...

ნატლი: რა ბებერი ქალივით ლაპარაკობ! :)))

სონა: ბებერი ვარ, მაშ, რა ვარ, 32 წლის გავხდი უკვე...

ნატალი: დედაკაცო, ახლა ჭკვიანად იყავი, თორემაააა... ახალ ამბებს აღარ მოგიყვები, იცოდე...

სონა: მომიყევი ახალი ამბები, რა, ნატალი...

ნატალი: ახალი ის არის, რომ 5 ოქტომბერს ჩვენთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და არის ერთი ამბავი. ოპოზიცია უკირკიტებს მთავრობას და ყველაფერზე "ეკიდება", ისინი კიდევ, ოსტატურად იცილებენ მათ ნასროლს და რიკოშეტით უგზავნიან უკან. კიდევ, თბილისის მერიც უნდა ავირჩიოთ და რაღა თქმა უნდა, გიგი უგულავა "იგულავებს" ისევ.

სონა: რატომ, გიგი?

ნატალი: იმიტომ, რომ "ნაციონალია" და უმრავლესობის წარმომადგენელი. იმის ჩიტია უმრავლესობა, რომ თოფაძე და დავითაშვილი "გაამეროს"?

სონა: ლეიბორისტები რას შვრებიან?

ნატალი: არიან ძველ ამპლუაში. შალვა გაჰყვირის - ხალხო, გატყუებენო! - მაგრამ ვის ესმის?

სონა: შენ და პოლიტიკა "დაძმაკაცებულხართ"...

ნატალი: შენ ისეთ დროს წახვედი, ჩემო კარგო, რომ მთავარი მოვლენები გამოტოვე...

სონა: სულაც არ გამოვტოვე. ინტერნეტით ვუყურებ ქართულ არხებს და ყველაფერ ზედმიწევნით ვიცი. ასე რომ, დაანებე პოლიტიკას თავი და რაც მაინტერესებს, ის მომიყევი, თორემ, გამოვძვრები ახლა კომპიუტერში და ნახავ, როგორ დაგახრჩობ...

ნატალი: შე ქალო, მაგდენი თუ შეგიძლია, მოდი, გამოძვერი, მოგესიყვარულები, მოგეფერები და გაძვერი მაგ შენს რობასთან ისევ.

სონა: ნატალი, მოჰყევი, რა მოხდა გუშინ, ნუ მანერვიულებ.

ნატალი: მაპატიე, დამაივწყდა, რომ ბავშვს ელოდები და შენი ნერვიულობა არ შეიძლება.

სონა: მერე, მიდი, დაიწყე.

ნატალი: ჰოდა, გუშინ მობრძანდა ვაჟბატონი სტუმრად. კარი რომ გავაღე, ისეთი გაბრწყინებული სახით იდგა, თითქოს "ტიტანიკი" გადაერჩინოს. გაშავებულა ხმელთაშუა ზღვაზე. უხდება "ზაგარი". კარგად გამოიყურება. ჯერ ჩამიხუტა და კარგა ხანს მკოცნა, მერე კი ერთი - მშიაო - თქვა და დივანზე მოწყვეტით დაჯდა. გავაცუნცულე სამზარეულოში და გავუწყვე სუფრა.

სონა: სამზარეულოში ავახშმე? არ გრცხვენია?

ნატალი: ეგ ხომ სტუმარი არ არის! თვთონაც კმაყოფილი დარჩა, შინაურულად ვგრძნობ თავსო, - ამბობდა და თან, მადიანად ილუკმებოდა. ჭამას რომ მორჩა, კალთაში ჩამისვა და ჩამეხუტა. მერე დიდხანს ვილაპარაკეთ. მეხვეწებოდა, რომ ჩემთან დამეტოვებინა, მაგრამ არ დავტოვე. ღამის 3 საათზე წავიდა.

სონა: საინტერესოა, რას ეტყოდა ცოლს?

ნატალი: მეც ვკითხე - რა უნდა მოატყუო სახლში-მეთქი? მიპასუხა - არავინ შემეკითხება, სად ვიყავი და არც ვინმეს მოტყუება დამჭირდებაო.

სონა: საინტერესოა, ნეტავ, მართლა ასეთი სიტუაცია აქვს სახლში?

ნატალი: თუ მას დავუჯერებთ - კი. ღამის 12 საათზე მოვიდა და არავის დაურეკავს მისთვის და არ დაინტერესებულა, სად იყო.

სონა: შესაძლოა, გუშინ იყო ასე, მაგრამ სხვა დროს ცოლმა დაურეკოს.

ნატალი: ჰო, შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ მე მასთან ისე ხშირად არ ვყოფილვარ, რომ მაგის დაფიქსირების საშუალება მქონოდა. თანაც, ისინი ხომ წასული იყვნენ და იქიდან ხშირად არ ურეკავდნენ. ალბათ ახლა სიტუაცია შეიცვლება. ადრე უფრო მშვიდად ვიყავი. ახლა კი დაძაბული ვიჯექი. მეგონა, მისი ცოლი ყველაფერს ხედავდა.

სონა: რა უნდა დაენახა? როგორ ისხედით და ლაპარაკობდით?..

ნატალი: მას მოსწონს, როცა წევს და თავი ჩემს კალთაში უდევს. წუხელაც ასე იწვა, ქვევიდან შემომყურებდა და თუ ადამიანის ფსიქიკის რაიმე გამეგება, შეყვარებული თვალებით მიყურებდა.

სონა: რატომ თქვი, თუ ადამიანის ფსიქიკის რაიმე გამეგებაო?

ნატალი: აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი ვიყავი, მაგრამ ისე ამიბნია თავგზა ზურამ, რომ უკვე ეჭვი მეპარება. ვიდრე დასასვენებლად წავიდოდი, ჩემთან ერთი პაციენტი დადიოდა. დაახლოებით ჩვენი ასაკის ქალია. წასვლამდე 5 სეანსი ჩავუტარე. სწორედ მსგავსი პრობლემა აქვს: ცოლიანი კაცი შეუყვარდა, მის დავიწყებას ცდილობდა და ფსიქოლოგის ჩარევა დეპრესიის დასაძლევად სჭირდებოდა. მეც, როგორც წესი და რიგია, ველაპარაკებოდი და ასეთი ურთიერთობის ავ-კარგში ვარკვევდი. მერე ისიც დასასვენებლად წავიდა. ახლა კი განაახლა ჩემთან ვიზიტები. ჰოდა, უკვე მეორე შეხვედრაა, ვუმტკიცებ, რომ კი არ უნდა დაივიწყოს ის კაცი, არამედ თავისი სიყვარულისთვის უნდა იბრძოლოს... გაოცებული მიყურებდა დღესაც. ხშირად, თეორია სულ სხვა რამეს გვასწავლის, ხოლო ცხოვრება სრულიად განსხვავებულ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს...

სონა: ასეა, ჩემო კარგო. კიდევ რაზე ილაპარაკეთ შენ და ზურიკომ?

ნატალი: ყველაფერზე ცოტ-ცოტა. ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარს, სონა... როცა მეხება, ეს გარეგანი შეხება არ მყოფნის, მინდა, რომ მის შიგნით ჩავძვრე და დავუკოცნო გული, ფილტვები... მინდა, რომ მთლიანად გარს მეკრას და სხეულის სითოეული უჯრედი მის შეხებას გრძნობდეს. ასეთი რამ გაგიგია?

სონა: არა, არ გამიგია, მაგრამ ისეთი არანორმალური ხარ, რომ შენგან არ მიკვირს.

ნატალი: კიდევ იმაზე შევთანხმდით, რომ ხვალ ქალაქგარეთ წავალთ 2 დღით და ორშაბათს დილით ჩამოვალთ.

სონა: ვაააუ! ქალაქგარეთ - სად?

ნატალი: არ ვიცი. დილით 6 საათზე მოვალ და ერთად გადავწყვიტოთ, სად წავალთო, - მითხრა.

სონა: უყურე შენ! ახალ ამბებს ორშაბათს მომიყვები?

ნატალი: ალბათ.

სონა: კარგი, მაშინ, ახლა დაიძინე, უკვე გვიანია, დილით ვერ ადგები.

ნატალი: ახლა ზურას უნდა ველაპარაკო ცოტა ხანს, მაგრამ ალბათ, ამაღამ მაინც ვერ დავიძინებ.

სონა: ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. დაწექი და მშვიდად დაიძინე.

ნატალი: ჰო, სათქმელად იოლია... გკოცნი, ჩემო სონა და 2 დღით დაგემშვიდობები.

სონა: ნერვიულობ?

ნატალი: რა თქმა უნდა, ვნერვიულობ.

სონა: დაწყნარდი. მესმის, რომ ეს შენთვის გადამწყვეტი ნაბიჯია, მაგრამ ნუ ნერვიულობ. ასე ვეღარ გააგრძელებ. ან საერთოდ უნდა დაშორდე, ან უნდა გაჰყვე და მისი ალერსის ტყვე გახდე... გირჩევ, რომ წახვიდე. კარგი ადამიანია ზურა და არა მგონია, რომ ინანო. ბევრს გკოცნი. კარგად.

02:22

ნატალი: მოვედი, ჩემო კარგო.

ზურა: მოიცალე ჩემთვის?

ნატალი: კი, მოვიცალე. როგორ ხარ?

ზურა: ცუდად.

ნატალი: რატომ? ახლა უნდა მოკვდე მაინცდამაინც - ხომ?

ზურა: რა იყო, შეგეშინდა, ხვალინდელი "პაეზდკა" არ გადაიდოს?

ნატალი: ჰო, შემეშინდა... :(((

ზურა: ნუ გეშინია, ჩემო პატარავ, ეს 2-დღიანი პაემანი მაშინაც კი შედგება, მკვდარი რომ ვიყო. ფიზიკურად არა ვარ ცუდად - მენატრები და იმიტომ გითხარი, ცუდად ვარ-მეთქი. უშენოდ საერთდ ვეღარ ვძლებ. ნეტავ, რა გვეშველება?.. ნატალი, ახლა დაიძინე, დილით ადრე უნდა ავდგეთ ორივე და თანაც, ხვალ ღამე მოგიწევს უძილობა... ასე რომ, ძილი ნებისაააა...

ნატალი: მოიცადე, არ წახვიდე, რააა...

ზურა: გისმენ.

ნატალი: მაინც, სად აპირებ ჩემს წაყვანას?

ზურა: იქ, სადაც ჩვენს მეტი არავინ იქნება. სადმე მთაში წავიდეთ, ახლა დასვენების სეზონი დამთავრებულია და ხალხი არ იქნება.

ნატალი: უფრო კონკრეტულად ვერ მეტყვი?

ზურა: ყველაფერი გითხარი, რაც ვიცოდი, ჩემო პატარავ. ხვალ ერთად გადავწყვიტოთ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რა მნიშვნელობა აქვს, სად წავალთ? მთავარია, რომ ერთად ვიქნებით! ასე არ არის?

ნატალი: კი, ასეა. მაშ, კარგი, ხვალამდე. თუმცა, ჩვენს შეხვედრამდე სულ რაღაც 3 საათი დარჩა. დავიძინოთ ახლა, ცოტა მაინც. გკოცნი.

ზურა: კარგად, ჩემო გულო... დროებით...

ნატალი: კოცნა დაგავიწყდა.

ზურა: ხვალ იმდენს გაკოცებ, რომ ვერ დათვლი. კარგად. ახლაც გკოცნი.

26 სექტემბერი, სამშაბათი

13:25

ზურა: როგორ ხარ, პატარავ? სამსახურში ხარ, ხომ? უზომოდ მენატრები უკვე. ნატალია, საღამოს მომწერე, რააა... თუმცა, დღეს შენთან მოვდივარ და იქ ვილაპარაკოთ, მშვენიერო... მიყვარხარ, გოგოოოვ!

21:54

ნატალი: გამარჯობა, სიხარულოოოო...

ზურა: გაგიმარჯოს, როგორ ხარ?

ნატალი: კარგად ვარ. შუადღისას მოგიწერია, დღეს სტუმრად მოვდივარო...

ზურა: კი, მოვალ აუცილებლად. ახლა სამსახურში ვარ, ცოტა საქმე მაქვს და რომ წამოვალ, პირდაპირ შენთან მოვალ. დილით კი, პირდაპირ შენგან წამოვალ სამსახურში.

ნატალი: აქ დარჩენას აპირებ?

ზურა: ჰო, რა, არ შეიძლება?

ნატალი: მერე, სახლში რა პასუხს გასცემ?

ზურა: ეგ შენი საფიქრალი არ არის და მაგაზე ლაპარაკი არ მინდა.

ნატალი: კარგი, მაპატიე, აღარ შეგეკითხები.

ზურა: ჰო, ასე ჯობია. ერთ საათში წამოვალ.

ნატალი: მაშინ, მანამდე სონას დაველაპარაკები.

ზურა: კარგი,სიხარულო... არაფერი გამოგრჩეს, ყველაფერი მოუყევი...

ნატალი: შენ რა, არ მოგწონს, მე რომ სონას რაღაცებს ვუყვები?

ზურა: თუ მაგას არა, აბა, ვის უნდა მოუყვე?!. მე არ მითქვამს, არ მომწონს-მეთქი. კარგი, მიდი, ესაუბრე, მეც მალე მოვალ.

22:51

ნატალი: გამარჯობა, სონა.

სონა: როგორც იქნა, გამოჩნდი!.. როგორ ხარ?

ნატალი: კარგად ვარ. თავად?

სონა: რა დროს ჩემი მოკითხვაა?! მომიყევი ახალი ამბები.

ნატალი: იმ დილით, როგორც შეთანხმებული ვიყავით, 6 საათზე მოვიდა. გეზი ბაკურიანისკენ ავიღეთ. ორივე კარგ ხასიათზე ვიყავით. ვხუმრობდით, მომავალ 2 დღეს ვგეგმავდით. ის იყო, ხაშურში შევდიოდით, რომ ჩემმა მობილურმა დარეკა. სულ გამორთული მაქვს, ხომ იცი, მაგრამ დილით ჩავრთე, რომ ზურას დაერეკა. სახლის ტელეფონს დაბალი ხმა აქვს და შეიძლებოდა, რომ ხმა ვერ გამეგონა. მერე ჩართული ჩავაგდე ჩანთაში და დამავიწყდა, რომ გამომერთო. ვუპასუხე, რადგან ზურამ ყურები ცქვიტა და ეჭვით გამომხედა. უცხო ნომერი იყო. ქალის ხმამ მკითხა - ნატალი ხარ? - დიახ-მეთქი, - შე გათახსირებულო, უსაქმურო ბოზო, გგონია, შეგრჩება ჩემი გამწარება? შენისთანა ბოზს არ მივცემ უფლებას, რომ ცხოვრება დამინგრიოსო!..

სონა: კი, მაგრამ ვინ იყო?

ნატალი: ზურა მოვიდა! კარს გავუღებ და დაგიბრუნდები. არ წახვიდე, ზურა ხელს არ შეგვიშლის...

ნატალი: დავბრუნდი, სონა, აქ ხარ თუ უკვე წახვედი?

სონა: აქ ვარ და გელი. ზურა მოვიდა?

ნატალი: კი, მოვიდა და მოგიკითხა. ახლა სამზარეულოშია და მწვადს წვავს.

სონა: მაშ, ქეიფს აპირებთ?

ნატალი: წეღან დამირეკა და მკითხა: ვახშმად რა გაქვსო? რაც ვუთხარი, არ მოეწონა და თვითონ მოიტანა სამწვადე. ახლა თვითონვე წვავს, უნდა ნახო, რა მაგარი სანახავია. წითელი, თეთრკოპლებიანი წინსაფარი აქვს აფარეული, რომ თავისი თეთრი პერანგი არ დაესვაროს და ხორცს ისეთი გულმოდგინებით ჭრის, რომ ენის წვერი კბილებს შუა აქვს გამოყოფილი. საქმეს მთელი გულით აკეთებს.

სონა: გაუშვი, "იფრინოს"... შენ კი მომიყევი, ვინ იყო ის ქალი, ასე რომ გაგლანძღა. ალბათ, მისი ცოლი, არა?

ნატალი: იმ ქალის ხმა რომ გავიგე, გავშრი. ზურას შევხედე. სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ხმა ვერ ამოვიღე. კარგა ხანს მლანძღა. ბოლოს, ისღა ვუთხარი - ქალბატონო, რატომ კადრულობთ ასეთ სიტყვებს-მეთქი?! ზურა მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა და ტელეფონი გამომართვა. ყურზე მიიდო და კარგა ხანს უსმინა. ბოლოს, ძალიან მშვიდად ჰკითხა: - რა განერვიულებს? - არ ვიცი, რას ეუბნებოდა ის, მე მხოლოდ ზურას ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბარს ვისმენდი. ჯერ მშვიდად ელაპარაკებოდა, შემდეგ მესმოდა სიტყვები: ხმას დაუწიე... ჩემს საქმეში ნუ ერევი... ბავშვს მიხედე და პრობლემებს ნუ ეძებ... მე შენ არ გეკითხები, სად დადიხარ და ჩემს საქმეში ცხვირის ჩაყოფას გიკრძალავ!.. - მერე, როგორც ჩანს, ნერვებმა უმტყუნა და ყვირილი დაიწყო: როგორ გაბედე ამ ნომერზე დარეკვა? მეორედ თუ ასეთ რამეს გაბედავ, იცოდე, რომ ცუდად დამთავრდება შენი გამოხდომა. გესმის, თუ არა, რას გეუბნები? - ჩაჰყვიროდა ყურმილში და ვხედავდი, როგორ უთრთოდა ტუჩები, ცხვირის ნესტოები და ნიკაპი. ტელეფონი რომ გათიშა, კარგა ხანს ჩუმად იყო. ჩემი ტელეფონი ხელში ეჭირა და ისე მართავდა მანქანას. ასე, 10 წუთის შემდეგ ტელეფონმა ისევ დარეკა. ზურამ ნომერს დახედა, უცებ, ხელი მოიქნია და მობილური ფანჯრიდან მოისროლა. ჩაიბურტყუნა: ახლა ორივენი მშვიდად ვიქნებითო. ტელეფონს თვალი გავაყოლე და დავინახე, როგორ გადაეშვა სადღაც, ხრამში, თვალები ცრემლით მქონდა სავსე. - ნუ ინერვიულებ, ახალს გიყიდი, თბილისში რომ დავბრუნდებითო, - მითხრა. გამეღიმა. კარგად იცოდა, რომ ტელეფონის გამო არ ვტიროდი, მაგრამ ვითომ ყურადღება სხვა რამეზე გადამატანინა. მანქანაში ამ საკითხზე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. ორივე ჩუმად ვიყავით. ამასობაში, ბაკურიანში ჩავედით და რამდენიმე სასტუმრო მოვიარეთ. ბოლოს, ერთ საკმაოდ ფეშენებელურ და კომფორტულ სასტუმროში დავბინავდით. საკმაოდ დაღლილი ვიყავი. ოთახში რომ შევედით და კარი მოვიხურეთ, სავარძელში ჩავეშვი. ზურაც იქვე, დივანზე ჩამოჯდა, საზურგეს მიაწვა, გულხელი დაიკრიფა და თვალები დახუჭა. სიჩუმე ჩამოვარდა. მე ყურებში იმ ქალის ხმა ჩამესმოდა. ხომ იცი, ისედაც ვნერვიულობდი და ახლა სულ მთლად მეწურებოდა გული.

სონა: ნანობდი, რომ წახვედი?

ნატალი: მეგონა, მსოფლიოში ვერც ერთი ძალა ვერ შემაცვლევინებდა ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ ასე უცებ, პირისპირ რომ შევეჯახე ხათუნას, უკან დავიხიე. თან ვნანობდი, თან - არა. მას თბილისში ყოფნისას რომ დაერეკა, ალბათ, სამუდამოდ უარს ვიტყოდი ზურაზე, ისე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. მაგრამ მაშინ ისე შორს ვიყავი სახლიდან და ისე ახლოს საყვარელ ადამიანთან, რომ შეუძლებელი იყო, რაიმე ძალას იძულებული გავეხადე, უკან წამოვსულიყავი. ზურამ ცოტა ხნის შემდეგ მითხრა: თუ ყველაფერს ნანობ და ნერვიულობ, თბილისში დავბრუნდეთ, როცა დამშვიდდები და მიხვდები, რომ ჩვენს გრძნობას ვერაფერი მოერევა, ჩვენც მაშინ წამოვიდეთ აქეთ. თუ გინდა, ცალკე ნომერს ავიღებ ამავე სასტუმროში და იქ გადავალო.

სონა: იმედი მაქვს, ამ წინადადებაზე არ დათანხმდი. ნატა, ხომ ვიცი, რა ძნელია ცოლიანი კაცის მეგობრის ხვედრი, მაგრამ ვიცი, რომ ზურა ძალიან გიყვარს და იმედი მაქვს, რომ მასაც იგივე გრძნობით უყვარხარ, ამიტომ მგონია, რომ არ უნდა წამოსულიყავი თბილისში. ალბათ, ახლა უკვე გვიანია თითზე კბენანი და უკან დახევა.

ნატალი: მართალი ხარ. ამიტომაც ვუთხარი უარი უკან წამოსვლაზეც და ცალკე ნომერში გადასვლაზეც...

სონა: ძალიან კარგად მოქცეულხარ. იმ დღეს უკან რომ დაბრუნებულიყავი, ალბათ, სამუდამოდ უნდა დაშორებოდი.

ზურა: სონა, მე ზურა ვარ. ახლა ნატას ზურგს უკან ვიდექი და თქვენს მესიჯებს ვკითხულობდი. მართალი ხარ, რომ ნატას ძალიან ვუყვარვარ და მეც ასევე, მისი გულისთვის ყველაფერს დავთმობ. როგორ ფიქრობ, ნატა რომ დამთანხმებოდა, მე მისი უკან წამომყვანი ვიქნებოდი? ძლივს მივაღწიე იმას, რომ ჩემთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ღამე გაეთია და მაგ შანსს ხელიდან გავუშვებდი? ეგ ისე ვკითხე, მაინტერესებდა, რას მეტყოდა.

სონა: რა გითხრა?

ზურა: რას მეტყოდა? მუხლებში ჩამივარდა, თავს იატაკს ახლიდა და მეხვეწებოდა - არ წამიყვანო თბილისში, შენთან მინდაო. შემეცოდა ძალიან და გადავიფიქრე. ახლა, ყოველ საღამოს მოვალ, მწვადს შევწვავ, ვაჭმევ და მერე წავალ ჩემი გზით. სხვა გზა არ დამიტოვა და... :)))

სონა: ხუმრობას მოეშვი და მერე მომიყევით, რა მოხდა... ხელს თუ გიშლით, წავალ...

ზურა: შენ ინტიმური სცენები გაინტერესებს?

სონა: ზურა, ნატალის ვეტყვი და გარეთ გაგაგდებს...

ზურა: აბა, მიდი, უთხარი... ახლა მე რომ წავიდე, ეგ ვეღარ დამთმობს... მორჩა, სონა, ნატალი ჩემია, მე წაგართვი მეგობარი...

სონა: არა, მაგას ვერ დავიჯერებ, რომ ნატალის შენ ჩემზე მეტად უყვარხარ.

ზურა: გინდა, ვკითხოთ?

სონა: კი, მინდა...

ნატალი: მე ორივე მიყვარხართ... მეგობრის სიყვარულს და კაცის სიყვარულს ერთმანეთს ვერ შევადარებ. ზურა თავზე მადგას და მეკითხება: არჩევანის წინაშე რომ დადგე, რომელს აგვირჩევო? რატომ უნდა დავდგე ასეთი არჩევანის წინაშე, ვერ გამიგია, მგარამ თუ მაინც ასე მოხდება, მინდა, ზურამ იცოდეს, რომ არჩევანს მის სასარგებლოდ ნამდვილად არ გავაკეთებ. ზურა ჩემი სიცოცხლეა, მაგრამ შენ ჩემთვის სიცოცხლეზე მეტი ხარ... ახლა ამ სიტყვებს ზურაც კითხულობს და შესაძლოა, სწყინს კიდეც, ასე რომ ვამბობ, მაგრამ მან ხომ დაწვრილებით არ იცის, ჩვენ რა გადავიტანეთ ერთად და რატომ ხარ ასე ძვირფასი ჩემთვის... სონა, მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარხარ და ჩემს თავს ვერავინ წაგართმევს...

სონა: გაიგე, ბიჭო?! (ამ სიტყვებს რომ ვამბობ, წარმოიდგინე, რომ ძალიან "კრუტოი" პოზა და კმაყოფილი სახე მაქვს).

ზურა: ჩემო სონა, მე ის უფრო გამიკვირდებოდა, ნატალის სხვანაირი პასუხი რომ გაეცა. ქალს ასეთი მეგობრობა რომ შეუძლია, მე მისი იმედი ყოველთვის მექნება...

სონა: ნატალი დასვი კომპიუტერთან და დამალაპარაკე...

ზურა: ნატალი სუფრას აწყობს. ახლა მწვადი უნდა ვჭამოთ.

სონა: იცით, რომელი საათია? ღამის 3 საათზე მწვადის ჭამა არ გამიგია. თქვენ მგონი, სულ გაგიჟდით.

ზურა: მოდი, ერთად ვიქეიფოთ...

სონა: კამერა მაინც ჩამირთეთ, თქვე უღმერთოებო...

ზურა: ახლავე, ჩემო კარგო...

სონა: ზურა, დამენახვე, მაინტერესებს, როგორი ხარ, ასე რომ გადარიე ჩემი დაქალი...

ნატალი: ხომ ხედავ, როგორ გამოგეჭიმა... მოგეწონა?

სონა: ჰოოო... აი, თურმე, რატომ შეგიყვარდა... ნატა, სასმელი გაქვთ?

ზურა: კი, შავი ღვინო გვაქვს... პირველს შენს სადღეგრძელოს დავლევთ...

სონა: ახლა მე მოვიტან კომპიუტერთან ჩემს საჭმელს და კონიაკს, მერე კი, ერთად ვიქეიფოთ.

ზურა: მაგარია. აბა, მიდი!

ზურა: აჰა, როგორც იქნა, მოხვედი... სონა, შენი სადღეგრძელოა, ჩემო კარგო. გაგიმარჯოს, იმიტომ, რომ კარგი ადამიანი ხარ; იმიტომ, რომ ჩემი ნატალის იმედი ხარ; იმიტომ, რომ დიდი სიყვარული შეგიძლია და ბოლოს და ბოლოს იმიტომ, რომ ნამდვილი სონა ხარ. შენს რობასთან და მომავალ შვილთან ერთად გადღეგრძელებ... აბა, მოგვიჭახუნე ჭიქა ეკრანზე...

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ 12:00 საათზე