ultrix - ერთმანეთის ტუჩების ძებნა, ჩემი მიძალება და შენი დანებება... - გზაპრესი

ultrix - ერთმანეთის ტუჩების ძებნა, ჩემი მიძალება და შენი დანებება...

ultrix

XXV ნაწილი

ირაკლიმ ჯერ მისი სახის თვალიერებას მიჰყო ხელი, თითქოს პირველად ხედავდა, ყველა ნაკვთი შეისწავლა. შემდეგ ტუჩებზე დაეკონა. ანას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მის მკლავებს დაჰყვა და ლამის გულზე დაადნა საყვარელ მამაკაცს.

- ის, რაც წეღან გითხარი, სულაც არ ნიშნავს, რომ ქორწინებამდე სექსი არ გვექნება, - ვნებიანად ჩასჩურჩულა ყურში, როცა ქალის ტუჩებს მოსწყდა. სახე დაუკოცნა და მანქანა დაქოქა.

მოსაღამოებული იყო, როცა გორა კალვარიაში ჩავიდნენ. ძლივს მოასწრეს ისტორიული ციხის ნახვა. ღამდებოდა.

- მოდი, ამაღამ აქ დავრჩეთ, სასტუმროს მოვძებნი.

- გიორგი გაგიჟდება, - წინააღმდეგობის გაწევა სცადა ანამ.

- გიორგიმ იცის, რომ ამაღამ არ მივალთ, არ ინერვიულებს. მხოლოდ მე და შენ ვიქნებით... ერთ ნომერს ავიღებ, დიდი საწოლით.

- მაშ, მოაწყვეთ, არა?.. ის განგებ დარჩა, შენც განგებ წამომიყვანე ასე შორს... არ მინდა აქ დარჩენა, არც ტანისამოსი მაქვს და არც სურვილი. წავიდეთ! - გადაჭრით თქვა ქალმა.

- ტანისამოსი ვიყიდოთ ხვალ დილით, რა პრობლემაა, და მერე დავბრუნდეთ უკან.

- არა, წავიდეთ! არ მინდა აქ გაჩერება, - ისე კატეგორიულად თქვა, ირაკლი მიხვდა, არ გაუვიდოდა თავისი და უკან დაბრუნება გადაწყვიტა.

შუაღამე იყო, როდესაც სასტუმროში შევიდნენ. ჰოლში გიორგის გადააწყდნენ, რომელიც დივანზე ნებივრად მიწოლილიყო და ახალგაზრდა ქალს პოლონურად ელაპარაკებოდა.

- შენ რა, პოლონური იცი? როგორ გამაკვირვე! - ანას გაოცებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა.

- თქვენ რა, მოხვედით? ძალიან გამაკვირვეთ, - იმავე ტონითა და გამომეტყველებით უპასუხა გიორგიმ.

- ჩაგეშალათ გეგმა, ჩა-გე-შა-ლათ! - დამარცვლა ბოლო სიტყვა ქალმა.

- წამოხვალ ზევით, გიო? - ირაკლიმ მათ პაექრობას ყურადღება არ მიაქცია.

- წადით და მეც ამოვალ.

- მე ანასთან ვიქნები და რომ ამოხვალ, იქ შემოდი, ცოტა ხანი ვილაპარაკოთ. ტელევიზორში პოლონურ გადაცემებს ვუყუროთ და ვინაიდან ჩვენ ენა არ ვიცით, შენ გადაგვითარგმნი.

- მოვილაპარაკეთ, - ხელი აუქნია გიორგიმ, - თავი დამანებეთ, 15 წუთში ამოვალ.

ანამ კარი შეაღო და ხელის ცეცებით ჩამრთველის ძებნა დაიწყო. ირაკლიმ კარი მიხურა, შიგნიდან გადაკეტა, ანას ხელები ზურგს უკან დაუჭირა, სინათლე რომ არ აენთო, მთელი ტანით მიაწვა და ზურგით კედელზე მიაკრო.

ანამ ხელების გათავისუფლება სცადა, მაგრამ რაც მეტს იბრძოდა, მით უფრო ბოჭავდა მამაკაცი და გასაქანს არ აძლევდა. ირაკლი მთელი ძალით უჭერდა ხელებს და ბოლოს ისე მოიქცია მკლავებში, რომ განძრევის საშუალებაც აღარ ჰქონდა. დაიღალა ამდენი ჭიდაობით და მოეშვა.

- კარგი, გამიშვი, მეტკინა, - შეევედრა.

- პირობა მომეცი, რომ შუქს არ აანთებ და გაგიშვებ, - დაჰპირდა მამაკაცი.

- კარგი, არ ავანთებ. ოღონდ გამიშვი.

ირაკლიმ ხელი გაუშვა. ანამ მაჯები მოისრისა და თან ტკივილისგან დაიმანჭა. ირაკლიმ მისი ხელები ხელებში მოიქცია და დაწითლებული ადგილები დაუკოცნა. შემდეგ მოულოდელად ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წავიდა.

ანამ კისერზე შემოაჭდო მკლავები და გაიტრუნა. ქალი საწოლზე ფრთხილად დაუშვა, თვითონაც იქვე ჩამოუჯდა და ბლუზის ღილების გახსნა ქვევიდან დაიწყო.

ანამ თვალები დახუჭა. ცოტა ხანში მამაკაცის ტუჩების შეხება მუცელზე იგრძნო. მის თმაში თითები შეაცურა... ნეტარებისგან კვნესა აღმოხდა. ირაკლი გაახელა მისმა საქციელმა. კოცნა-კოცნით ზევით მიიწევდა... ანას ყველა მოძრაობა და გამოხედვაც კი მორჩილებას გამოხატავდა...

ოთახში ჩამოწოლილი ვნების ვარდისფერი ნისლი კარზე კაკუნმა გაფანტა...

- გიორგი იქნება, - დაიჩურჩულა ანამ.

- ნუ გავაღებთ, - ირაკლიმ ქალს ზემოდან დახედა და ჩურჩულით უთხრა.

- არა, უხერხულია, - ანა იდაყვებს დაეყრდნო და საწოლიდან წამოიწია.

- რა არის უხერხული, წავიდეს და დაიძინოს, - ირაკლი მისი ტუჩების მიწვდენას შეეცადა, მაგრამ ანამ თავი გასწია.

ამასობაში გიორგი არ ცხრებოდა და კარზე ჯიუტად აკაკუნებდა.

ირაკლი წამოდგა და კარის გასაღებად გაემართა. ანამ ტანისამოსი შეისწორა, მისაღებში გავიდა და ტელევიზორი ჩართო. თვიოთონ დივანზე დაეშვა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს მთელი ყურადღებით უყურებდა ფილმს.

- უკაცრავად, ხელი შეგიშალეთ, მგონი, მაგრამ რა ჩემი ბრალია? თვითონ არ დამპატიჟეთ? - თითქოს თავს იმართლებდა გიორგი, მაგრამ მის ხმაში უფრო მეტი ნიშნის მოგება ჩანდა, ვიდრე სინანული.

- ხელი რაში უნდა შეგეშალა, მოდი, დაჯექი, - არ შეიმჩნია ანამ.

ირაკლის კი სახეზე ეწერა, რომ რაღაცით უკმაყოფილო იყო.

გიორგი კარგა ხანს დარჩა მათთან ერთად, მერე ირაკლის მოსვენება არ მისცა, სანამ არ წაიყვანა. წამოდი, დავიძინოთ, ანა დაღლილია, დასვენება აცადეო.

ირაკლი ხმას არ იღებდა, კრიჭაშეკრული იჯდა და ტელევიზორს თვალგაშტერებული უყურებდა. ბოლოს, რომ ვერაფერი გააწყო, ადგა, ანას გამოემშვიდობა და გიორგის დასაკლავი ხბოსავით გაჰყვა. ფეხები უკან რჩებოდა. თუმცა, ამ სიტუაციაში სხვა არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მასპინძელმა ისინი გასასვლელთან მიაცილა და ისე მიხურა კარი, ლამის ირაკლის ფეხი მოაყოლა.

მაშინვე დასაძინებლად დაწვა... ჭერს მიშტრებოდა და თან გიორგიზე ბრაზობდა. ხვდებოდა, რომ მამაკაცმა ეს განგებ გააკეთა, მაგრამ არ იცოდა, რატომ მოიქცა ასე. ეჭვიანობის გამო თუ უბრალოდ, იეშმაკა და იხუმრა.

ირაკლის სუმანოს სურნელი ცხვირში უღიტინებდა. ჰაერი გაჟღენთილი იყო ამ სურნელით. ტანზეც კი ეს ნაცნობი სუნი ჰქონდა შერჩენილი, რომელსაც სახვა ათას სუნში ამოიცნობდა...

საიდანღაც, შორიდან ტელეფონის ხმა მოესმა. მესიჯი იყო. გაახსენდა, რომ წინა დღეს პოლონური ბარათები იყიდეს და ერთმანეთის ტელეფონის ნომრებიც ჩაიწერეს. ჯერ დაეზარა ადგომა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ ახლა ირაკლის მეტი არავინ დაუმესიჯებდა და წამოდგა. ტელეფონი მოძებნა.

"ანა, მაპატიე... გიორგი რომ არა, ახლა ჩემს მკლავებში მოქცეული, ნეტარებისგან მიბნედილი და ვნების ნისლში გახვეული იქნებოდი. თუ ნებას დამრთავ, მოვალ... და იქნება... სურვილი, ტალღებად მოვარდნილი, აჩქარებული სუნთქვა... თავდავიწყების ჩურჩული... ერთმანეთის ტუჩების ძებნა, ჩემი მიძალება და შენი დანებება... სიგიჟე სხეულთა ჰარმონიის და ნეტარებაში სიკვდილი... დაზავება წუთიერი და სიგიჟე ისევ... მოვიდე?"

ანას ერთი სული ჰქონდა, მიეწერა, მოდიო, მაგრამ გაიფიქრა, რომ არ ღირდა ხვალ დილით გიორგის ირონიული მზერისა და გადაკრული სიტყვების მოსმენა და პასუხი არ დაუბრუნა. "ხვალ ვეტყვი, რომ მეძინა და ვერ გავიგონე მესიჯის მოსვლის ხმა", - გაიფიქრა, ბალიშს ჩაეხუტა და თვალები დახუჭა.

GzaPress

დილით კაკუნმა გააღვიძა. ხალათი მოიცვა და კარი ისე გააღო. ეგონა, ირაკლი იქნებოდა, მაგრამ შეცდა. კართან გიორგი იდგა და უღიმოდა.

- შეიძლება? - მიპატიჟებისთვის არც დაუცდია, ისე შეაბიჯა ოთახში, - მიდი, დაუძახე, დროზე ადგეს, გეყოფათ ნებივრობა. 11 საათია უკვე და დაგვაგვიანდება შეხვედრაზე.

- ვის დავუძახო? - ანა მის პირდაპირ ჩამოჯდა.

- ბატონ ირაკლის დაუძახეთ.

- აა, ირაკლის? იქნებ თავენ თვითონ გაგეღვიძებინათ, ბატონო გიორგი...

- ანა, ხუმრობა იქით იყოს და მართლა უნდა ვიჩქაროთ.

- კი, ბატონო, მე ნახევარ საათში მზად ვიქნები, - ბოლო სიტყვები უკვე სააბაზანოდან გამოსძახა ქალმა, - კარზე აკაკუნებენ და გააღე, - დაამატა შემდეგ.

- ვა, ირაკლი, სად იყავი? - გიორგი იმდენად იყო დარწმუნებული, რომ მისი მეგობარი ღამე ანასთან დაბრუნდა, რომ გაოცებისგან პირი დააღო...

- ქვევით ვიყავი ჩასული. მეძებდი?

- ჰო, გიკაკუნე დილით და რომ არ გამაგონე...

- გეგონა, აქ ვიყავი, არა? - გაეცინა იკას, - ჩემს ოთახში მეძინა მთელი ღამე და შენი წყალობით, რომ იცოდე... მაგრამ დილით მე შემოვდივარ აქ, ანა სააბაზანოშია, შენ კი დივანზე წამოწოლილი ტელევიზორს უყურებ. რა ვქნა ახლა, ვიეჭვიანო თუ?

- "თუ", "თუ", - თავი გააქნია გიორგიმ. სისულელეს ნუ ლაპარაკობ.

ვიდრე მამაკაცები საუბრობდნენ, ანა უცებ გამოეწყო და ოთახიდან ყველანი ერთად გავიდნენ.

შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ყველა საჭირო დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ანა უდიდესი ფენოპლასტის ქარხნის მფლობელი გახდა...

- გილოცავ ანა, შენ ახლა დიდი მეწარმე ხარ, - ხელი ჩამოართვა გიორგიმ, როდესაც მანქანაში ჩახდნენ და სასტუმროსკენ აიღეს გეზი.

- ხუმრობ, გიორგი?

- არა, რატომ?

- ასეთ საჩუქრებს ჩემი ქმარი ყოველ დღესასწაულზე ყიდულობდა ჩემთვის.

- უკაცრავად, ქალბატონო ანა, - გაიცინა გიორგიმ.

- ეგ კი არა, მთელი 3 დღე რა უნდა ვაკეთოთ ვარშავაში? დღეს ორშაბათია, ჩვენი რეისი კი ხუთშაბათსაა.

- დავისვენოთ, ქალაქი დავათვალიეროთ, თვალს წყალი დავალევინოთ, გავერთოთ.

- სად მცალია გასართობად? გადავცვლი ბილეთებს და წავიდეთ, რაა... არ მინდა აქ დარჩენა, უამრავი საქმე მაქვს.

- კარგი, ანა, რა დაგემართა, იყავი ჩემთან ერთად, ასეთი შანსი, რომ მთელი დღეები ერთად ვიყოთ, თბილისში ჯერ არ გვაქვს. შენც საქმეებზე დარბიხარ, მეც ვმუშაობ. აქ სულ ერთად ვიქნებით, - მთელი გულით შეეხვეწა ირაკლი.

- არა, უნდა წავიდე. თუ თქვენ დარჩენა გინდათ, დარჩით. მე კი აუცილებლად წავალ.

- მოუთმენელი ხარ და მოუსვენარი. გეფიცები, შენნანირი დაუდეგარი ადამიანი და მითუმეტეს - ქალი თუ მენახოს. სულ სადღაც გარბიხარ, სულ გეჩქარება, სულ საქმე გაქვს...

- დრო ისედაც ცოტა გვაქვს ადამიანებს, ჩვენი სიცოცხლე წამია და ამ მცირე "რეგლამენტს" სასეირნოდ ვერ გამოვიყენებ. მით უმეტეს, რომ ახლა უმრავი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ვარშვის დათვალიერებაა... ამას სხვა დროსაც მოვასწრებ.

- რა ვქნათ, გიორგი? - ირაკლიმ მეგობარს გადახედა.

- მე არსად ვაპირებ წასვლას. ის კი არა და, თუ მომეწონება, კიდევ მეტ ხანსაც დავრჩები. თქვენი კი არ ვიცი. თუ გინდათ, წადით. ანა რომ მიდის, ეგ ფაქტია, მაგას ვეღარ შეაჩერებ...

- დარჩენა თუ გინდა, დარჩი შენც, რა პრობლემაა? - ირაკლის მიმართა, - "ახლა რომ დარჩე და მარტო გამიშვა, ამას არ გაპატიებ, იცოდე", - გულში კი ეს გაიფიქრა.

- შენ როდის აპირებ წასვლას? |

- სასტუმროში რომ მივალთ, გავიგებ როდისაა რეისი, არის თუ არა თავისუფალი ადგილები და წავალ, როგორც კი ამის შესაძლებლობა მექნება.

სასტუმროში გაარკვია, რომ უახლოესი რეისი ღამის 2 საათზე იყო და თავისუფალი ადგილიც მოიძებნა. გადაწყდა, რომ ის იმ ღამით გამოფრინდებოდა თბილისში. ირაკლის კი გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება...

ანა ოთახში ჩანთას ალაგებდა და თან ცდილობდა გამოეცნო, როგორ მოიქცეოდა ირაკლი. გიორგისთანაც უხერხული იყო, რომ ძმაკაცს მარტო დაეტოვებინა და ანასთანაც, მარტო რომ გაეშვა. ყური მათკენ ჰქონდა მიპყრობილი და საუბარს უსმენდა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ირაკლი ანასთან ერთად გაემგზავრებოდა.

ანამ შვებით ამოისუნთქა. გაუხარდა, რომ ირაკლიმ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო...

დილით თვალები რომ გაახილა და საკუთარ ლოგინში იწვა, ძალიან გაუხარდა. თავისი სახლი ყველაფერს ერჩივნა... ადგა და გამოეწყო, მაგრამ გარეთ გასვლის წინ აღმოაჩინა, რომ საქმე არაფერი ჰქონდა... დაფიქრდა... ამაზე ვარშავაში არ უფიქრია, რომ გადაუდებელი საქმე სულაც არ ჰქონდა. წამოსვლა უნდოდა და მორჩა! გული აქეთ მოუწევდა. მიზეზსაც მიხვდა... ანა... პატარა ანა იყო მიზეზი. მერე გაახსენდა, რომ რამაზს მისთვის უნდა დაერეკა და პასუხი ეთქვა... "ამ დილაუთენია ვერ დავურეკავ, შუადღისას კი შევახსენებ, რომ ველოდები მის გადაწყვეტილებას", - გაიფიქრა ანამ და მაინც გავიდა შინიდან. ვერ ისვენებდა. ერთ ადგილზე გაჩერება არ შეეძლო. ახლა ყველაზე უფრო დავითის ნახვა უნდოდა. სამსახურში მიადგა და სთხოვა, რამაზთან დაერეკა და პირობა შეეხსენებინა. დავითმა ნომერი აკრიბა და ანას გულმა ისე დაუწყო ცემა, თითქოს ბუდიდან ამოვარდნას ლამობდა. როგორ უნდოდა, რომ თანხმობა მიეღო. რამაზმა გულისყურით მოუსმინა დავითს და შეთანხმდნენ, რომ 1 საათში მასთან მივიდოდა სამსახურში. ანამ ჯერ წასვლა ამჯობინა, მაგრამ იმ იმედით დარჩა, რომ იქნებ რამაზს ანაც მოეყვანა და გოგონას ნახავდა. თუმცა, ხვდებოდა, რომ ამის ალბათობა ძალზე მცირე იყო, რადგან საქმიან შეხვედრაზე ბავშვს თან არ იახლებდა.

კაბინეტში შემოსულ რამაზს ანა შეეგება და ხელი ჩამოართვა. დავითი გააცნო. რამაზი დაწვრილებით კითხულობდა თითოეულ წვრილმანს და პასუხს დაფიქრების შემდეგ აძლევდა.

ბოლოს, ყველა კითხვა და საინტერესო დეტალი რომ ამოწურა, დაიბარა, პასუხს ხვალ გაგაგებინებთო და წავიდა.

- რა მოითმენს ხვალამდე, - ანა ოთახში ბოლთას სცემდა.

- ნუ ხარ ასეთი მოუსვენარი, უცებ გავა დრო, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რა პრინციპია, რომ რამაზმა მაინცდამაინც აქ იმუშაოს?

- ასე უფრო გამიადვილდება ანასთან დაახლოება. მხოლოდ ეგაა მიზეზი.

- ისე, ურგო კაცი არ ჩანს და შენ ხომ არ დაფიქრდებოდი და შეაბამდი? ცოლად გაჰყვებოდი და საკუთარი შვილის დედა გახდებოდი.

- დედა კი არა, დედინაცვალი... საკუთარი შვილის დედინაცვალი ვიქნებოდი. მე ირაკლი მიყვარს, დავით...

- გასაგებია. ერთხელ მაინც მომაკვრევინა თვალი მაგ კაცისთვის, ასე უცებ რომ მოინადირა შენი გული.

- რა ძნელი მოსანადირებელი მე ვარ? - გაეცინა ანას, - ასე შორიდან ჩანს, თორემ თუ ჩემს სუსტ წერტილს ვინმემ მიაგნო, 2 საათში მომინადირებს. ირაკლი კარგი ადამიანია და იცის, ქალს რა სურს, როგორ შეხედოს, როგორ უთხრას, როგორ მოექცეს, რომ დაიმორჩილოს... გარეგნობაც ხელს უწყობს და მეტი რა უნდა ჩერჩეტ ანას?

- სულაც არ ხარ ჩერჩეტი... ჭკვიანი გოგო ხარ და შენნაირი ბევრი არ დადის, - გააპროტესტა დავითმა.

- ეჰ, დავით... როცა ახალგაზრდა ქალი მარტოა, ხომ იცი, რომ მამაკაცს მისი გადმობირება იოლად შეუძლია. ჭკვიანი ვარ თუ არა, ეგ არავინ იცის. ჭკვიანი ქალები არ უშვებენ ისეთ შეცდომებს, როგორც მე.

- უშეცდომო ვინაა?

- გულს მიკეთებ, არა? - გაიღიმა ანამ და აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა.

ირაკლი რეკავდა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ანა დავითს გამოემშვიდობა და წავიდა.

ანა დილის გათენებას მოუთმენლად ელოდა. როგორც იქნა, მოვიდა ის დრო, როდესაც რამაზს წუთი-წუთზე უნდა დაერეკა დავითთან, მაგრამ მან ანასთან დარეკა და შეხვედრა სთხოვა.

გაგრძელება

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველდღე